კლასის მართვა სწავლების მნიშვნელოვანი ასპექტია, ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა მასწავლებელს საშუალებას აძლევს შექმნას მოსწავლეებზე ორიენტირებული, პროდუქტიული გარემო, სადაც ყოველი მოსწავლის საჭიროება თუ მოთხოვნილებაა გათვალისწინებული და დაკმაყოფილებული, რაც მნიშვნელოვნად აისახება მოსწავლის განვითარებაზე, მის ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებაზე. კლასის ეფექტურ მართვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. როდესაც მოსწავლეების ქცევას კონკრეტული წესები არ აწესრიგებს, მასწავლებელს დიდი ძალისხმევის გაღება უწევს მშვიდი, მოწესრიგებული სასწავლო გარემოს შესანარჩუნებლად, რაც უარყოფითად აისახება საკლასო კლიმატზე, სწავლების ეფექტურობასა და მოსწავლეების უსაფრთხოებაზე.
კლასის მართვის ყველაზე ეფექტური სტრატეგია საკლასო წესებისა და პროცედურების შემუშავება და დანერგვაა. წესებისა და პროცედურების არსებობა გულისხმობს მოლოდინებსა და სტანდარტებს, რომლებიც მოსწავლეებისგან სასურველი ქცევის შესრულების ალბათობას განსაზღვრავს. წესი ზოგად მოლოდინს წარმოადგენს, ხოლო პროცედურა აკავშირებს მას კონკრეტულ ქცევასთან. წესებისა და პროცედურების არსებობა მიზანზე ორიენტირებული, მოწესრიგებული გარემოს შექმნას უწყობს ხელს.
ყოველდღიურ ცხოვრებაში წესები განსაზღვრავენ ჩვენს მოქმედებებს, ისინი აყალიბებენ მისაღებ თუ მიუღებელ სოციალურ ნორმებს, რაც განსაზღვრავს ჩვენს ქცევას და კომუნიკაციას სხვა ადამიანებთან. შეიძლება ითქვას, რომ წესების არსებობა ქმნის მოწესრიგებულ, სტრუქტურირებულ გარემოს. როგორც ყოველდღიურ, ასევე, სასწავლო გარემოში, წესების არსებობა მნიშვნელოვანია შეთანხმებული, პროგნოზირებად გარემოს შესაქმნელად, რომელიც ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული ბავშვისთვის. წესებისა და პროცედურების არსებობა შესაძლებლობას გვაძლევს გვქონდეს წინასწარ განსაზღვრული ჩარჩო რა მოლოდინები გვაქვს მოსწავლისგან და ასევე, რას ვთავაზობთ ან რა მოთხოვნებს ვუწესებთ მათ. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს დავეხმაროთ იმის გააზრებაში რომ პასუხისმგებლობები და მოვალეობები ორმხრივია და არა მხოლოდ სკოლას და სკოლაში მომუშავე პერსონალს, არამედ მათაც აქვთ მათი შესრულების მოვალეობები.
წესებისა და პროცედურების არსებობა განსაზღვრავს, იმას თუ როგორ იქცევა მოსწავლე საკლასო გარემოში, მოსწავლეებს უნერგავს პატივისცემასა და პასუხისმგებლობას სხვა ადამიანების მიმართ, უზრუნველყოფს საგაკვეთილო პროცესის მშვიდად წარმართვას და სწავლა-სწავლებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას. მაგალითისთვის, მნიშვნელოვანია მოსწავლემ იცოდეს, როდის არის შესაძლებელი კლასში თავისუფლად გადაადგილება, კლასიდან გასვლა, თანატოლებისთვის და მასწავლებლებისთვის აზრის გაზიარება და სხვა.
პირველ რიგში, წესებისა და პროცედურების შემუშავების პროცესში, გასათვალისწინებელია, რა ასაკის მოსწავლეებთან გვაქვს ურთიერთობა. მოსწავლეების საჭიროებებისა და კლასის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა კლასში განსხვავებული წესები და პროცედურები შეიძლება არსებობდეს, მნიშვნელოვანია, მათი იდენტიფიცირება და შესაბამისად მათი მორგება კლასზე. რეკომენდირებულია, მოსწავლეების ჩართულობის უზრუნველყოფა ამ პროცესში, წესების განხილვა და დაგეგმვა მათი მონაწილეობით გაზრდის მათ პასუხისმგებლობას და შესაძლებლობას მისცემს თავად გაიაზრონ რამდენად მნიშვნელოვანია მათი არსებობა სასწავლო პროცესის წარმართვისთვის.
