საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასს 25 წელი შეუსრულდა. სწორედ 25 წელია, რაც ორგანიზაცია ქვეყანაში ქველმოქმედებას ეწევა და მრავალ წარმატებულ სოციალურ პროექტს ახორციელებს. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, საქველმოქმედო ფონდმა 4 ნოემბერს, საგამოფენო სივრცე „ექსპო ჯორჯიაში“ საზეიმო ღონისძიება გამართა და იუბილე ყველა მის მეგობართან, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან, კათოლიკური და მართმადიდებელი ეკლესიის, სახელმწიფო სტრუქტურის, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებთან, ბენეფიციარებთან, თანამშრომლებსა და მოხალისეებთან ერთად აღნიშნა.
ღონისძიების მთავარი მიზანი საქართველოში კარიტასის 25 წლიანი საქმიანობის გახსენება და შედეგების წარდგენა გახლდათ. საიუბილეო ღონისძიებაზე ორგანიზებული იყო 25 წლის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოფენა. ასევე, საგამოფენო სივრცეში განთავსებული იყო საქართველოს კარიტასის სხვადასხვა პროგრამის სტენდები, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ პროგრამების საქმიანობას, ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ სოციალურ კამპანიებსა და ბავშვების ხელით დამზადებულ ნივთებს.
საიუბილეო ღონისძიებას საქართველოს კარიტასის დირექტორი, ქ-ნ ანაჰით მხოიანი, უძღვებოდა, მან დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს კარიტასის მხარდამჭერებს და ისაუბრა საქველმოქმედო ორგანიზაციის ღვაწლზე: “დღეს თოთოეული ჩვენთაგანისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან კარიტასი თითოეული ჩვენთაგანია. კარიტასი არ იარსებებდა, რომ არა შემართება და შრომისმოყვარეობა იმ ადამიანებისა, ვისაც კარიტასი უყვარს.”
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით საქართველოს კარიტასის დამფუძნებელი ასამბლეის წევრები ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო და არქიეპისკოპოსი რაფაელ მინასიანი გამოვიდნენ, მათ ორგანიზაციის მისიასა და ისტორიაზე ისაუბრეს. ასევე, მათ დამსწრე საზოგადოებას გადასცეს საქართველოს კარიტასის პრეზიდენტის – ქორეპისკოპოსი ბენი ბეთ იადეგარის მოკითხვა, რომელმაც გარკვეული გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო ვერ შესძლო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. საქართველოს კარიტასს 25 წლის იუბილე სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელმა, ქ-ნ თამილა ბარკალაიამ, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა – მამა გურამ ოთხოზორიამ და „კარიტას ევროპას“ გენერალურმა მდივანმა ქ-ნ მარია ნიმარმა მიულოცეს. მილოცვებს ასევე შეუერთდა ვატიკანის ელჩი საქართველოში – მისი აღმატებულება ჟოზე აველინო ბეტანკური. მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება კარიტასის როლზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში: ,,ქველმოქმედება აერთიანებს გულებს, სულებს, ადამიანის მთელ არსებას. „კარიტასი“ ხომ ფილანთროპიული დაწესებულება არაა – ის გაცილებით მეტია!’’
ღონისძიების ამაღელვებელი ნაწილი საქართველოს კარიტასის პირველი დირექტორის – მამა ვიტოლდ შულჩინსკის, თანამშრომლებისა და მოხალისეების გამოსვლა იყო. მათ საქველმოქმედო ფონდის პირველი ნაბიჯები გაიხსენეს და ყველა პოზიტიური ემოციებით აავსეს.
ღონისძიების კულმინაცია საქართველოს კარიტასის დღის ცენტრის ბავშვების მიერ შესრულებული ქართული ცეკვები გახლდათ. მოცეკვავე ბავშვები კი „ილიაუნიმ“ და „ვენდისმა“ საბავშვო მენიუებით დაასაჩუქრეს. ღონისძიების ბოლოს, ყველამ ერთად, საზეიმო ტორტი გაჭრა და ქველმოქმედების 25 წელი აღნიშნა.