მცირეწლოვან ბავშვებში ხშირად ვხვდებით კბენის ტენდენციებს, როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ. ამ ასაკობრივ პერიოდში, ჩვეულებრივ, ბავშვებს არ აქვთ საკმარისი ლექსიკური მარაგი საკუთარი ემოციების გამოსახატად. ისინი კომუნიკაციისთვის იყენებენ გარკვეულ ვოკალიზაციებს და ქცევებს. კბენა წარმოადგენს ერთ-ერთ საშუალებას, რისი გამოყენებითაც ბავშვები გამოხატავენ საკუთარ მოთხოვნილებებს, სურვილებს ან ემოციებს.
კბენა არის ერთ-ერთი გზა, რომლის გამოყენებითაც მცირეწლოვანი ბავშვები გამოხატავენ საკუთარ მოთხოვნილებებს, სურვილებს ან ემოციებს. მიუხედავად იმისა, რომ კბენა შეიძლება საკმაოდ მაფრუსტრირებელი იყოს სხვა ადამიანებისთვის, არ ნიშნავს, რომ ბავშვი მას მიზანმიმართულად აკეთებს სხვების გასაღიზიანებლად ან მათთვის ტკივილის მისაყენებლად. კბენით ბავშვი შეიძლება ამბობდეს „მეშინია“, „იმედგაცრუებული ვარ“, “აქ ჩემთვის ზედმეტად ბევრი ადამიანია“.
ბუნებრივია, რომ მშობლები და ბავშვებზე მზრუნველი პირები ღელავენ, რომ კბენამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს სხვა ბავშვებს. ისინი ასევე ღელავენ, იმ ნეგატიურ შედეგზე, რომელიც იმ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს, რომელიც სხვებს კბენს, მაგალითად გაირიყოს სხვა ბავშვების მიერ. საბედნიეროდ არსებობს ბევრი მეთოდი, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია შევამციროთ ან სრულად შევწყვიტოთ ბავშვის ეს არასასურველი ქცევა.
რატომ კბენენ ბავშვები სხვებს?
ბავშვები ბევრი განსხვავებული მიზეზის გამო კბენენ სხვებს. კბენის მიზეზის გაგება პირველი ნაბიჯია ამ ქცევის გამოვლენის შემცირებისთვის ან შეწყვეტისთვის. განვიხილოთ რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ბავშვები შეიძლება სხვებს კბენდნენ.
იმედგაცრუების გამოხატვა - ბევრი ბავშვი სხვას კბენს იმდეგაცრუების გამო. მათ ხშირად არ იციან სხვა გზები და საშუალებები საკუთარი ძლიერი ემოციების გამოვლენისთვის. კბენა შეიძლება გამოხატავდეს შეტყობინებებს როგორებიცაა „მე ეს არ მომწონს“, ან „მე მინდა ეს სათამაშო“, ან „შენ ჩემს პირად სივრცეში ხარ“.
სხვებთან თამაშისას წარმოქმნილი გამოწვევები - ზოგი ბავშვი შეიძლება აღელდეს სხვებთან ერთად ან სხვებთან ახლოს თამაშისას. მათ შესაძლოა არ იცოდნენ როგორ გააზიარონ ნივთები, დაიცვან რიგი ან გამოხატონ საკუთარი სურვილები და ინტერესები.
მიზეზი და შედეგი - მცირეწლოვანმა ბავშვებმა შეიძლება სხვას უკბინონ, რათა ნახონ კბენის შედეგი. ისინი სწრაფად სწავლობენ, რომ კბენას დიდი რეაქცია მოჰყვება და აქვს მნიშვნელოვანი გავლენა როგორც იმ ბავშვებზე, რომლებსაც კბენენ, ასევე იმ მოზრდილებზე, რომლებიც ამ ფაქტის შემსწრეები არიან.
გამოკვლევა და სწავლა - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა, რომლითაც ბავშვები სამყაროს შეიმეცნებენ არის მათი შეგრძნებები. კბენა შეიძლება იყოს ობიექტის ან პიროვნების შეგრძნების ერთ-ერთი გზა. სხვა სიტყვებით, კბენა შეიძლება იყოს კომუნიკაციის მცდელობა „შენ საინტერესო ჩანხარ. მაინტერესებს შეგიგრძნო და გაგსინჯო“.
