გვანცა ბაქრაძე საქართველოს კარიტასის „წმ. ბარბარეს დედათა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრის“ კოორდინატორია. ცენტრის მიზანია, იზრუნოს სხვადასხვა სოციალური პრობლემის მქონე, განსაკუთრებულად მოწყვლად დედებზე და მათ შვილებზე. სტატიაში გვანცა საუბრობს მარტოხელა დედების პრობლემებზე, რომლის გამოც ისინი ხშირად მიმართავენ ცენტრს დახმარების თხოვნით და მომსახურებაზე, რომელსაც საქართველოს კარიტასი თავის ბენეფიციარებს სთავაზობს.
ეს ისტორია ჩვენს ერთ-ერთ ბენეფიციარს გადახდა თავს:
ძალადობის მსხვერპლი ქალი ორი შვილით, საქართველოს კარიტასის დედათა და ბავშვთა ცენტრში სოციალური სააგენტოს მიერ ჩაირიცხა. გამოკვეთილი იყო ძალადობა დედაზე არასრულწლოვნების თანდასწრებით. დედისთვის მიყენებული ტრავმები იყო ისეთი სიძლიერის, რომ ქალს დიდი ხნით ეტყობოდა სხეულზე დაზიანებები. საგულისხმო შემთხვევა იყო, რადგან ისედაც სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებთაგან ერთი იყო აუტისტური სპექტრის აშლილობით და გარდა სხვა დახმარებებისა სჭირდებოდა განსაკუთრებული დახმარება. ასევე მეორე ბავშვს აღენიშნებოდა მეტყველების განვითარების ჩამორჩენა და ლოგონევროზი. საკმაოდ რთული იყო მათი ფსიქო-ემოციური ფონის დასტაბილურება, რაზეც ძალისხმევა ცენტრის არცერთმა თანამშრომელმა დაიშურა.
საჭიროებების შეფასების დროს გამოიკვეთა პრობლემები, განსაკუთრებით, ბავშვების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. დადებითი ფაქტი იყო ის, რომ დედას ჩამოყალიბებული ჰქონდა ბავშვზე ზრუნვის ყველა საჭირო უნარი. ოჯახს გაეწია ფსიქოლოგიური დახმარება. ბავშვებს დაენიშნათ ხელოვნებით თერაპია, რომელიც გაიარეს საქართველოს კარიტასის ხელოვნებით თერაპიის სტუდიაში. უფროსი ბავშვი, სკოლის მოსწავლე, გადამისამართდა საქართველოს კარიტასის დღის ცენტრში, სხვადასხვა წრეზე, გადიოდა თიხით ძერწვის გაკვეთილებს, რაც ძალიან მოსწონდა და დადებითი გავლენა მოახდინა მასზე. ასევე, ორივე ბავშვს, სოციალური მუშაკის ჩართულობით, დაენიშნათ შშმ პირებისთვის განკუთვნილი ფულადი დახმარება.
დედას კი შევთავაზეთ სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსი და მან შეარჩია სამკურნალო მასაჟი. 6 თვეში ბენეფიციარმა საკმაოდ წარმატებით გაიარა აღნიშნული კურსი და მალევე დასაქმდა. თავის საქმეში მიაღწია წარმატებას. გასვლისას ბენეფიციარს ჰქონდა სამსახური ერთ-ერთ ცნობილ ესთეტიკის ცენტრში. ასევე იღებდა ორივე შვილზე განკუთვნილ დახმარებას (შშმ პირთა დახმარებას). იქირავა ბინა და დღემდე ცხოვრობს დამოუკიდებლად, ზრუნავს შვილებზე. ბავშვების მდგომარეობა არის გაცილებით უკეთესი.
ცენტრში გვაქვს უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული შემთხვევა, რომელთა უმეტესობა საკმაოდ რთული მოსასმენია. მაგრამ, არცერთი შემთხვევაა მოუგვარებელი.
ძირითადად, რა პრობლემების გამო მიმართავენ მარტოხელა დედები მსგავს ცენტრებს?
გამოკვეთილია 3 ძირითადი პრობლემა რის გამოც დედები მიმართავენ ცენტრს:
- ერთ-ერთი მნიშვნელოვან პრობლემატურ კატეგორიას წარმოადგენენ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მარტოხელა დედები, რომელთაც არ აქვთ ბავშვზე სათანადო ზრუნვის შესაძლებლობა: საკვები, საცხოვრებელი სახლი და საბაზისო პირობები. რაც თავისთავად აყენებს ბავშვს მიტოვების რისკის ქვეშ. ამ კატეგორიის ბენეფიციარებს ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზების გამო, არ აქვთ ბავშვზე ზრუნვის და ზოგადი სოციალური უნარები, საჭიროებენ მრავალმხრივ დახმარებას.
- გამოკვეთილია სხვადასხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლი ქალების და შესაბამისად, ძალადობის რისკის ქვეშ, ან ასევე ძალადობის მომსწრე, ან თავად მსხვერპლი ბავშვების პრობლემა. მათ, გარდა პირველადი საჭიროების დაკმაყოფილებისა, ასევე სჭირდებათ რეაბილიტაცია, სხვადასხვა სახის დახმარება, მაგალითად სამართლებრივი, ფსიქოლოგიური და ა.შ.
