როგორც მშობელს, თქვენ გსურთ თანაბრად გაანაწილოთ თქვენი ყურადღება თქვენს შვილებზე, თუმცა, როდესაც ზრდით განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვს, ეს საკმაოდ რთულია. თქვენ სჭირდებით როგორც თქვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს, ასევე საჭირო ხართ მისი და-ძმისთვის. შეიძლება თქვენ გრძნობდეთ, რომ თქვენი ყურადღება არაა საკმარისი გარშემომყოფთათვის და შესაძლოა თქვენმა სხვა შვილებმა თავი გარიყულადაც იგრძნონ.
წინამდებარე ტექსტი დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რას გრძნობს თქვენი ტიპური განვითარების მქონე ბავშვი. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ მიუხედავად სხვადასხვა გამოწვევებისა, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას შვილებს შორის ურთიერთობისას, ბავშვებს უყვართ ერთმანეთი და ცდილობენ გაიგონ, რატომ არ შეუძლიათ რაღაცების გაკეთება მის დას/ძმას და როგორ შეიძლება დაეხმარონ მას.
ასაკის შესაბამისი ფორმით, კითხვებზე პასუხების გაცემით, ღია საუბრითა და გულწრფელობით შეგიძლიათ შეამსუბუქოთ მათი წუხილები, ნათელი მოჰფინოთ დაბნეულობას და მისცეთ მათ შანსი დაეხმარონ დას/ძმას. ბავშვები, რომლებიც გრძნობენ რომ მათი ესმით, უყვართ და უსაფრთხოდ არიან მათთვის ნაცნობ გარემოში, ვითარდებიან, წარმატებას აღწევენ , ხოლო კავშირი და-ძმას შორის იზრდება.
ქვემოთ მოცემულია ის, რაც შესაძლებელია გამოიკვეთოს ბავშვებში სხვადასხვა ასაკსა და განვითარების ეტაპებზე.
სკოლამდელი ასაკის ბავშვები (3-დან 5 წლამდე ასაკი)
სკოლამდელი ბავშვებისთვის ყველაფერი მათ გარშემო, მათთან არის დაკავშირებული, ამიტომ შეიძლება გაუჭირდეთ დის/ძმის საჭიროებების სწორად აღქმა და დანახვა. დაეხმარეთ გაიგონ, თუ რატომ შეიძლება დასჭირდეს მათ დას/ძმას მეტი დრო და ყურადღება.
ამ ყველაფერში დაგეხმარებათ შვილთან პირისპირ საუბარი. ეს შეიძლება იყოს ერთგვარი გამოწვევა, მაგრამ თქვენს შვილთან, ბურთით თამაშის დროსა და სამზარეულოში, საერთო აქტივობაში ჩართულობით, გატარებულ რამდენიმე წუთს შეუძლია უზრუნველყოს იმ დროის ანაზღაურება, რაც მათ თქვენგან - მშობლებისგან სჭირდებათ.
ბუნებრივია, მათ აქვთ კითხვები, რომლებზეც, რაღაც ასაკამდე, დამოუკიდებლად პასუხების მიღება არ შეუძლიათ. როდესაც ბავშვები გკითხავენ და-ძმის შესაძლებლობების შესახებ, აუხსენით მათ მდგომარეობა მარტივი ენის/სიტყვების გამოყენებით ისე, რომ მათი გაგება შეძლონ. გამოიყენეთ ნამდვილი სიტყვები, როგორიცაა "ცერებრალური დამბლა" ნაცვლად "boo boo". უთხარით პირდაპირ, რომ: ”შენს ძმას სიარული უჭირს, რადგან მას ცერებრალური დამბლა აქვს”. თუ თქვენი შვილი შეგეკითხებათ : ”რა არის ცერებრალური დამბლა?” მარტივად უთხარით, რომ ეს არის მდგომარეობა, როცა ბავშვს ურთულდება ზოგიერთი ისეთი რამის გაკეთება, რასაც სხვა ბავშვები შეუფერხებლად აკეთებენ.
ამ ასაკის ბავშვებს ასევე ფანტაზიის დიდი უნარი აქვთ, მათ ყველაფრის სჯერათ, რისი წარმოდგენაც შეუძლიათ, ასე რომ, თამაშის დროს, ჩამოსხმული ჩაი ძალიან ცხელია და საწოლის ქვეშ მყოფი ურჩხულებიც ძალიან რეალურია. როდესაც ბავშვებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე და-ძმა ჰყავთ, ხანდახან ფიქრობენ რომ დის/ძმის მდგომარეობა დროებითია და ჰგავს ჩვეულებრივ გაციებას.
