2020 წლის 23-24 ივლისს, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა პროექტის „შინმოვლის განვითარება საქართველოში“ პარტნიორებთან.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, თბილისისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიების, ექთნებისა და კერძო კოლეჯების ასოციაციების წარმომადგენლები.
საქართველოს კარიტასის პროგრამის მენეჯერმა გაიოზ ყუბანეიშვილმა მონაწილეებს ახალი შინმოვლის პროექტის (2021-2023) ამოცანები გააცნო. პროექტი, ბენეფიციარების მომსახურებასთან ერთად, ითვალისწინებს მოსახლეობის დაბერების, საექთნო საქმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის სამოქმედო გეგმების მხარდაჭერას. პროექტის აქტივობები ითვალისწინებს მოსახლეობისთვის სამედიცინო და სოციალური მომსახურების ახალი მოდელების შემუშავებას, სტუდენტების სწავლებას და ექთნების პროფესიული განათლების პროგრამების განხორციელებას, ადგილობრივი მუნიციპალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერებას სამედიცინო და სოციალური პროგრამების ორგანიზების და ადმინისტრირების კუთხით.
შეხვედრის მონაწილეებმა გამოხატეს მზაობა ითანამშრომლონ ზემოთ აღნიშნული ამოცანების მისაღწევად და დასახეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა:
- საქართველოში საექთნო განათლების პოპულარიზაციის მიზნით დაიგეგმა კოლეჯების საექთნო მიმართულების სტუდენტების პირველი ეროვნული კონკურსი შინმოვლის უნარებში. კონკურსი გაიმართება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ეგიდით საქართველოს კარიტასის და მისი პარტნიორი კოლეჯების მონაწილეობით. ღონისძიების მოსაწყობად შეიქმნა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს მონაწილეობას;
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოსაზრებით მიზანშეწონილია პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამების ფარგლებში შემუშავდეს შინმოვლის სპეციალისტის მომზადების პროგრამა;
- საქართველოს ექთნების ასოციაციის ორგანიზებით, საექთნო პროტოკოლებისა და რეგულაციების შემუშავების მიზნით, შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით;
- საქართველოს კარიტასი გერმანელი კონსულტანტების მხარდაჭერით ამზადებს პრაქტიკის მენტორების/ხელმძღვანელების სასწავლო პროგრამას. გამოითქვა მოსაზრება ამ პროგრამის მასწავლებელთა სახლთან შეთანხმების მიზანშეწონილობის შესახებ;
- შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო შინმოვლის სერვისის დაფინასების და თანადაფინანსების საკითხს. გორის მუნიციპალიტეტის მოსაზრებით შესაძლებელია ბენეფიციარების თანამონაწილეობა მათი მომსახურების ღირებულების დაფარვაში;
- კერძო კოლეჯების ხელმძღვანელობა განიხილავს საქართველოს კარიტასის მიერ მიწოდებული სასწავლო მოდულების ანაზღაურების საკითხს;
- ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო მხარს უჭერს საქართველოს კარიტასის ინიციატივას მუნიციპალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერებას მოსახლეობისათვის გრძელვადიანი სერვისების ორგანიზების და ადმინისტრირების კუთხით;
- საქართველოს კარიტასმა და კოლეჯების წარმომადგენლობამ, ასევე იმსჯელეს, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაციების მაქსიმალურად გათვალისწინების შესახებ;
- შეხვედრის დროს გამოითქვა მოსაზრება საექთნო განათლების პროგრამის სრულყოფის აუცილებლობის შესახებ მასში მრავალრიცხოვანი ხარვეზების გამო.