თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ საზაფხულო სკოლის „არდადეგები მუზეუმში“ ფარგლებში საქართველოს კარიტასის დღის ცენტრ - „მზესუმზირების“ ბენეფიციარებს უმასპინძლა.
შეხვედრების ფარგლებში ბავშვები ჩაერთნენ შემდეგ პროგრამებში:
- „ტფილისური ფოტოსალონები“
- „ფოლკლორის სამყარო“
- „წერე დღიური“
- „მოდა თუ სტილი“
- „დედამიწა ჩვენი სახლია“
- „თოჯინების ისტორია“
პროგრამების ფარგლებში ჩვენმა ცნობისმოყვარე ბავშვებმა მრავალი ახალი, საინტერესო ინფორმაცია მიიღეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის კამერა ობსკურა, როგორ იწერებოდა სიმღერები ფონოგრაფზე, როგორ წერენ ადამიანები დღიურებს, რატომ გაჩნდა კონკრეტული ტანსაცმლის ტიპები, როგორ გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები ჭკვიანურად, როგორ შეიქმნა სხვადასხვა ტიპის თოჯინები და ა.შ.
6 სასიამოვნო და ინფორმატული დღის დასასრულს, ყველა მონაწილეს მიეცა შანსი, რომ შეჯამებინა მიღებული ინფორმაცია და გაეზიარებინა საკუთარი ემოციები განვლილ დღეებთან დაკავშირებით. საბოლოოდ კი ყველა ჩართულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
საქართველოს კარიტასში დიდი ყურადღება ექცევა ბავშვების განათლებას, მათ ინტეგრირებას სოციუმში საზოგადოების სრულფასოვან წევრებად. ყოველი ასეთი ინიციატივა უზომო სიხარულითა და მადლიერებით გვავსებს, ვინაიდან გვჯერა, რომ სწორედ ეს არის გზა ბედნიერი, ნათელი მომავლისკენ.
მადლობას ვუხდით თბილისის მუზეუმების გაერთიანებას.