საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის პროექტ „შინმოვლის განვითარება საქართველოშის” ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს და გერმანიის კარიტასის ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთში გაცნობითი სასწავლო ვიზიტი გაიმართა.
ვიზიტის მიზანი ჩეხეთში არსებული ზრუნვის სისტემის გამოცდილების გაზიარება, ასევე ზრუნვის სფეროში ჩართული პერსონალის მომზადების სისტემის გაცნობა იყო.
საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად, ჩეხეთში სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. სასწავლო ვიზიტში მონაწილეობა მიიღო: დავით გუბელიძემ – ქ. თბილისის მუნციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსმა, მზია ჯოხიძემ – ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს რეგულირების სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა და ვახტანგ მაზმიშვილმა – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა.
ვიზიტის მასპინძელი და ორგანიზატორი იყო ჩეხეთის კარიტასი. ვიზიტის დროს შეხვედრები გაიმართა: ქ. პრაღის მერიაში; ჩეხეთის სოციალურ საქმეთა სამინისტრში; ქ. პრაღის კარიტასის ცენტრალურ ოფისში; ქ. ბრნოს სოციალური მომსახურებების დღის ცენტრებში, უსახლკაროთა თავშესაფრებში, ბინაზე სამედიცინო და მოვლის სამსახურებში.
ვიზიტის დროს, მონაწილეები გაეცნენ ჩეხეთში არსებულ სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვის სერვისებს, დაფინანსების წყაროებსა და ქვეყანაში არსებულ რეგულაციებს. განსაკუთრებით საიტერესო იყო პარტნიორი ორგანიზაციის, შინმოვლის სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება და სამთავროვო სტრუქტურის წარმომადგენლებთან ერთად არსებული სერვისის გაუმჯობესების საკითხების განხილვა.
ჩეხეთის კარიტასი არის სოციალური და ჯანდაცვის სერვისების უმსხვილესი მიმწოდებელი ქვეყანაში. ჩეხეთში შინმოვლის პაციენტების ერთი მესამედი დაფარულია სწორედ კარიტასის მომსახურებით. ჩეხეთის კარიტასი ლობირებს თანაბარი ანაზღაურებით უზრუნველყოფას მედდებისთვის ზრუნვისა და საავადმყოფოების სექტორში და მთავრობის სახსრების გამოყოფას მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური მომსახურებისთვის.