ორალური სტიმულაცია - ზოგი ბავშვი კბენს, რადგან მათ სიამოვნებთ კბენის ან ღეჭვის ფიზიკური შეგრძნებები და შესაბამისად ეძებენ მათ.
კბილების ამოსვლა - ბევრი ბავშვი გრძნობს ტკივილს კბილების ამოსვლის პროცესში. კბენა ან ღეჭვა შეიძლება ეხმარებოდეთ მათ ამ ტკივილისგან გათავისუფლებაში.
„მაიმუნები ხედავენ, მაიმუნები აკეთებენ“ (იმიტაცია) - მცირეწლოვან ბავშვებს მოსწონთ იმიტაცია, სხვების ქმედებების გამეორება. ისინი ძალიან ბევრს სწავლობენ იმ ქმედებების დახელოვნებით, რომლებსაც აკვირდებიან. მაგალითად თუ ლუკა ხედავს თუ როგორ კბენს ნიკო სხვას და სწორედ კბენის გამო შედეგად იღებს საკმაოდ დიდ ყურადღებას (მაშინაც კი თუ ეს ნეგატიური ყურადღებაა), ლუკას შეიძლება მოუნდეს კბენის ქცევის გამეორება, რათა ნახოს თუ როგორ ირეაგირებენ მოზრდილები.
არაკომფორტულ ემოციებთან გამკლავება - როდესაც ბავშვებს შიათ, ეძინებათ, მოწყენილები ან აღელვებულები არიან მათ ნაკლებად აქვთ ცხოვრებაში არსებულ წარმატებებთან და წარუმატებლობებთან (მაგალითად როდესაც ვიღაცამ მისი სათამაშო აიღო, ორცხობილა არ მიიღო ზუსტად სადილის დასრულებისთანავე) გამკლავების უნარი და შეიძლება მიმართონ კბენას, ნაცვლად საკუთრი მოთხოვნილებებისა და ემოციების გამოხატვის გზების ძიებისა.
ნორმა, მაგრამ არა მისაღები ქცევა
მიუხედავად იმისა, რომ მცირეწლოვანი ბავშვებისთვის კბენა ტიპური ქცევაა ეს არ ნიშნავს, რომ მისაღებიც არის. კბენამ შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი, ბრაზის ემოცია და ზოგ შემთხვევაში სერიოზული დაზიანება. სხვა ბავშვებმა შეიძლება დაიწყონ ნეგატიური კომენტარების გაკეთება (მაგ: „ის უხეშია“) ან თავი აარიდონ იმ ბავშვთან თამაშს, რომელიც ხშირად კბენს სხვებს. ასეთი და ამის მსგავსი სოციალური რეაქციები შეიძლება ძალიან საზიანო იყოს ბავშვის სხვებთან ურთიერთობისთვის და საკუთარ თავთან დაკავშირებული ემოციებისთვის (თვითშეფასებისთვის)
რა შეგვიძლია გავაკეთოთ?
ბავშვებს შეიძლება ვასწავლოთ უფრო მისაღები გზები საკუთარი მოთხოვნილებებისა და ემოციების გამოსახატად.
დაკვირვება
დააკვირდით ბავშვს, რათა გაიგოთ უფრო მეტი კბენის მიზეზის შესახებ. განსაზღვრეთ ნებისმიერი სქემა, როგორიცაა რა ხდება სანამ ბავშვი ვინმეს კბენს. შენიშნეთ როდის, სად და ვის კბენს ბავშვი. ის ამ ქცევას მაშინ ხომ არ მიმართავს როცა ბევრ ადამიანთან ერთად პატარა სივრცეშია ან როცა შია, ან როცა ეძინება? ის მაშინ ხომ არ კბენს ვინმეს როცა მის ირგვლივ ბევრი ბავშვია ან როცა მის ირგვლივ ძლიერი ხმაურია?
კბენის პრევენცია
როდესაც გაიგებთ რატომ კბენს ბავშვი სხვებს და მიხვდებით როდის არის ამ ქცევის გამოვლენის მაღალი ალბათობა, შეგიძლიათ ცადოთ სიტუაციების ისე ცვლა, რომ კბენის ქმედება თავიდან აირიდოთ. განვიხილოთ რამდენიმე მეთოდი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია კბენის პრევენცია დაკვირვების შედეგად განსაზღვრული კბენის მიზნიდან გამომდინარე.
