ქვეყანაში გავრცელებული ეპიდემიის პირობებში, საქართველოს კარიტასის მიმდინარე პროექტებში სხვადასხვა პრევენციული ღონისძიება გატარდა. საგანგებო ვითარების გამოცხადების მიუხედავად, ორგანიზაციას არ შეუწყვიტავს რიგი სერვისებისა და ცენტრების ფუნქციონირება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ პროექტებს, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვებს უწევენ დახმარებას და უზრუნველყოფენ თავშესაფრით.
„წმ.ბარბარეს დედათა და ბავშვთა ზრუვნის ცენტრში”, სადაც დღესდღეობით სოციალურად დაიცველი მარტოხელა დედები და მათი შვილები ცხოვრობენ, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, დამატებითი უსაფრთხოების ზომები გატარდა. თითქმის 2 თვეა, რაც ცენტრი გადავიდა სრულ კარანტინზე, რაც გულისხმობს იმას, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე აიკრძალა უცხო პირთა სტუმრობა, ბენეფციარების გასვლა კი მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში არის დასაშვები. ვირუსით დაინფიცირების რისკის მაქსიმალურად შემცირების მიზნით, ცენტრში რეგულარული სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.
პანდემიით გამოწვეული დაძაბულობა და ღელვა ჩვენთან მცხოვრებ დედებსა და მათ პატარებს თითქმის არც უგრძნიათ, რადგან სწორედ ამ პერიოდში ცენტრს შეეძინა ორი პატარა წევრი და ახალშობილების - მარიამისა და თომას დაბადებამ დიდი სიხარული და ბედნიერება შემატა ცენტრის ყველა ბენეფიციარსა და თანამშრომელს.
„წმ.ბარბარეს დედათა და ბავშვთა ზრუვნის ცენტრის” მცხოვრებლები უზრუნველყოფილნი არიან ყველა საჭირო დახმარებით, რაც გულისხმობს: 24-საათიან თავშესაფრს და დაცულ გარემოს; ოთხჯერად კვებას და ჰიგიენისთვის აუცილებელი ნივთებს; ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის მომსახურებას; პედიატრის მომსახურებას; საჭიროების შემთხვევაში ამბოლატორიულ და სტაციონალურ მომსახურებას; ფორმალური და პროფესიული განათლების მიწოდებას; სამუშაო ადგილის ძებნაში დახმარებას.
ცენტრის თანამშრომლები ყველანაირად ცდილობენ, რომ სხვადასხვა აქტივობებით დედებსა და ბავშვებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რთული და სტრესული პერიოდი გაუფერადონ და გაუხალისონ.