პროექტის მიზანი: სოციალურად დაუცველი ბავშვების ოჯახების გაძლიერება, მათი ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა და ინსტიტუციებში განთავსების პრევენცია.
დღის ცენტრი 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს სთავაზობს უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში დროის საინტერესო და სასარგებლო გატარების შესაძლებლობას. აქ ისინი მონაწილეობენ როგორც გასართობ, ასევე საგანმანათლებლო აქტივობებში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მათი განათლების მხარდაჭერას — პედაგოგები ეხმარებიან სასკოლო დავალებების შესრულებაში, ხოლო დამატებით უტარდებათ გაკვეთილები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებში, მათემატიკასა და ფიზიკაში.
ბავშვები ასევე ჩართულნი არიან შემოქმედებით და სპორტულ წრეებში, როგორიცაა ცეკვა, სიმღერა, თეატრი და ფეხბურთი. გარდა ამისა, ისინი სწავლობენ თმის სტილისტის პროფესიას. კომპიუტერული უნარ-ჩვევების გასავითარებლად ბავშვები დადიან კარიტასის „კომპიუტერული ტექნოლოგიების ცენტრში“, რაც მომავალში მათ შემოსავლის წყაროდაც შეიძლება იქცეს. 16-18 წლის მოზარდები ეუფლებიან დასაქმებისთვის აუცილებელ პრაქტიკულ უნარებს: სწავლობენ როგორ მოამზადონ რეზიუმე, როგორ წარადგინონ თავი ინტერვიუზე და როგორ მოიძიონ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ.
დამატებით, ბავშვებს მიეწოდებათ სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება. ფსიქოლოგებთან ინდივიდუალური მუშაობის გარდა, ბავშვები ჩართულნი არიან ხელოვნებით თერაპიაში, რომელიც მიეწოდებათ ხატვისა და კერამიკის გაკვეთილების მეშვეობით. ასევე, მათ აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, პერიოდულად დადიან ექსკურსიებზე და მუზეუმებში.
ცენტრში ყოფნისას ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან საუზმით ან/და სადილით, დასწრების საათების შესაბამისად. ბავშვებს ურიგდებათ სეზონური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი.
პარტნიორები: საქართველოს მთავრობა/დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; შეერთებული შტატების კათოლიკე ეპისკოპოსების კონფერენცია (USCCB); კინდერმისსიონსვერკი
მდებარეობა: საქართველო, თბილისი, 0192, თორნიკე ერისთავის ქ. 2დ