წესებისა და პროცედურების არსებობა განაპირობებს სოციალური ნორმების მიღებას, მოსწავლეებში პასუხისმგებლობის , სხვა ადამიანების პატივისცემის, მოსმენის და მიმღებლობის უნარების გაზრდას. ეფექტური წესების შემუშავების რამდენიმე გზა არსებობს:
- უმჯობესია, წესები იყოს მოკლე და კონკრეტული, თითოეული მოსწავლისთვის მარტივ, გასაგებ ენაზე შედგენილი.
- ჩამოაყალიბეთ წესები პოზიტიური ფორმით. მაგალითად: ,,არ იყვიროთ კლასში“ შეგიძლიათ შეცვალოთ ,,მშვიდად ვისაუბროთ კლასში“.
- პერიოდულად გადაამოწმეთ რამდენად მუშაობს თქვენს მიერ შედგენილი წესები. იმ შემთხვევაში, თუ წესები არ მოქმედებს, შეცვალეთ ისინი.
- არ გამოიყენოთ ხუთზე მეტი წესი
- შექმენით წესები, რომლებსაც ექნებათ გარკვეული მნიშვნელობა.
წესების შემუშავების შემდგომ საყურადღებოა მათი შენარჩუნების უზრუნველყოფა. მასწავლებელი პასუხისმგებელია, იმაზე რომ შეახსენოს მოსწავლეებს წესების არსებობა, უმჯობესია, გაკვეთილის დაწყებამდე. აუცილებელია, მოსწავლეებს ქონდეთ წვდომა წესებთან, ამიტომ ისინი გამოკრული უნდა იყოს საკლასო ოთახში, თვალსაჩინო ადგილას, შესაძლებელია, სიმბოლოების გამოყენება საილუსტრაციოდ, რათა მოსწავლეებმა მარტივად შეძლონ მათი დამახსოვრება.
საკლასო წესების მაგალითები:
- პატივი ეცით სხვა ადამიანებს
- მოუსმინე, როდესაც სხვები საუბრობენ
- ითხოვე დახმარება, როდესაც გჭირდება
- მიჰყევი მითითებებს
- პატივი ეცი სხვების საკუთრებას
- აიწიე ხელი, სანამ ადგილიდან ადგები.
- იზრუნე შენი და სხვების უსაფრთხოებაზე.
- მოუსმინე ყურადღებით.
კონკრეტული წესებისა და პროცედურების შემუშავების შემდეგ, მნიშვნელოვანია მასწავლებელმა გამოიყენოს განმამტკიცებელი, რომელიც თანმიმდევრულად უნდა მოსდევდეს შესაბამისი ქცევის გამოვლენას, რათა შენარჩუნდეს სასურველი ქცევა. ასევე, გასათვალისწინებელია რომ მოსწავლეები ყოველთვის არ იცავენ წესებს და ხშირად არღვევენ მათ, რაც აუცილებლად მოითხოვს მასწავლებლის ყურადღებას და შესაბამის რეაგირებას.
დისციპლინა
დისციპლინა და მასთან დაკავშირებული საკითხები ყველა მასწავლებელს აღელვებს. სწავლა-სწავლება კომპლექსური პროცესია, სადაც უამრავი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს დისციპლინა, რომელიც პირდაპირ აისახება სასწავლო პროცესზე. ხშირად მასწავლებლებს საგაკვეთილო დროის უმეტესი ნაწილის დახარჯვა დისციპლინის დარღვევის შემთხვევებზე უწევთ, რაც სწავლისა და მიღებული ცოდნის ხარისხზე უარყოფითად აისახება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია იმ გზების მოძიება, რომელიც მასწავლებელს დაეხმარება ეფექტურად წარმართოს სასწავლო პროცესი.
