საქართველოში დემოგრაფიული პრობლემებიდან ერთ-ერთ მწვავე პრობლემად გვესახება მოსახლეობის დაბერების სწრაფი ტემპი. ხანდაზმული ადამიანები წარმოადგენენ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ძირითადად დამოკიდებულია გარეშე დახმარებაზე. 2014 წლის საქართველოს მოსახლეობის აღწერის დროს აღრიცხულია ასეთი 185000 ადამიანი, რომელთაც ინსტიტუციურ მოვლასთან ერთად ესაჭიროებათ სპეციალურ დაწესებულებაში გრძელვადიანი მკურნალობა.
სწორედ ამიტომ, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ეგიდით 2021 წლის 1 ნოემბერს თბილისში, გრიგოლ აფშინაშვილის #3-ში გაიხსნა ზრუნვის სახლი, სადაც განთავსდებიან გარეშე დახმარებაზე დამოკიდებული შინმოვლის ბენეფიციარები.
ზრუნვის სახლის გახსნა უკავშირდება საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მიმდინარე პროექტს, „შინმოვლის განვითარება საქართველოში 2021-2023“-ს, რომლის ფარგლებშიც, შინმოვლასთან დაკავშირებულ სხვა ამოცანებთან ერთად, მიზნად დასახულია ზრუნვის ინტენსიური მომსახურების განვითარება. ზრუნვის სახლი, როგორც შინმოვლის პროექტის კომპონენტი, ხელს შეუწყობს ინსტიტუციური მოვლის მომსახურების განვითარებას.
ზრუნვის სახლი წარმოადგენს იმ სივრცეს, სადაც საქართველოს კარიტასი საკუთარ ბენეფიციარებს სთავაზობს მყუდრო და მეგობრულ გარემოს, ხოლო შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, სამედიცინო პერსონალი იზრუნებს მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. გახსნის პირველივე დღეს თავის ბენეფიციარებს უმასპინძლა ზრუნვის სახლმა, სადაც მათ დახვდათ ზრუნვის სახლის კოორდინატორი, მზარეული და ზრუნვის სპეციალისტები.