სითბოს რომ ყველაფრის შეცვლა შეუძლია, ამის დასტური პატარა გიორგია. როდესაც გიორგი კარიტასის საზაფხულო ბანაკში მოხვდა, ყველაზე რთული ქცევით გამოირჩეოდა. აღმზრდელებს ძალიან უჭირდათ მასთან საერთო ენის გამონახვა - მათ “გამოსავალი” კი ბიჭის დამ შესთავაზა: "სცემეთ... სახლში სულ ვცემთ ხოლმე - სხვანაირად არ ესმის".
როგორც მოხალისე იხსენებს, ეს ფრაზა მათთვის გარდამტეხი აღმოჩნდა და მაშინვე მიხვდნენ, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ გიორგისთან:
"ეს იყო მომენტი, როცა მივხვდით, როგორი მძიმე ყოველდღიურობა ჰქონდა გიორგის. მშობლებს არ ჰქონდათ დრო და სურვილი, რომ მის აღზრდაში მონაწილეობა მიეღოთ, ამიტომ მეთოდად მხოლოდ სასჯელს იყენებდნენ. ამის შემდეგ გიორგის სულ სხვა თვალით შევხედეთ. დავიწყეთ მასთან რბილად, მოთმინებით საუბარი.
ბანაკის დასრულებისას, სულ რაღაც ათი დღის შემდეგ, გიორგი სრულიად სხვა ბავშვად იქცა. უფრო თბილი გახდა. უფრო დამჯერი. ეშინოდა, რომ აღმზრდელებს იმედს გაგვიცრუებდა და გვაწყენინებდა.
გიორგი რომ ყოფილიყო ერთადერთი ადამიანი, ვისაც დავეხმარეთ, მხოლოდ მის სევდიან თვალებში გაჩენილი სიყვარულის ნაპერწკლის გამოც კი ღირდა მთელი ეს წლები მოხალისედ მუშაობა".