დიდი ბავშვები (6-დან 12 წლამდე)
დაწყებითი სკოლის ასაკში, ბავშვები უკეთესად აცნობიერებენ დიაგნოზის არსებობას. ამ პერიოდში, უნდა მოელოდეთ, რომ მათ მიერ დასმული კითხვები იქნება უფრო რთული და ნუ შეგეშინდებათ პასუხების გაცემის.
მაგალითად, გადაადგილების შეზღუდვის მქონე და-ძმასთან დაკავშირებული კითხვები, თქვენ შეიძლება ახსნათ შემდეგნაირად: "ის ვერ დადის კარგად, რადგან იგი ჯანმრთელობის პრობლემით დაიბადა". შემდეგი კითხვა შეიძლება იყოს: „ოდესმე გაივლის?“, რომელზეც გულწრფელად უნდა უპასუხოთ: ”არ ვიცი გაივლის თუ არა, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ მას ამის გაკეთებაში. სწორედ ამიტომ დადის ის სხვადასხვა ვარჯიშებსა და თერაპიაზე.
ბუნებრივია, რომ თქვენი შვილი ღელავს მისი და-ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მაგრამ ერთად თამაში და ერთმანეთის გარემოცვა დაეხმარებათ ამ ყველაფრის გადალახვაში. წაახალისეთ თქვენი ტიპური განვითარების მქონე ბავშვი, წაიკითხოს წიგნები თავისი და-ძმისთვის, ითამაშოს მასთან ერთად და ჩაერთოს სხვადასხვა აქტივობებში, როგორიცაა ბურთით თამაში, მუყაოს მოხატვა, ფაზლების აწყობა და ა.შ.
ეს არის ასაკი, როდესაც ბავშვები იწყებენ მეგობრებისთვის თავიანთი და-ძმის მდგომარეობის ახსნას. ზოგიერთმა მეგობარმა შეიძლება დასვას უხეში კითხვები, ან შესაძლოა თანაკლასელების მხრიდან ადგილი ჰქონდეს მის ბულინგს, რამაც შეიძლება თქვენს შვილს თავი უხერხულად აგრძნობინოს, გააბრაზოს და დანაშაულის შეგრძნება გამოიწვიოს.
შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს შვილს ამ დაბრკოლებების გადალახვაში. მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს საკმარისად ინფორმირებული დის/ძმის მდგომარეობაზე და თუ ვინმე კითხავს: "რა სჭირს შენს დას?", მან მარტივად უპასუხოს, რომ : "მას ცერებრალური დამბლა აქვს". ან თუ თანაკლასელი არაკეთილსინდისიერ ტერმინს იყენებს სპეციალური საჭიროების მქონე და-ძმის აღსაწერად, მიუხედავად სირთულისა, უთხარით თქვენს შვილებს, რომ არ გაბრაზდნენ და ნაცვლად ბრაზისა, აუხსნან თავიანთ მეგობრებს და/ძმის მდგომარეობა. მაგ: "ჩემი დისთვის უფრო რთულია ახალი რამის სწავლა, ვიდრე შენთვის ან ჩემთვის, მაგრამ ეს არ გაძლევს მისი დაჩაგვრის უფლებას“.
და-ძმის კონკურენციაც ამ ასაკშიც ვითარდება, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ ბავშვები ეჭვიანობენ მათი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ძმის ან დის მიმართ. ისინი ხედავენ, რომ მათი და-ძმა იღებენ მეტ ყურადღებას, ან აძლევთ ისეთი რაღაცის გაკეთების უფლებას, რაც თავად ეკრძალებათ, ბუნებრივია ეს იწვევს მათ უკმაყოფილებას.
შედარებები ნორმალურია, მაგრამ ახსენით მომენტი, როცა ეს უსამართლოდ ჩანს. რა თქმა უნდა, შეიძლება ბავშვმა იგრძნოს, რომ და-ძმა მეტ ყურადღებას აქცევთ, მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ რომ სპეციალური საჭიროებების მქონე და-ძმას არ აქვს ის შესაძლებლობები, რაც თქვენს სხვა შვილს. ნათლად ავუხსნათ ბავშვებს, რომ სამართლიანი ყოველთვის არ ნიშნავს თანასწორს.
