ძვირფასო მეგობრებო,
ეს იყო დღე, როდესაც ჩემი ოჯახის მონახულების შემდეგ სომხეთი დავტოვე და ვუბრუნდებოდი საყვარელ საქმიანობას საქართველოში, სადაც მხვდა პატივი მემსახურა, როგორც საქართველოს კარიტასის დირექტორს. ჩვეულებისამებრ, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზონა ხალხმრავალია, მაგრამ ამ დღეს ეს ასე არ იყო... ამ დღეს საზღვარი სრულიად ცარიელი დამხვდა. გული ერთი წამით თითქოს გამიჩერდა. ავტომობილის უკანა მხარეს ვიჯექი და დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი შემოგარენს. როდესაც მანქანიდან გადმოვედი და საბაჟო პუნქტს მივუახლოვდი, დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რამდენად ვართ ადამიანები დარწმუნებულები იმაში, რომ ყველაფრის კონტროლის ძალა შეგვწევს. ეს გრძნობა კი ქრება სწორედ იმ მომენტში, როდესაც რაღაც უკონტროლო ხდება და ჩვენც მომენტალურად უსუსური და უმწეო არსებები ვხდებით.
სასაზღვრო პოლიციამ ყურადღებით შემიმოწმა დოკუმენტები და მიმაცილა თბილისში ჩემს სახლამდე, სადაც ახლა თვით-იზოლაციაში ვიმყოფები. გზად ბევრი სამხედრო და პოლიციის მანქანა შეგვხვდა, რადგან ქალაქი მარნეული, რომელიც ჩაკეტილია, მდებარეობს სწორედ საზღვარიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე. გამშვები პუნქტისა და სამხედროების დანახვამ გამახსენა ომის შესახებ ბავშვობაში ნანახი ფილმები.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ არის დიდი, რაც ძირითადად განპირობებულია სახელმწიფოს მიერ დროულად მიღებული შეზღუდვებითა და უსაფრთხოების ზომებით. კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით, ქართველი ერი ნიშანდობლივად არ არის დამყოლი და დამჯერი, მაგრამ ამ ვითარებაში ისინი მკაფიოდ იცავენ რეგულაციებს. ეს კი შეიძლება იყოს დაკავშირებული იმასთან, რომ ქვეყანაში ჯარიმების საფასური ძალიან მაღალია ან შესაძლებელია, რომ მათ უბრალოდ შიში ამოძრავებთ. ქართველები დიდი სტრესის ქვეშ არიან, ვირუსის შიში გავლენას ახდენს მათი ეკონომიური, ფსიქოლოგიური, სოციალური და სულიერი ცხოვრების ყველა ასპექტზე. ეს შიში არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ რამდენ ადამიანს დაუდგინეს ვირუსის დიაგნოზი ან თუ როგორ ემორჩილება ხალხი არსებულ რეგულაციებს. ეს არის შიში უხილავი და ამოუცნობი სუბსტანციისა, რომელმაც მოიცვა სამყარო. ეს უხილავი ძალა, კი ქმნის მკაფიო დისტანციას ხალხში, რაც ჩვენი ქართული - და სომხური კულტურისთვის სრულიად შეუთავსებელია. იგი გვკარნახობს ახალ და საკმაოდ ხელოვნურ ნორმების, თუმცა ხალხი მათ მაინც ასრულებს, რადგან შიშს უდიდესი ძალა აქვს.
