შინმოვლის განვითარება საქართველოში
პროექტის მიზანი: თბილისსა და გორში მცხოვრები მოსახლეობის შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების განვითარება; საექთნო განათლების განვითარების ხელშეწყობა.
პროექტ შინმოვლის ფარგლებში, პროფესიონალი სამედიცინო პერსონალი პაციენტს ბინაზე აწვდის სამედიცინო, სარეაბილიტაციო, ფსიქოლოგიურ და სოციალური მომსახურებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
საქართველოში თანამედროვე შინმოვლის კონცეფცია საქართველოს კარიტასის მიერ ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში იყო წარმოდგენილი.
პროექტის განვითარება და სამედიცინო გუნდის მომზადება გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ჩეხეთისა და რუმინეთის კარიტასების მატერიალური და მეთოდური მხარდაჭერით მოხდა. სერვისების მომსახურება დაფუძნებულია გერმანულ მოდელზე.
ფასიანი მომსახურება
დონორისა და სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ მოსახურებასთან ერთად, რომელიც სოციალურად დაუცველი პირებისთვის ხორციელდება, კარიტასი მოსახლეობას ფასიან მომსახურებასაც სთავაზობს.
დეტალური ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ვებ-გვერდს: www.shinmovla.caritas.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 2 34-76-75
სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრი
2014 წელს, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სასწავლო და საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც ყოველწლიურად 1000-ზე მეტ საექთნო განათლების სტუდენტს, ექთანს და არაფორმალურ მომვლელს ატრენინგებს შინმოვლის, ავადმყოფის მოვლისა და გერიატრიის-გერონტოლოგიის მოდულების მიხედვით;
ასევე, ზრდასრული მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრი მონაწილეობას იღებს პროფესიული მომზადება/გადამზადების სახელმწიფო პროგრამაში.
შინმოვლის სასწავლო მოდული შემუშავებულია ცენტრის ექსპერტების მიერ და დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, როგორც ექთნების საგანმანათლებლო პროგრამების სავალდებულო საგანი.
პარტნიორები: გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო (BMZ), გერმანიის კარიტასი; თბილისის მუნიციპალიტეტი; გორის მუნიციპალიტეტი; კომპანიის ,,JT International Luxembourg S.A’’ სფილიალი საქართველოში; საქართველოს ექთნების ასოციაცია; საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია; პროფესიული განათლების 27 კოლეჯი, საქართველოს ზრუნვის პლატფორმა.
ადგილმდებარეობა: ქურდიანის ქუჩა 3, 0112, თბილისი; ნინოშვილის ქუჩა 89, გორი.
ზრუნვის სახლი
2021 წლის პირველ ნოემბერს გაიხსნა ზრუნვის სახლი და წლის განმავლობაში 20 ბენეფიციარს უმასპინძლა. პროექტი ბენეფიციარებს სთავაზობს მყუდრო და მეგობრულ გარემოს, სადაც მათზე ზრუნავს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გუნდი.
ოჯახის წევრების მხარდაჭერა
პროექტი ბენეფიციარების ოჯახის წევრებს სთავაზობს სასიამოვნო გარემოს ფსიქოემოციური განტვირთვის მიზნით. 2021 წელს აღნიშნული პროგრამით ისარგებლა 16-მა ადამიანმა.