მოზარდები (13 წლიდან და ზემოთ)
თინეიჯერულ ასაკში და-ძმები ხშირად გრძნობენ გაზრდილ პასუხისმგებლობას, რათა იზრუნონ განსაკუთრებული საჭიროების მქონე და-ძმაზე. თინეიჯერები ხანდახან გრძნობენ რომ უნდა აიღონ იმაზე მეტი პასუხისმგებლობა ამ ასაკში, ვიდრე რეალურად საჭიროა.
როგორც მშობელი, დარწმუნდით, რომ ბევრს არ ითხოვთ თქვენი მოზარდი შვილისგან. მიეცით მათ თავისუფალი არჩევანი, რომ დაგეხმაროთ იმაში, რაშიც თავად სურს.
ასევე, დარწმუნდით, რომ ძალიან ბევრს არ ელით, როდესაც საქმე მათ სკოლის საქმეს ან კლასგარეშე საქმიანობას ეხება. როგორც წესი, ტიპური განვითარების მქონე ბავშვები ზოგჯერ ზედმეტ ზეწოლას გრძნობენ. მათ სურთ, რომ გააკეთონ საკუთარი მაქსიმუმი, არ იქცნენ „დამატებით პრობლემად“, რათა მშობლებმა არ იდარდონ მათზე.
ამავე პერიოდში, თინეიჯერები მშობლებისგან დამოუკიდებლობისთვისაც იბრძვიან. თინეიჯერს, რომელსაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე და-ძმა ჰყავს, უჭირს წარმოიდგინოს რეალობა, რომელშიც არაა იგივე გამოწვევები, როგორიც მისთვის, მისი დისთვის/ძმისთვისა და ზოგადად, მისი ოჯახისთვისაა.
მიაწოდეთ თქვენს თინეიჯერ შვილს ინფორმაცია, რომ მეტი დამოუკიდებლობის სურვილი და სამყაროში სხვადასხვა გამოცდილების მიღების სურვილი ნორმალურია და რომ ჯანსაღი გამოწვევების მიღება სავსებით მისაღებია, რა თქმა უნდა უსაფრთხოების ფარგლებში.
მოზრდილობის ასაკში მოზარდებმა შეიძლება იფიქრონ მომავალზე. დაფიქრდნენ, ვინ დაეხმარება მათ და/ძმას საკუთარი თავის ზრუნვაში იმ შემთხვევაში თუ სხვაგან გადავლენ, შექმნიან საკუთარ ოჯახს ან მოხდება სხვა რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა, რის გამოც თავად ვერ განახორციელებენ მათზე ზრუნვას.
დაარწმუნეთ თქვენი მოზარდი, რომ მას შეეძლება ზრუნვა ისე განახორციელოს, როგორც თავად თავს კომფორტულად იგრძნობს, ხოლო შემდეგ დასახეთ გეგმა, თუ ვინ და რას გააკეთებს გაუთვალისწინებელი შემთხვევის შემდეგ. როგორ გადანაწილდება როლები სპეციალური საჭიროების მქონე ოჯახის წევრზე ზრუნვის პროცესში.
ძლიერი ემოციების მართვა
ბავშვებსა და თინეიჯერებს, რომლებსაც სპეციალური საჭიროების მქონე და ან ძმა ჰყავთ, აქვთ საკუთარი პირადი გამოწვევები, პირადი წარმატებები და წარუმატებლობები, აღმართი და ვარდნა.
სხვადასხვა ემოციური სირთულეებიის გადალახვის პროცესში, ბავშვებს სჭირდებათ სწორი მიმართულების მიცება, რათა ემოციების მართვის პროცესში შეძლონ ჯანსაღი გზების მოძიება. ისეთი აქტივობები, როგორიცაა პირადი დღიურის წარმოება, ფიზიკური დატვირთვა ან შემოქმედებითი აქტივობები, როგორიცაა ცეკვა ან მუსიკა, ძლიერი ემოციების გამოხატვის კარგი გზაა.
თუ შეამჩნევთ ბავშვის ძილის რუტინულ ცვლილებას, მადის დაქვეითებას, განწყობისა და ქცევის მნიშვნელოვან ცვლილებას, შეიძლება იყოს შფოთვის, დეპრესიის ან სხვა პრობლემის ნიშანი. ამიტომ, შესაბამისი ნიშნების დანახვისას მიმართეთ სპეციალისტს.