ანი ჭალიძე პროფესიით ფსიქოლოგია, რომლის ყოველდღიური საქმიანობა ქუჩასთან კავშირში მყოფი ბავშვების დახმარება და მათი ცხოვრების გაუმჯობესებაა. ანის თქმით, საკუთარ პროფესიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათზე ზრუნვაა.
ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში დაწესებული სხვადასხვა შეზღუდვების გამო, ანი ქუჩასთან კავშირში მყოფი ბავშვების საკარანტინე სივრცეში მუშაობდა, შეიცვალა მისი სამუშაო გრაფიკი და ცხოვრების რეჟიმი: „მომიწია მორიგეობა ბავშვთა თავშესაფარში აღმზრდელის პოზიციაზე, სადაც ვზრუნავდი მოწყვლად ბავშვებზე. ასევე ვაწვდიდით პროდუქტებს ბენეფიციარებს, რომლებიც შექმნილი ვითარების გამო ვეღარ სარგებლობენ დღის ცენტრის მომსახურებით. ვცდილობთ დავეხმაროთ ოჯახებს ჰიგიენური საშუალებებით და ტანსაცმლით, რომლებსაც ჰყავთ ჩვილი ბავშვები და აღმოჩნდნენ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში.“
საგანგებო რეჟიმში მუშაობის დროს ანი თავის გამოცდილებას გვიზიარებს: „ერთი რიგითი სამუშაო დღე იყო, როდესაც მაღაზიის შესასვლელთან გავიცანი არასრულწლოვანი ბავშვი, რომელიც ითხოვდა მოწყალებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავესაუბრეთ მას და აღმოვაჩინეთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბავშვის დედა საზღვარგარეთ დარჩა და ვერ მოახერხა საქართველოში დაბრუნება, მამამ კი სამსახური დაკარგა. მოწყალების სათხოვნელად გამოსვლა ბავშვისთვის ერთადერთი გამოსავალი აღმოჩნდა. კარიტასის გუნდმა ერთჯერადად მივაწოდეთ საკვები პროდუქტები და ვთხოვეთ დაგვკავშირებოდა მამა, რათა შეგვძლებოდა სხვადასხვა დახმარების მიწოდება მომავალშიც.“
იმის მიუხედავად, რომ ანი 2 წელზე ნაკლებია, რაც საქართველოს კარიტასის გუნდის წევრია, ის თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს და სიამოვნებით აკეთებს საკუთარ საქმეს. მისთვის, კარიტასში ყოფნა ნიშნავს პოზიტიურ და მეგობრულ სამუშაო გარემოსა და მხარდამჭერ თანამშრომლებს, სადაც მუშაობა სასიამოვნოა და ადამიანს მუდმივად აქვს მოტივაცია აკეთოს უფრო მეტი.