შეიძლება ითქვას, რომ კლასის ეფექტური მართვის ყველაზე თვალსაჩინო ასპექტი კლასის წესები და პროცედურებია. წესები და პროცედურები თავისი არსით მოიცავენ მესიჯს : „მე აქ ვარ, რათა გასწავლოთ, თქვენ აქ ხართ, რათა ისწავლოთ“. მათი არსებობა კლასში ქმნის სტრუქტურას, რომელიც ხაზს უსვამს უსაფრთხოებასა და პროგნოზირებადობას.
კლასის ეფექტური მართვის სტრატეგიების გაცნობისას კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს დავუბრუნდეთ ამ ტერმინებს - წესები და პროცედურები. ორივე მათგანი წარმოადგენს მოლოდინს მოსწავლის „სასურველი“ ქცევის შესახებ, თუმცა, მათ განსხვავებული სპეციფიკა და განმასხვავებელი ნიშნები აქვთ. წესი გულისხმობს ზოგად მოლოდინსა და სტანდარტებს. ცალკეული წესი, შესაძლებელია, თავის თავში მოიცავდეს ფართო სპექტრის მოსალოდნელ ქცევებს. პროცედურები კი წარმოადგენს კავშირს მოლოდინსა და კონკრეტულ, სპეციფიკურ ქცევებს შორის. მასწავლებლები, რომლებიც გამოირჩევიან კლასის ეფექტური მართვით, იყენებენ ორივე მათგანს. მაგალითად, თქვენ, შესაძლოა, ჩამოაყალიბოთ კლასის შემდეგი წესი: „პატივი ეცით სხვა მოსწავლეებს და მათ საკუთრებას“ და ამ კონკრეტულთან მიმართებაში განსაზღვროთ პროცედურები, რომლებიც წესის შესრულების საფუძველს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, ერთ-ერთი პროცედურა, დაკავშირებული იქნებოდა თანაკლასელისთვის წიგნის დაბრუნებასთან.
წესებისა და პროცედურების ფორმულირების ტიპები და მათი რაოდენობა იცვლება კლასიდან კლასამდე და სასწავლო წლიდან საწავლო წლამდე, თუმცა, ეფექტურ მასწავლებელს, ყოველთვის აქვს ისინი შემუშავებული. როგორ უნდა მოექცეს მოსწავლე თანაკლასელს, როგორ შეიძლება მოითხოვოს კლასის დატოვება ან როდის არის საუბარი რელევანტური - ეს იმ პროცედურების მახასიათებლებია, რომლებიც, თითქმის, ყველა კლასში გვხვდება.
პრაქტიკულ ცხოვრებაში, თითქმის ყველა სიტუაციაში, ფორმალური თუ არაფორმალური წესები განსაზღვრავენ იმას, თუ როგორ ვიქცევით, რა სახის ინტერაქციაში შევდივართ ადამიანებთან და როგორ ვრეაგირებთ სხვის ქცევებზე. მაგალითად, მეგობრისგან ან კოლეგისგან ჩვენ ველოდებით გაგებასა და პატივისცემას, მეზობლებს ვუზიარებთ მოლოდინს, თუ როდის და რა ხარისხით შეიძლება ხმაური ან სად უნდა გავაჩეროთ მანქანა. ზოგადად კი, ვცდილობთ დავიცვათ წესი, რომელიც მოგვიწოდებს თავაზიანობისკენ.
უმეტეს შემთხვევაში, ურთიერთობაზე მიმართული სოციალური წესები არაფორმალურია, მაგალითად კინოს შესასვლელთან, როგორც წესი, არ არის გამოკრული რიგში დალოდების მოთხოვნა. თუმცა, არაფორმალური წესები ხშირად საკმაოდ ნათელი და მკაფიოა: ბილეთის ყიდვის შემდეგ დარბაზში შესასვლელ რიგში ადგილის დაკავება, რიგში დგომა იმგვარად, რომ არ აწვებოდე ფიზიკურად წინ მგომს. მიუხედავად იმისა წესები ფორმალურია თუ არაფორმალური, ყველა მათგანს გააჩნია საერთო ოქროს წესი - მოექეცი სხვებს ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ.
