პროექტის „ერთად ზრდა: მშობლების გაძლიერება ქუთაისში ბავშვების ხანგრძლივი კეთილდღეობისთვის“ მონაწილეებისთვის მოეწყო გასვლითი ექსკურსია ულამაზეს რაჭაში.
დღის განმავლობაში მონაწილეებმა მოინახულეს ნიკორწმინდის ტაძარი, დატკბნენ შაორის თვალწარმტაცი ხედებით, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და სასიამოვნო გარემოში განიტვირთნენ.
განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ერთობლივი პიკნიკი ბუნებაში, სადაც მშობლები, ბავშვები და პროექტის პროფესიული კურსების მსმენელები ერთად ამზადებდნენ საკვებს, უზიარებდნენ ერთმანეთს თბილ ემოციებს და ქმნიდნენ სასიამოვნო მოგონებებს.
დღე მხიარულად დასრულდა სპორტული აქტივობებით, თამაშებით, ცეკვითა და სიმღერით, რომლებშიც ბავშვებიც და მშობლებიც დიდი სიხარულით ჩაერთნენ.
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ოჯახების გაძლიერებას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გაცნობასა და მონაწილეებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას.
დღის ბოლოს მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეს ექსკურსია მათთვის სიხარულის, დასვენებისა და ახალი შთაბეჭდილებების წყარო იყო და სურვილი გამოთქვეს, მსგავსი აქტივობები მომავალშიც გაგრძელდეს.