დისციპლინა განისაზღვრება თუ რა სურთ მასწავლებელს, როგორი ქცევის გამოვლენას ელოდებიან მოსწავლეებისგან. ძირითადი მიდგომები, რომლებსაც მასწავლებლები დისციპლინის დასამყარებლად იყენებენ, შეგვიძლია ორ კატეგორიაში გავაერთიანოთ: 1) მასწავლებლები ეუბნებიან მოსწავლეებს რა უნდა გააკეთონ და რა არ უნდა გააკეთონ, მაგალითად, გაუფრთხილდნენ სხვებს და იყვნენ მოწესრიგებულნი, შეასრულონ საშინაო დავალება, არ გავიდნენ კლასიდან, გაკვეთილის დასრულებამდე და ა.შ. 2) მასწავლებლები იყენებენ დასჯას, მაშინ როდესაც მოსწავლეები ცუდად იქცევიან, მაგალითად სიტყვიერ სასჯელს/საყვედურს, ან აძლევენ დამატებით დავალებას. ეს მიდგომა შეიძლება ჩავთვალოთ, როგორც იძულებითი სასჯელი. ამის საპირისპიროდ, თანამედროვე მიდგომის მიხედვით, კლასში სასურველი ქცევის გამოვლენის ხელშეწყობისა და განმტკიცებისთვის საუკეთესო გზაა კომუნიკაცია, თანმიმდევრული გარემოს შექმნა და მასწავლებლის მხრიდან გამოვლენილი მხარდაჭერა. ეს მიდგომა დაფუძნებულია პოზიტიური გავლენის მნიშვნელობაზე მოსწავლის სასურველი ქცევის გამოვლენისთვის. ის მოიცავს სამ ძირითად სტრატეგიას:
- მუდმივად აკონტროლეთ გარემო, რომლებშიც მოსწავლეებს უწევთ ფუნქციონირება, შეამცირეთ არასასურველი ქცევის გამოვლენის ხელშემწყობი პირობები.
- ასწავლეთ მოსწავლეებს შესაბამისი ქცევის ნორმები, ეტიკეტები. მხარი დაუჭირეთ და წაახალისეთ შესაბამისი ქცევა.
- მნიშვნელოვანია, სწორი ინტერვენცია არასასურველი ქცევის გამოვლენისას. ჩაანაცვლეთ არასასურველი ქცევა ალტერნატიული, მისაღები ქცევით.
ამ ტაქტიკების გამოყენება ეხმარება მოსწავლეებს თვითდისციპლინის შეძენაში, მასწავლებელს კი კონტროლის შენარჩუნებაში და მშვიდი გარემოს შექმნაში. მეტიც, მასწავლებლის გავლენა პოზიტიური მიმართულებით იცვლება, ის აღარ არის შემგონებლის ან დამსჯელის როლში, მოსწავლეებთან კომუნიკაცია მარტივდება და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ხდება, სადაც ორივე მხარემ იცის რა არის მათი უფლება და მოვალეობა. აქედან გამომდინარე, გამოიყოფა დისციპლინის სამი ძირითადი მიზანი:
- დისციპლინის დამყარებით უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაა შესაძლებელი, რაც დაკავშირებულია მაღალი ხარისხის სწავლა-სწავლებასთან, მოსწავლეების მაღალ ჩართულობასა და უსაფრთხოებასთან. ამ მიზნიდან გამომდინარე, გასათვალისწინებელია, შემდეგი რეკომენდაციები:
- მასწავლებელი უნდა იყოს კლასის ხელმძღვანელი, ლიდერი, რომელიც მართავს კლასს
- გასათვალისწინებელია, სწავლების მორგება მოსწავლეების საჭიროებებზე, მათი უნარებისა და შესაძლებლობების შესაბამისად.
- მასწავლებელმა ასწავლოს მოსწავლეებს კლასის წესები და პროცედურები, ცნობიერების ამაღლება წესების მნიშვნელობის შესახებ.
- მოსწავლეებს შორის პოზიტიური/ეფექტური კომუნიკაციის წახალისება.
- დამხმარე ინსტრუქციების, მასალის მიწოდება სოციალური ნორმებისა და მისაღები ქცევების შესახებ.
- მათი მუშაობის, კლასში აქტიურობისა და მიღწევების აქტიური აღნიშვნა, შეფასება.
- არასასურველი ქცევის იდენტიფიცირება, მიზეზების ამოცნობა და პრევენცია.
- მათი ღირსებისა და ინდივიდუალურობის პატივისცემა.
- დისციპლინა აყალიბებს ცივილიზებულ ურთიერთობებს და პასუხისმგებლობის გრძნობას მოსწავლეებში.