თუ ბავშვი მაშინ კბენს, როდესაც იმედგაცრუებულია:
თქვენ შეგიძლიათ უთხრათ: „შენ ისეთი იმედგაცრუებული ხარ, აიღე ეს სათამაშო“. ასწავლეთ თქვენს შვილს მარტივი სიტყვები როგორიცაა „ჩემი“ ან „არა“. ასწავლეთ ბაზისური ჟესტები „დამეხმარე“ ან „გაჩერდი“ -ს გამოსახატად.
თუ თქვენი შვილი კბენს, რადგან აღელვებულია სხვებთან ერთად ან სხვებთან ახლოს თამაშისას:
შეუერთდით თქვენს შვილს თამაშში. დაჯექით მასთან ერთად იატაკზე და დაეხმარეთ გავარჯიშდეს თამაშში. თქვენს შვილს შეიძლება სჭირდებოდეს სხვა ბავშვების აზრების გაგებაში დახმარება. მას შესაძლოა ასევე სჭირდებოდეს ხელმძღვანელობა რათა ისწავლოს და გავარჯიშდეს თამაშში, რიგის დაცვაში, გაზიარებაში, სხვა ბავშვებთან კომუნიკაციაში და დახმარების მიღებაში როცა მას ეს ესაჭიროება. მაგალითად, თუ სხვა ბავშვი ცდილობს თქვენი შვილის სათამაშოს აღებას თქვენ შეიძლება უთხრათ „მარიამი ფიქრობს, რომ შენ კარგი თოჯინა გაქვს. მასაც უნდა თამაში. შეგვიძლია მარიამს ვაჩვენოთ სად არის სხვა თოჯინები?“
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი კბენს, რათა ნახოს რა მოხდება ამ ქცევის შემდეგ:
თქვენს შვილს მშვიდად და ნათლად აუხსენით, რომ კბენა მტკივნეულია. შეეცადეთ კბენაზე თქვენი რეაქცია იყოს ნეიტრალური, არაემოციური, მოკლე და რამდენადაც შესაძლებელია უინტერესო, რათა თავიდან აირიდოთ იმის სწავლება, რომ კბენას დიდი რეაქცია მოჰყვება მოზრდილების მხრიდან. მოზრდილების მიერ გამოხატული რეაქცია შეიძლება ძალიან დამაჯილდოვებელი და განმამტკიცებელი იყოს ბავშვებისთვის. წაახალისეთ თქვენი შვილი რომ დააკვირდეს მიზეზს და შედეგს სხვა სიტუაციებში. მაგალითად, თქვენ შეიძლება ასწავლოთ მას თუ როგორ დაუქნიოს ხელი ადამიანებს დამშვიდობებისას და აჩვენოთ, რომ სხვებიც დაუქნევენ ხელს საპასუხოდ ან მისცეთ თქვენს შვილს უფლება მოგიღუტუნოთ, შედეგად ძალიან გაიცინოთ.
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი კბენს ორალური სტიმულაციის მიღებისთვის:
დღის განმავლობაში კვებებს შორის განკუთვნილ ინტერვალებში შესთავაზეთ ხრაშუნა ჯანსაღი საჭმელი როგორებიცაა კრეკერები ან ბრეცელები. ან მიაწოდეთ შესაბამისი და საინტერესო ნივთები დასაღეჭად მაგალითად კბილის ამოსვლისას განკუთვნილი დასაღეჭი სათამაშო.
თუ ბავშვი კბენს კბილების ამოსვლის გამო:
მიეცით მას კბილის ამოსვლისას განკუთვნილი დასაღეჭი სათამაშოები.
თუ თქვენი შვილი კბენს მაშინ როცა დაღლილია:
თქვენი შვილისთვის უზრუნველყავით დასვენების მეტი შესაძლებლობა. ეტაპობრივად 10-15 წუთიანი ინტერვალებით უფრო ადრე გადმოწიეთ დაძინების დრო. სთხოვეთ თქვენს შვილზე მზრუნველ სხვა პირებს ყურადღებით იყვნენ და ბავშვთან ახლოს დარჩნენ, როცა ის დაღლილი ჩანს. როცა ბავშვი დაღლილია მინიმუმამდე შეამცირეთ სტრესული ან მასტიმულირებელი აქტივობები.