- პრობლემაა, ბიოლოგიურ ოჯახთან დაპირისპირებაში მყოფი მარტოხელა დედები, რომლებიც საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა სტერეოტიპების გამო მსხვერპლები ხდებიან. ასევე, ისინი შესაძლოა იმყოფებოდნენ ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ. ეს კატეგორია უკავშირდება მაგალითად, ე.წ. არაკანონიერ ქორწინებაში ყოფნისას გაჩენილ ბავშვს, რომლის გამოც ოჯახი განუდგება და განდევნის დედას, ტოვებს მას ყველანაირი დახმარების გარეშე. ან, აცხოვრებს მუდმივი განსჯის და ჩაგვრის პირობებში, მისი ,,ქმედების“ და მიღებული გადაწყვეტილებების გამო. ეს კი დედებს, საბოლოოდ, უბიძგებს ბიოლოგიური ოჯახის დატოვებისკენ. ამ დროს ხდება შესაბამისი სერვისების ძიებაც.
რა მომსახურება/პირობები არსებობს მსგავსი ბენეფიციარების დასახმარებლად?
მსგავსი ბენეფიციარების დასახმარებლად არსებობს სხვადასხვა სახის მომსახურება: ჩვენი ცენტრის მსგავსი რამდენიმე სხვა ცენტრი ან თავშესაფარი, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი (რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ძალადობის მსხვერპლთათვის). ასევე არსებობს სოციალური დახმარება (ფულადი) და შშმ პირების პენსია. მარტოხელა დედისთვის, როგორც ასეთი, არ არსებობს სხვა დახმარება. მარტოხელა დედის სტატუსის ქონის შემთხვევაში, ის, მიეკუთვნება მოწყვლად ჯგუფს და სახელმწიფოსგან დახმარების მოთხოვნის შემთხვევაში მიენიჭება პრიორიტეტი. იგივე ვითარებაშია ნებისმიერი სხვა მოწყვლადი ჯგუფი, მაგალითად მარჩენალ დაკარგული ოჯახი.
როგორ ეხმარება საქართველოს კარიტასი მარტოხელა დედებს და მათ შვილებს?
მარტოხელა დედებისა და მათი შვილების დასახმარებლად, საქართველოს კარიტასმა, 2017 წელს დაარსა „დედათა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრი“, რომელიც ფუნქციონირებს სახელმწიფო პროგრამის „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვთა ზრუნვის" ფარგლებში.
საქართველოს კარიტასი, როგორც ბავშვთა უფლებებზე და ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე, დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაცია, სახელმწიფოს მიერ შერჩეულ იქნა, როგორც სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაცია, რათა გაეწია დახმარება სხვადასხვა პრობლემის მქონე, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და დედებისთვის.
პროექტის ძირითადი მიზანია მოახდინოს ბავშვის მიტოვების პრევენცია, რაც მიიღწევა განსაკუთრებით მოწყვლადი ბავშვების და მათი დედების უსაფრთხო, ოჯახური და მზრუნველ გარემოში განთავსებით და მათი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფით.
ცენტრში განთავსებულია 15 ბენეფიციარი. ბენეფიციარებს ცენტრში რიცხავს სოციალური მომსახურების სააგენტო, ან განსაკუთრებით გადაუდებელ შემთხვევებში შემოჰყავს საპატრულო პოლიციას. ერთი წლის განმავლობაში, ცენტრი უზრუნველყოფს ბენეფიციარებს ოთხჯერადი, სრულფასოვანი კვებით, პირველადი საჭიროების ჰიგიენური ნივთებით და სეზონური სამოსით. გარდა ამისა, ბენეფიციარები იღებენ სამედიცინო დახმარებას, მათ შორის, გადაუდებელ, სტაციონალურ და ამბოულატორიულ სამედიცინო დახმარებას.
ბავშვების და დედების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნავენ ცენტრის პედიატრი, სოციალური მუშაკი, აღმზრდელი და ფსიქოლოგი. ასევე, დედებს ვთავაზობთ არაფორმარული განათლების მიღებას.
როგორ უნდა მოიქცეს მარტოხელა დედა, რომელსაც დახმარება სჭირდება?
მნიშვნელოვანია მარტოხელა დედა არ ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში და დაიწყოს დახმარების ძიება. მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების და სხვადასხვა სოციალურ პროექტებზე მომუშავე ცენტრების შესახებ. ვიანიდან მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება, მითუმეტეს, როდესაც ის ეხება ბავშვს, პირველ რიგში ბავშვის ინტერესებს უნდა პასუხობდეს.
განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ბავშვის მომავალს, დედებს მართებთ მეტი დაფიქრება გადაწვეტლების მიღებამდე. რთულია კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ დედებს რაიმე ვურჩიოთ, თუმცაღა, ჩემი ამ ცენტრში მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, ვისურვებდი, რომ არ იყვნენ ინერტულები. თუნდაც იმ დადებითი არაერთი მაგალითიდან გამომდინარე, ირწმუნონ თავისი შესაძლებლობების, გააქტიურდნენ, გახდნენ დამოუკიდებელნი და, მითუმეტეს, ნუ მიაქცევენ ყურადღბას საზოგადოებაში არსებულ მცდარ შეხედულებებს. ნუ იფიქრებენ, რომ მარტო ქალი ვერფაერს გახდება. მუდმივად იზრუნონ საკუთარი თავის განვითარებაზე. გამოსავალი ყოველთვის არსებობს.
წმ. ბარბარეს დედათა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრის შესახებ სრული ინფორმაციის გასაცნობათ მიჰყევით ბმულს: https://caritas.ge/155--.html