2023 წლის 7 ივლისს, მცხეთის მერიაში, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ორგანიზებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგეობების სოციალური სამსახურების თანამშრომლებისთვის შინმოვლის მუნიციპალური პროგრამების ორგანიზებისა და მართვის საკითხებზე სემინარი გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების წარმომადგენლები. სემინარის მონაწილეთათვის გაცემული რეკომენდაციები შინმოვლის სერვისის დაგეგმვის, ადმინისტრირებისა და მართვის საკითხებზე, ხელს შეუწყობს მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში შინმოვლის სერვისის მიწოდების შემდგომ განვითარებას.
სემინარი კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და მონაწილეები დისკუსიაში აქტიურად იყვნენ ჩართულები.
მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და თბილისის რეგიონებში.
თბილისში შინმოვლის მომსახურება მოსახლეობას 1994 წლიდან მიეწოდება. თბილისის გარდა, საქართველოს კარიტასის შინმოვლის პროექტები ხორციელდება ახალციხეში, გორში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში. ამ პროექტების ძირითადი მიზანია მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა. საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის პროფესიონალი მულტიდისციპლინარული გუნდი სამედიცინო და სოციალურ მომსახურებას უწევს სოფლად და ქალაქად მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ყველა ასაკის ადამიანს, ვისაც ავადმყოფობისა ან ტრავმის შედეგად შეზღუდული აქვთ საკუთარი თავის მოვლის უნარი. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში მოქმედებს ფასიანი მომსახურება.
საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის აღწერის დროს აღრიცხულია 185000 ადამიანი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამოკიდებულია გარეშე დახმარებაზე და საჭიროებს შინმოვლას. მსგავსი სემინარების ჩატარება ხელს უწყობს სახელმწფო შინმოვლის პროგრამის განვითარებას, რასაც საქართველოს კარიტასი მრავალი წლის განმავლობაში ლობირებდა.
შინმოვლის მომსახურების მიწოდებასთან ერთად, საქართველოს კარიტასი ხელს უწყობს ამ სფეროსთვის საჭირო კადრების მომზადებას, საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების განვითარებას შინმოვლის მუნიციპალური პროგრამების დაგეგმარების და ადმინისტრირების საკითხებში.