- ასწავლეთ ქცევის ეთიკური ნორმები, პატივისცემა და თავაზიანობა სხვა ადამიანების მიმართ.
- ბულინგის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, ეთნიკური და სოციალური სტერეოტიპების აღმოფხვრა.
- მოდელირების გზით ასწავლეთ ქცევები, რომლებსაც მოსწავლეებისგან ელით.
- დისციპლინა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს განავითარონ პირადი პასუხისმგებლობის გრძნობა და ჩამოიყალიბონ თვითკონტროლი.
- ასწავლეთ როგორ გაუმკლავდნენ და იმოქმედონ რეალურ ცხოვრებისეულ პრობლემებთან დაკავშირებით.
- მიეცით თავისუფალი არჩევანის საშუალება, რათა თავად აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე.
- მათთან ერთად იმსჯელეთ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსალოდნელი შედეგებზე და მათთან გამკლავების გზებზე.
დღის რუტინა
მასწავლებლების უმრავლესობას აწუხებს კითხვა როგორ შექმნან მოწესრიგებული, მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო, სადაც ყოველი მოსწავლის შესაძლებლობა იქნება რეალიზებული და მათი უსაფრთხოება დაცული. ბავშვები თავს მშვიდად გრძნობენ მოწესრიგებულ, სტრუქტურირებულ გარემოში, სადაც მათ აქვთ გარკვეული მოლოდინები, როგორ წარიმართება პროცესი. წინასწარი ცოდნა, დღის რუტინის არსებობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საკლასო პროცესის ეფექტურ წარმართვას. დღის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი სასწავლო დღის დასაწყისია, სწორედ დღის დასაწყისზეა დამოკიდებული როგორ წარიმართება დანარჩენი პერიოდი, ამიტომ საგულისხმოა, რომ შეიმუშავოთ გარკვეული რუტინა, რომელიც დაგეხმარებათ სასწავლო დღის ნაყოფიერად დაწყებაში და შემდგომი პროცესის წარმართვაში. დღის დასაწყისში მოსწავლეებს უნდა შევახსენოთ:
- მოაწესრიგონ ნივთები, რომლებიც სჭირდებათ გაკვეთილებისთვის
- შეიქმნან განწყობა მუშაობისთვის
- დაიწყონ მუშაობა.
სტრატეგიები, რომლებიც დაგეხმარებათ დღის რუტინის შექმნაში:
- დახვდით სტუდენტებს საკლასო ოთახში, შეხვდით კართან- ეს არის კარგი შანსი იმისთვის, რომ მათ იგრძნონ თავი კლასის წევრად, იცოდნენ რომ მათი ყოფნა მნიშვნელოვანია და აფასებთ მათ.
- დაფაზე ჩამოწერეთ, დღის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები.
- არ დაიწყოთ დღე ქცევის შეფასებით
- აღნიშნეთ დასწრება.
დღის რუტინის შექმნისას ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მაგალითად, მოსწავლეების ასაკი, შესაძლებლობები, კლასის საჭიროებები, სკოლის ზოგადი პოლიტიკა და პროცედურები. რუტინის შესაქმნელად აქტივობები შეიძლება დავყოთ სამ მიმართულებად:
1) განსაზღვრეთ პროცედურები, რომლებსაც მოსწავლეები დღის განმავლობაში შეასრულებენ;
2) დაყავით პროცედურები სამ ძირითად დავალებად:
3) განსაზღვრეთ მოსალოდნელი ქცევები, რომელსაც თითოეული პროცედურის შესრულება უზრუნველყოფს. მაგალითად:
- მოამზადეთ სასწავლო მასალა
- შეასრულეთ საკლასო აქტივობა
- ისაუბრეთ მშვიდად.
- პატივი ეცით სხვების აზრსს.
საკლასო რუტინისა და წესების გამოყენება დაგეხმარებათ შეამციროთ არასასურველი ქცევის ალბათობა, ნაკლები დრო დახარჯოთ ინსტრუქციების გაცემაში, რადგანაც მოსწავლეებს უკვე აქვთ გარკვეული ქცევის წესები, რომლებსაც მიყვებიან ყოველდღიურად. რუტინისა და წესების არსებობა ქმნის გარემოს, სადაც სწავლა-სწავლების პროცესი მეტად პროდუქტიული და ეფექტურია.