საქართველოს კარიტასი მოხალისეობას აღიქვამს როგორც საზოგადოების გაძლიერების ერთ-ერთ ძირითად ბერკეტს. ჩვენთვის მოხალისეობა ნიშნავს ადამიანების მზადყოფნას, იმოქმედონ სხვებისთვის და საზოგადოებრივი სიკეთისთვის თანაგრძნობის, სოლიდარობისა და პასუხისმგებლობის საფუძველზე.
ჩვენი მიზანია შევქმნათ შესაძლებლობა, სადაც მოხალისეები შეიძენენ ახალ ცოდნას, გამოცდილებას, განივითარებენ უნარებს და შეძლებენ პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას საკუთარ თემებში. საქართველოს კარიტასის მოხალისეები ერთვებიან სხვადასხვა სახის აქტივობაში – მათ შორის ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობაში, სოციალური დახმარების პროექტებში, გარემოს დაცვასა და საგანმანათლებლო ინიციატივებში.
ჩვენ ვაწარმოებთ მუდმივ საგანმანათლებლო პროცესს, რომელიც ეხმარება მოხალისეებს გაიღრმავონ ცოდნა, განივითარონ ლიდერული და კომუნიკაციის უნარები და მოემზადონ საზოგადოებაში აქტიური როლის შესასრულებლად.
საქართველოს კარიტასისთვის მნიშვნელოვანია მოხალისეთა მხარდაჭერა და აღიარება – სწორედ ამიტომ ვმუშაობთ მოტივაციის სისტემის, აღიარების ინსტრუმენტებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობების განვითარებაზე.
საქართველოს კარიტასის მოხალისეობის პროგრამაში ყოველწლიურად დაახლოებით 150 მოხალისე ერთვება. ჩვენს პროექტებში მოხალისეობრივად ჩართვის შესაძლებლობა აქვთ როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მოხალისეებს. მოხალისეობით დაინტერესებული პირების მიმდინარე პროექტებში ჩართვა ხდება მათი ინტერესების, სასწავლო საჭიროებების და რა საკვირველია, მოცემულ მომენტში პროექტების საჭიროებების გათვალისწინებით. მოხალისეობის მინიმალური და მაქსიმალური ხანგრძლივობა არ არის განსაზღვრული.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კარიტასი ხელს უწყობს მოხალისეობის კულტურის გაძლიერებას კათოლიკური ეკლესიის სამრევლოებში და მხარს უჭერს სხვადასხვა რესურსებით (სასწავლო რესურსები, ტრენინგები, ფორმაციული შეხვედრები, ინვენტარი).
საქართველოს კარიტასი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო პროგრამებს მოხალისეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. აღსანიშნავია მდგრადი თანამშრომლობა ავსტრიულ ორგანიზაციასთან - Volontariat Bewegt, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად 5 ავსტრიელი მოხალისე ერთვება საქართველოს კარიტასის პროექტებში. ასევე, 2024 წლიდან ვმასპინძლობთ მოხალისეს Peace Corps Response Program ფარგლებში, რომელიც ჩვენი ახალგაზრდული დღის ცენტრის მოსწავლეებს ეხმარება ინგლისური ენის შესწავლაში. 2024 წელს საქართველოს კარიტასმა მოიპოვა ევროპის სოლიდარობის კორპუსის (ESC) აკრედიტაცია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ვუმასპინძლოთ უცხოელ მოხალისეებს ჩვენს პროექტებში და ასევე, ხელი შევუწყოთ ქართველ მოხალისეებს სხვადასხვა ვადით გაემგზავრონ ევროპის ქვეყნებში და მათთვის საინტერესო პროექტებში ჩაერთონ მოხალისეობრივად. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2025 წლის აპრილიდან ვმასპინძლობთ მოხალისეს ნიდერლანდებიდან, რომელიც საქართველოს კარიტასის სოციალური დაცვის პროგრამაში იქნება ჩართული 5 თვის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე პროექტებში ჩართულობის გარდა, საქართველოს კარიტასის მოხალისეებს აქვთ შესაძლებლობა, თავად დაგეგმონ და განახორციელონ სოციალური ინიციატივები კონკრეტულ თემში არსებული პრობლემების საპასუხოდ, ასევე, ხელი შეუწყონ საზოგადოებაში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაციას.
საქართველოს კარიტასი აქტიურად აგრძელებს შესაძლებლობების შექმნას მოხალისეობით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ჩვენ გვჯერა, რომ მოხალისეობა არა მხოლოდ მხარდაჭერის ფორმაა, არამედ გზა პიროვნული ზრდისა და საზოგადოებაში მდგრადი ცვლილებების განხორციელებისთვის.
გახდი მოხალისე! შეავსე განაცხადი!