წესები და პროცედურები კლასში ზოგად ქცევასთან მიმართებაში განსაზღვრავს პატივისცემასა და თავაზიანობას, რაც გამოიხატება მასწავლებლის ან თანაკლასელის მოსმენაში, საკუთარი ადგილის დაკავებაში, სანამ გაკვეთილი დაიწყება. მასწავლებლები ხშირად რთავენ მოსწავლეებს წესებისა და პროცედურების შემუშავების პროცესში. შედეგად კი მოსწავლეები უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ და მეტი მონდომებით იცავენ წესებს.
მასწავლებლები ხშირად ქმნიან კლასში ზოგად წესებს, ისინი, როგორც წესი მიმართულია პატივისცემისკენ, ზრდილობისკენ, უსაფრთხო გარემოსა და სწავლებისთვის განსაზღვრული გარემოებების შენარჩუნებისაკენ.
კლასის ზოგადი წესები |
|
კლასის წესები (1-ლი კლასი)
1. იყავი უსაფრთხოდ.
2.იყავი კეთილი.
3.იყავი ზრდილობიანი. |
კლასის წესები (საშუალო დონე)
1.ყოველთვის ეცით პატივი ერთამანეთს.
2.შეინარჩუნე თვალით კონტაქტი, როდესაც ესაუბრები ან უსმენ სხვას (მასწავლებელს ან თანაკლასელს). 3.ჯგუფური ან წყვილებში მუშაობისას ისაუბრე ისე ჩუმად, რომ სხვებმა ვერ შეამჩნიონ. 4.გახსოვდეს მხოლოდ ერთი ადამიანი საუბრობს ერთ დროს. (იგულისხმება, რომ ერთად არ ვსაუბრობთ). ჩვენი ძირითადი უფლებები
1. ყველა მოსწავლეს აქვს უფლება მოექცნენ პატივისცემით. 2. ყველამ უნდა სცეს პატივი სკოლის საკუთრებას.
3.ყველას აქვს უფლება თავი იგრძნოს უსაფრთხოდ სასწავლო გარემოში.
|
კლასის წესები (მე-2 კლასი)
1.მოუსმინე ყურადღებით.
2.მიჰყევი მითითებებს.
3.იმუშავე ჩუმად (არ შეაწუხო სხვები მუშაობისას). 4.პატივი ეცი სხვებს (დაუკვირდი შენს სიტყვებსა და ქცევებს). 5.პატივი ეცი სხვებისა და სკოლის საკუთრებას.
5.ითამაშე უსაფრთხოდ. |
|
კლასის წესები (მე-3 კლასი)
1.იყავი კეთილი და პატიივსაცემი სხვებისა და შენი თავის მიმართ 2.მოუსმინე, როდესაც სხვა საუბრობს
3.აკონტროლე შენი ქცევები და უსაფრთხოება
4.იყავი მხიარული |
|
ბევრი მასწავლებელი უზრუნველყოფს მოსწავლეების ჩართულობას წესებისა და პროცედურების შექმნაში. მაგალითად, წლის დასაწყისში თქვენ შეგიძლიათ მოსწავლეებთან ერთად გამართოთ დისკუსია იმის თაობაზე, თუ როდის არის მისაღები სკამიდან ადგომა და როდის არა, და ამავდროულად მკაფიო ხაზი გაუსვათ ზრდილობისა და სხვების პატივისცემის მნიშვნელობას. ამ სახის დისკუსიები, როგორც წესი, მოიცავს მოსალოდნელი ქცევებისა და პროცედურების იდენტიფიცირებას, მაგალითად, კლასში საკანცელარიო ნივთების გამოყენების თავისებურებები, მათი უკან დაბრუნება და ა. შ. მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა გაითვალისწინონ მოსწავლეების ასაკი და ამ ასაკის თავისებურებები. მაგალითად, დაწყებით კლასებში მასწავლებელმა, შესაძლებელია, გარკვეული მიმანიშნებლები გაუკეთოს სკამებს, და განსაზღვროს თითოეული მოსწავლის ადგილმდებარეობა, თუმცა, მომდევნო კლასებში მოსწავლეებს თავად უწევდეთ საკუთარი ადგილის არჩევა. მოსწავლეებისთვის საკუთარი ადგილის არჩევის უფლების მიცემა გულისხმობს პატივისცემას მათი მომწიფებულობისადმი. მოსწავლეები ასეთ მესიჯებს ხშირად ამჩნევენ და აფასებენ, ხოლო მათი კეთილგანწყობა წესებისა და პროცედურების შემუშავებისა და შესრულებისადმი იზრდება. კლასის ზოგადი წესების შემუშავებისას მასწავლებლები ხშირად იყენებენ გრაფიკულ გამოსახულებებსა და პოსტერებს, რომელიც ხაზს უსვამს ხასიათსა და კონკრეტულ პიროვნულ მახასიათებლებს, როგორიცაა პატიოსნება, პატივისცემა და ა. შ.
