კახეთში, ლაგოდეხის რაიონ სოფელ ხიზაბავრაში, საქართველოს კარიტასის მოხალისეებმა საზაფხულო ბანაკი სახელწოდებით ,,გზა სიკეთისაკენ’’ ჩაატარეს. ბანაკის ორგანიზების მთავარი მიზანი ყველაზე მოწყვლადი ბავშვებისთვის დაუვიწყარი ზაფხულის ჩუქება, სხვადასხვა საკითხებზე მათი ცნობიერების და ღირებულებების ამაღლება იყო.
ბანაკის ბინადართა შერჩევა დაბალი სოციალური ფენიდან გამომდინარე მოხდა, 6-15 წლამდე ასაკის 12 მონაწილე კახეთში დაგეგმილ ყველა აქტივობაში სრულფასოვნად იყო ჩართული. ერთი კვირის განმავლობაში ბავშვები დაკავებულნი იყვნენ სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობებით, რომელიც სპეციალურად მათთვის წინასწარ დაიგეგმა. თითოეულ დღეს ახალგაზრდები განიხილავდნენ ერთ კონკრეტულ თემას (მაგ: პასუხისმგებლობა, ადამიანების დახმარება), შემდეგ ამ თემასთან დაკავშირებით წარადგენდნენ პრეზენტაციებს, ღიად გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს და მსჯელობდნენ ჯგუფურად. გარდა ამისა, ბანაკის წევრები ყოველდღიურად დროს უთმობდნენ სხვადასხვა სახელოვნებო აქტივობას. ხატვა, ძერწვა, კითხვა- ეს იმ საქმიანობის მცირე ჩამონათვალია , რითიც ხიზაბავრას სტუმრები ყოველდღიურად იყვნენ დაკავებულნი. მათი ნაყოფიერი დღე კი ფილმის ყურებით მთავრდებოდა.
მოხალისეების მიერ ორგანიზებულ საზაფხულო ბანაკში ბავშვებმა საკმაოდ ნაყოფიერი, მხიარული, დატვირთული და საინტერესო ერთი კვირა გაატარეს.
საკუთარი შთაბეჭდილებები კი ბანაკის დასრულებისას ნახატებითა და წერილებით გაგვიზიარეს.