2025 წლის 11 დეკემბერს, ანიმაციური სტუდია “ვივი მოუშენისა” და საქართველოს კარიტასის თანამშრომლობით, შედგა ახალი ქართული ანიმაციური ფილმის „დაკარგული კრისტალის საიდუმლო“ პრემიერა.
ანიმაციური ფილმი სავსეა თავგადასავლებით, ტექნოლოგიური ხერხებით, გუნდურობითა და ისეთი თემებით, რომლებიც ბავშვებს მეგობრობის, პასუხისმგებლობის და თავდაცვით უნარებს განუვითარებს.
პროექტის მთავარი მიზანია განათლება და გართობა ერთ სივრცეში გააერთიანოს.
ფილმის შექმნაზე მუშაობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს მნიშვნელობას, თემას, რომელიც ბავშვთა უფლებებისა და დაცვის სფეროში ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. სწორედ ამიტომ, პროექტი განხორციელდა საქართველოს კარიტასთან პარტნიორობით.
კარიტასის ინიციატივით, ანიმაციაში ინტეგრირდა პროგრამა „თავდაცვითი ქცევა“ - პრაქტიკული მიდგომა, რომელიც ბავშვებს ასაკზე მორგებულად ასწავლის, როგორ განასხვავონ უსაფრთხო და საფრთხის შემცველი სიტუაციები, როგორ იფიქრონ რისკებზე, მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები და საჭიროების შემთხვევაში დახმარება მოითხოვონ. პროგრამა ემყარება თამაშზე, აქტიურ მონაწილეობასა და მარტივი, გასაგები მაგალითებით სწავლას — სწორედ ამიტომ, მისი გადატანა ანიმაციურ სამყაროში ყველაზე ბუნებრივი ფორმაა.