„და ახლა რას ვესავ, უფალო? შენზეა ჩემი იმედი.“
ფსალმუნი 38:8
2020 წელი, სულ რამდენიმე თვეში ერთ, დიდ მოლოდინის სივრცედ გადაიქცა.
ადამიანებისთვის ერთ-ერთი რთულად შესასრულებელი რამ ლოდინია, და ეს ლოდინის აგონია მეტად მძაფრდება, როდესაც არ ვიცით თუ რამდენ ხანს და რა პირობებში გაგრძელდება იგი. გაურკვევლობისა და უძლურების შეგრძნება ადამიანებს კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის. ჩვენ ვიმყოფებით ისეთ მდგომარეობაში, სადაც ვერავინ აკონტროლებს საკუთარ ცხოვრებას და ეს შეზღუდვა ჩვენში სიცარიელესა და უმოქმედობის განცდას წარმოქმნის. ლოდინი ჩვენი გაგებით დროის კარგვაა და ახლა ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს ჩვენი ცხოვრების ერთი წელი ფუჭად ლოდინში გავატარეთ. არც ის ვიცით თუ კიდევ რამდენხანს ვიქნებით ასე. მაგრამ მეორე მხრივ, წელს ჩვენ თავზე განვიცადეთ იმ ადამიანთა განცდები, ვისაც ვემსახურებით, როდესაც ისინი ელოდებიან გამოჯანმრთელებას, ელოდებიან გამოსავალს რთული სიტუაციიდან ან ადამიანს, ვინც დახმარების ხელს გაუწვდის და იხსნის მათ გასაჭირისგან. დღეს, ჩვენ მათი უკეთესად გვესმის. ლოდინმა ჩვენი თანაგრძნობის უნარი გაახლა.
წელს, თითოეული ჩვენთაგანისთვის ქრისტესშობის წინა პერიოდი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული განსხვავებული იქნება. ჩვენ გვიწევს შევზღუდოთ ჩვენი ქმედებები, დავიცვათ დისტანცია და ველოდოთ, ველოდოთ და კვლავ ველოდოთ. თუმცა, ეს დისტანცია, რაც პანდემიამ მოგვიტანა, გვაძლევს შესაძლებლობას და დროს, რომ საკუთარ თავს დავუახლოვდეთ, გადავაფასოდ ჩვენი ცხოვრება და საქმიანობა, დავაფასოთ ის, რაც გვაქვს და გავიგოთ თუ რა გვჭირდება: რისგან უნდა გავთავისუფლდეთ და რა შევიძინოთ.
ამ წინასაშობაო პერიოდში, ლოდინი მზადებით იცვლება. ჩვენ ვემზადებით, რაღაც უფრო დიდისთვის, რომელიც ახალშობილ ჩვილ მაცხოვართან ერთად გვეწვევა.
ამის შემდგომ კი გაურკვევლობა იმედში გადაიზრდება, და სიცარიელე სიახლის მოლოდინით შეივსება.
ანაჰით მხოიანი
საქართველოს კარიტასის დირექტორი