საქართველო სწრაფი დემოგრაფიული ცვლილებების წინაშეა. გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2050 წლისთვის 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 25%-ს მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მოთხოვნას გრძელვადიან ზრუნვასა და სამედიცინო დახმარებაზე. ამჟამად 72000 პაციენტი საჭიროებს შინმოვლის მომსახურებას, თუმცა მხოლოდ მცირე ნაწილია უზრუნველყოფილი აღნიშნული მომსახურებით.
ამ კუთხით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მწვავე გამოწვევების წინაშეა, რაც დაკავშირებულია ექთნების რაოდენობის ნაკლებობასა და მათი კვალიფიკაციის გაუმჯობესების საჭიროებასთან. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, საქართველო ევროპის რეგიონში ყველაზე დაბალ ადგილზეა ექთნების რაოდენობის მიხედვით 10,000 მოსახლეზე. ქვეყანაში საშუალოდ 0.8 ექთანია ერთ ექიმზე, მაშინ როცა WHO-ს რეკომენდაცია 4:1 თანაფარდობას ითვალისწინებს.
საქართველოში საექთნო განათლების რეფორმა მიმდინარეობს ბოლო წლების განმავლობაში, რის შემდგომაც შეიცვალა პროფესიული განათლების პროგრამის მოდულები, მათი მოცულობა და შინაარსი. საექთნო განათლების კრედიტების რაოდენობა გახდა 180, კურსდამთავრებულს ენიჭება უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საექთნო საქმეში, სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს სამ წელს.
საქართველოს კარიტასი, საქართველოს კერძო კოლეჯებსა და საქართველოს ექთნების ასოციაციებთან თანამშრომლობით წლების განმავლობაში მონაწილეობს საექთნო განათლების პროგრამის განვითარებაში, დისკუსიებისა და სამუშაო ჯგუფების ფორმატში.
ასე, 2024 წლის ნოემბერში, საქართველოს კარიტასის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, საექთნო პროგრამის გადახედვასთან დაკავშირებით, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კერძო კოლეჯების და ექთნების ასოციაციების, ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა. სამუშაო ჯგუფის წევრებმა განიხილეს საექთნო განათლების პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი და იმსჯელეს საექთნო განათლების პროგრამის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხებზე, ასევე ისაუბრეს საგანმანათლებლო პროგრამაში შესატან ცვლილებებზე, რაც ხელს შეუწყობს ექთნების კვალიფიკაციის და სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებას. შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი იყო თეორიული და პრაქტიკული მოდულების განაწილება. შეხვედრაზე განისაზღვრა, რომ აუცილებელია კრედიტების პროპორცია უფრო მეტად მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტს, რაც გულისხმობს პრაქტიკული სწავლის დიდი ნაწილის ინტეგრაციას პროგრამაში. ასევე, სამუშაო ჯგუფმა დაიწყო მუშაობა ახალი ჩარჩო დოკუმენტის შექმნაზე, რომელიც წარედგინება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული უნარების სააგენტოს.
2025 წელს განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილი საექთნო განათლების პროგრამის განახლება ხელს შეუწყობს ევროპის განათლების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და ექთნების კვალიფიკაციის ამაღლებას.
სამუშაო შეხვედრა ჩატარდა კერძო კოლეჯების ასოციაციასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის 10 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში.