23 ივლისს, საქართველოს, სომხეთისა და გერმანიის კარიტასის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო ვირტუალური კონფერენცია - „ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა სკოლებში“.
კონფერენცია მიზნად ისახავდა საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების გაერთიანებას, მსოფლიოში ინკლუზიური განათლების უპირატესობებისა და გამოწვევების მიმოხილვას, საუკეთესო პრაქტიკების გაცნობასა და საქართველოსა და სომხეთში მათი ადაპტირების შესაძლებლობებზე მსჯელობას.
ღონისძიება მიეძღვნა 4 ძირითად საკითხს: ინკლუზიური კულტურის განვითარება სკოლებში; ქცევის მართვა საკლასო ოთახში; ასისტენტების როლი ინკლუზიურ განათლებაში; მრავალფეროვნების მხარდაჭერა სკოლის ინკლუზიურ კულტურაში, სკოლაში არსებული დამხმარე სტრუქტურებისა და როლების შესაძლებლობები და ბარიერები.
ექსპერტები, რომლებმაც აუდიტორიას მოხსენებები წარუდგინეს იყვნენ:
ჯერალდ კლენკი - ორგანიზაცია "Lernwirkstatt Inklusion"- ის თავმჯდომარე და დამფუძნებელი, რომელიც გერმანიაში უზრუნველყოფს მასწავლებლებისთვის ინკლუზიური სწავლების ტრენინგებს.
პეტრა ფლიგერი - სპეციალური განათლების მასწავლებელი და მეცნიერი სოციალურ დარგში, რომელსაც აქვს რამდენიმეწლიანი მუშაობის გამოცდილება სომხეთში ინკლუზიური განათლების კონსულტანტად.
ანდრეას კოპფერი - გერმანელი მკვლევარი ინკლუზიური განათლების სფეროში, რომელიც ძირითადად ფოკუსირებულია საერთაშორისო პერსპექტივებზე. ინკლუზიური განათლებისა და სწავლების პროფესორის ასისტენტი გერმანიის ფრაიბურგის უნივერსიტეტში.
ბარი ს პარსონსონი - ფსიქოლოგი ახალი ზელანდიიდან. ჩატარებული აქვს კვლევები მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლასის ქცევის მართვის სტრატეგიების შესახებ. როგორც კონსულტანტი ფსიქოლოგი, იგი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოში.
პლენარული სესიისა და სპიკერების მოხსენებების შემდეგ, დამსწრე პირებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ჯგუფურ დისკუსიებში და ინკლუზიური განათლების ექსპერტებისთვის დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.
კონფერენცია წარიმართა 3 ენაზე (სომხურ, ქართულ და ინგლისურ ენაზე) და მას ესწრებოდა ინკლუზიური განათლების სფეროში მოღვაწე 100-მდე პირი სხვადასხვა ქვეყნიდან.
*აღნიშნული ღონისძიება გაიმართება პროექტ „ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა ყველასათვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის კარიტასთან თანამშრომლობითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.