ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის სამედიცინო გუნდმა პროექტის „გერიატრიული პაციენტების ბინაზე მოვლის ინტერდისციპლინარული მიდგომა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანული აკადემიური გაცვლით პროგრამების (DAAD) მხარდაჭერით, „ჭრილობების მართვის“ ტრენინგი 2018-2019 წლებში გაიარეს. ტრენინგს ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ჭრილობების მართვის სპეციალისტები უძღვებოდნენ.
აღნიშნული პროექტი საქართველოში გერმანიის ქ. ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის, წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტისა და საქართველოს კარიტასის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მთავარი მიზანი, საექთნო განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით მულტიპლიკატორების მომზადებაა.
პროექტი საქართველოში 2018-2021 წლებში ხორციელდება, რომელშიც ჩართულნი არიან ზრუნვის სექტორში დასაქმებული პირები. სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება ეძლევათ, ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ჭრილობების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, კინესთეტიკა, ინტერდისციპლინარული მუშაობა, გერიატრია და გერონტოლოგია.
„2019 წლის სექტემბრის ბოლო კვირაში ჩატარებული სემინარით დასრულდა პროექტის ერთი ფაზა, რომელიც დაკავშირებული იყო ქრონიკული ჭრილობების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებთან. სხვადასხვა ორგანიზაციის სამედიცინო პერსონალმა საქართველოს კარიტასის გუნდთან ერთად, კურსი წარმატებით დაასრულა და შესაბამისი სერტიფიკატიც მიიღო“ – განაცხადა საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერმა, ბატონმა გაიოზ ყუბანეიშვილმა.
ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის პრორექტორმა კორნელია კრიხელდორფმა განმარტა პროექტის არსი და დაასახელა მიმდინარე სასწავლო მოდულები: „ჭრილობების მკურნალობა არის 4 წლიანი პროგრამის ერთ-ერთი სასწავლო მოდული. პარალელურად სხვა მოდულების სწავლებაც მიმდინაორებს. ამ პროგრამის ფარგლებში არსებულ ოთხივე სასწავლო კურსს აქვს, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის მიღების კომპონენტი“.
ჭრილობების მკურნალობის ექსპერტის ჰაუკე შუმანის თქმით, ტრენინგის კურსდამთავრებულებს უკვე აქვთ შესაბამისი კომპეტენცია და უნარები შექმნან სასწავლო მოდულები და გერმანელი ექსპერტებისგან მიღებული ცოდნა სხვებს გაუზიარონ: „ეს არის ტრენერთა გადამზადების ტრენინგი, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ სასწავლო პროგრამის წევრები თავად გახდებიან ტრენერები და საკუთარი ცოდნას ჭრილობების მართვის შესახებ გაუზიარებენ კოლეგებს“.
ტრენინგის დროს, მონაწილეებმა პრაქტიკული დავალებების საშუალებით შეისწავლეს ახალი უნარ-ჩვევები, რომლებსაც აქტიურად გამოიყენებენ საკუთარ მუშაობაში.
ნელი ვართანოვა, ტრენინგის მონაწილე – „ამ ტრენინგმა შემაცვლევინა აზრი ქრონიკული ჭრილობების მკურნალობის თაობაზე. ჩვენ ვიყავით მიჩვეულები, რომ ექთნები უბრალოდ ასრულებდნენ ექიმის დირექტივებს. ახლა კი დავინახეთ სრულიად სხვა მიდგომა, ჩავედით საკითხის სიღრმეებში და გავაანალიზეთ, რომ ექთნებსაც შეგვიძლია ჭრილობის ეფექტური მართვა“.
საექთნო განათლების ხელშეწყობის კუთხით საქართველოს კაირტასი კვლავაც განაგრძობს მუშაობას. მაღალკვალიფიცური სამედინო პერსონალის არებობა მოსახლეობისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდების გარანტია.