თუ თვლით, რომ თქვენი შვილი კბენს, როცა მშიერია:
სცადეთ რომ უფრო ხშირად შესთავაზოთ ჯანსაღი საჭმელი კვებებს შორის ინტერვალებში. აჩვენეთ თქვენს შვილს რას შეუძლია უკბინოს/ჩაკბიჩოს - საჭმელს.
თუ თვლით, რომ თქვენი შვილი კბენს, როცა მოწყენილია:
სათამაშოდ შესთავაზეთ საინტერესო აქტივობები და სათამაშოები აღმოსაჩენად, გამოსაკვლევად. გარემო შეცვალეთ ისე, როგორც საჭიროა (როცა ამჩნევთ, რომ ბავშვი იწყენს ან არაფოკუსირებული ხდება) სათამაშოების გადააადგილებით ან სათამაშო სივრცის შეცვლით.
თუ თვლით, რომ თქვენი შვილი კბენს, როცა აღელვებულია:
ესაუბრეთ ნებისმიერ ცვლილებაზე, რასაც შეიძლება განიცდიდეს. დაეხმარეთ მოახდინოს მისი ემოციების სახელდება. შეეცადეთ მინიმუმამდე შეუმციროთ განუსაზღვრელობის და დაბნეულობის პერიოდები ტრანზიციაზე, განრიგზე, გეგმებზე და სხვა საკითხებზე საუბრით.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ კბენის მომენტში?
- სწრაფად, თუმცა მშვიდად განარიდეთ ბავშვი იმ ადამიანს, რომელსაც კბენს. მშვიდად (მაგალითად ყვირილის და საყვედურის გარეშე), ნათლად და მტკიცედ უთხარით, „შეწყვიტე, არ უკბინო, კბენა მტკივნეულია.“ აჩვენეთ და აუხსენით კბენის შედეგი სხვა ბავშვისთვის. მაგალითად: „ლუკა ტირის და სევდიანია, რადგან შენმა ნაკბენმა მას ატკინა.“
- მთელი თქვენი ყურადღება მიმართეთ იმ ბავშვზე, ვისაც უკბინეს. მოზრდილებს ხშირად ძლიერი რეაქცია აქვთ იმ ბავშვის მიმართ ვინც უკბინა, რადგან ცდილობენ მისი ამ ქცევის შეცვლას. თუმცა, ნეგატიურმა ყურადღებამაც კი შეიძლება წაახალისოს კბენა. იმ ბავშვის დამშვიდებაში დახმარება, რომელსაც უკბინეს ასწავლის იმ ბავშვს, რომელმაც უკბინა ემპათიას და ქმედების შედეგების ძალას. იმ ბავშვისთვის, ვისაც უკბინეს თქმა, რომ „ძალიან ვწუხვარ, რომ ეს მოხდა. ვიცი კბენა ძალიან მტკივნეულია“ იქნება ემპათიისა და მობოდიშების მოდელი. თავიდან აირიდეთ იმის მცდელობა რომ ბავშვმა მოუბოდიშოს მას ვისაც უკბინა. ბავშვისთვის ემპათიის განვითარება მნიშვნელოვანია, თუმცა იმის ცდა, რომ ბავშვმა ბოდიში მოიხადოს კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიმართაც იმისკენ ვინც უკბინა და ნაკლებს იმისკენ ვისაც უკბინეს.
- მიიღეთ თქვენი შვილის ემოციები. თქვენ მას შეიძლება უთხრათ „შენ იმედგაცრუებული ხარ. მოდი, ამის გამოსახატად სხვა გზა ვიპოვოთ. ფრთხილად ითხოვე სათამაშო. შენ ასეთ დროს შეგიძლია თქვა „შეიძლება ეს სათამაშო ავიღო?“
- როდესაც თქვენი შვილი მშვიდად არის (და არა უკვე აგზნებული ან გაღიზიანებული) ასწავლეთ მას საკუთრი მოთხოვნილებებისა და სურვილების გამოხატვის მეთოდები. მაგალითად თქვენ შეიძლება უთხრათ თქვენს შვილს: „კბენა მტკივნეულია. თუ ანა შენს სათამაშოს იღებს უთხარი რომ გაჩერდეს ან მოზრდილ ადამიანს დაუძახე დასახმარებლად.“ როლური თამაში შეიძლება ძალიან დამხარე აღმოჩნდეს, როცა თქვენი შვილი გავარჯიშდება „გაჩერდი“ ან „დამეხმარე“-ს თქმაში.