კლასში ზოგადი ქცევის პროცედურების შემუშავებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ მარტივი ჟესტები და სიმბოლოები მთავარი მესიჯების გადმოსაცემად, მაგალითად:
- აწეული ხელი - აწიე ხელი იმის მანიშნებლად, რომ სიჩუმის დროა და ყურადღება უნდა მიმართო მასწავლებლის ან თანაკლასელისაკენ/ მოსწავლეები წევენ ხელს, როდესაც ამთავრებენ საუბარს და უყურებენ მასწავლებელს.
- ხელებით დაფარული ყურები - ყურებზე მიიდეთ ხელები, იმის მანიშნებლად, რომ ჯგუფური მუშაობა ძალაიან ხმაურიანია ან შეუმჩნევლად, ჩუმად გაიარეთ ოთახი გამორთეთ და ჩართეთ სინათლე.
- წიგნის ან ფანქრის აწევა - მოსწავლე წევს წიგნს ან ფანქარს იმის მანიშნებლად, რომ სჭირდება დახმარება მასწავლებლისგან.
მასწავლებლები ხშირად წესებს ქმნიან კონკრეტული ქცევებისთვის, მაგალითად მოსმენა. ზოგადი წესების მსგავასად, ისინიც თვალშისაცემ ადგილას უნდა განათავსოთ და გამოიყენოთ სიმბოლოების სისტემა, რათა მარტივად შეძლონ მოსწავლეებმა მათი დამახსოვრება.
მოსმენის წესები
საკლასო გარემოში კონკრეტული წესებისა და პროცედურების შექმნის შემდეგ, შესაფერისი ქცევის გამოვლენის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, გამოიყენოთ თანმიმდევრული განმტკიცება. ამის გაკეთება რამდენიმე გზით შეგიძლიათ, მაგალითად:
- მოდელირება გაუკეთეთ პროცედურებს და მოსწავლეებსაც სთხოვოთ ჩაერთონ ამ პროცესში.
- ასაუბრეთ (დააწერინეთ) მოსწავლეებს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საკლასო წესები და პროცედურები.
- მიეცით უკუკავშირი მოსწავლეებს პროცედურების შესრულებს შემდეგ, ამ გზით ისინი შეძლებენ კორექტირებასა და დახვეწას.
მონიტორინგი მნიშვნელოვანი კომპონენტია წესებითა და პროცედურებით მუშაობისას. სასწავლო წლის განმავლობაში, თქვენ, შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ კონკრეტული წესი არაეფექტურია და მისი ამოკლება უკეთესი იქნება ან პირიქით, გაიაზროთ რომ ახალი წესის დამატებაა მნიშვნელოვანი.
მასწავლებელი ყველაზე უკეთ იცნობს მის მოსწავლეებს სკოლის გარემოში, ამიტომ მას ყველაზე კარგად აქვს გააზრებული კლასის საჭიროებები. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ წესების დანერგვა ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, თუმცა, ის ნამდვილად გაძლევთ იმ „ფუფუნებას“, რომ საგაკვეთილო პროცესი გახადოთ მოქნილი და სწავლაზე ორიენტირებული. ეს არის ერთგვარი ინვესტიცია, რომლის შედეგადაც იღებთ თქვენი პიროვნული, ემოციური თუ ფიზიკური ენერგიის დაზოგვას.