ჩემი სახლი მდებარეობს კარიტასის ცენტრის ტერიტორიაზე, სადაც ცხოვრობენ ბავშვები, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი სოციალური სერვისებით. მათ მე „ჩემს ბავშვებს“ ვუწოდებ. პანდემიამდე, ერთმანეთის დანახვისას ისინი მოირბენდნენ, მეხუტებოდნენ და მელაპარაკებოდნენ, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ახლა კი, როდესაც ოჯახის წევრების მონახულების შემდეგ საქართველოში დავბრუნდი და კარანტინში ვიყავი, მომიწია მათგან დისტანცირება. აღსანიშნავია, რომ ბავშვები თავად ყოყმანობდნენ ჩემთან მოახლოებას, რადგან უკვე გაფრთხილებულები იყვნენ, რომ მე მათთვის საფრთხის შემცველი ვიყავი. იყო სხვა ადამიანისთვის „საშიში“ არ არის სასიამოვნო გრძნობა. მახსოვს, რომ გული ძალიან დამწყდა ამ დღეს.
მარტივი სიტყვებით, რომ ვთქვა: მე არ შემიძლია ჩავეხუტო „ჩემს ბავშვებს“; მე არ შემიძლია მივუახლოვდე მათ; კომუნიკაციისას ჩვენ უნდა გვეცვას დამცავი აღჭურვილობა, უნდა შევინარჩუნოთ დისტანცია, დისტანცია და კიდევ ერთხელ დისტანცია. რა თქმა უნდა, რეგულაციების დაცვა მნიშვნელოვანია, მაგრამ კარიტასის მოწოდებაა ვიყოთ ერთმანეთთან ახლოს, მოვუსმინოთ ერთმანეთს და ფიზიკურად ვიყოთ ახლოს მათთან, ვინც დახმარებას საჭიროება. თუმცა, სოციალური დისტანცია ამ ყველაფერს ძალიან რთულსა და ხელოვნურს ქმნის. ის ჩვენს საქმიანობას, მოწოდებას ვიყოთ ქრისტიანები და ზოგადად ჰუმანურობას გამოწვევების წინაშე აყენებს. ჩვენი ერთადერთი ნუგეში ახლა არის იმის განცდა, რომ რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით ჩვენ ვზრუნავთ და ვუფრთხილდებით სხვა ადამიანებს.
როდესაც კარიტასის გუნდის წევრები - მოხალისეები და თანამშრომლები საკვები პროდუქტებით ამარაგებენ იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენს ჰუმანიტარულ სასადილოში დადიოდნენ, მათ პროდუქტების მიტანისთანამვე უნდა დატოვონ სახლი. როდესაც ჩვენი ექთნები შედიან პაციენტებთან სახლებში, რათა დარწმუნდნენ ხანდაზმულებისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პაციენტების კეთილდღეობაში, ისინი სრულად უნდა იყვნენ დაფარულნი და ეკიპირებულნი. ჩვენი პაციენტები ვერც კი ცნობენ მომვლელებს დამცავი აღჭურვილობის საფარველს ქვეშ. იმედი მაქვს, რომ ისინი არ გრძნობენ თავს ისე, როგორც მე ვიგრძენი, როდესაც საზღვარზე ექიმმა შეამოწმა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სანამ ქვეყანაში შემოსვლის ნებას დამრთავდა: მე დამეუფლა უცნაური შეგრძნება, რომ არ ვიყავი სხვებისთვის უსაფრთხო.
ჩვენი ზოგიერთი აქტივობა ინტერნეტის საშუალებით განვახორციელეთ, რაც სრულებით არ წარმოადგენს პრობლემას ადმინისტრაციული საქმიანობისთვის, მაგრამ ქმნის რეალურ გამოწვევებს პასტორალური აქტივობებისთვის. როგორც ჩვენი ამჟამინდელი პრეზიდენტი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი კარიტასისადმი მიწერილ წერილში წერდა: ”ეს ყველაფერი პირველად ხდება ჩვენს თავს. ეს ახალი გამოცდილებაა… რაც გვაიძულებს ჩვენი საქმიანობა, ჩვენი მსახურება და ურთიერთობა ღმერთთან და ჩვენს ძმებთან და დებთან სურეალურ სივრცეში გადავიტანოთ“.
„ეკლესია ვერ იარსებებს ურთიერთობებისა და კონტაქტების გარეშე. ჩვენ გვენატრება, რომ ვინმემ მოგვიხმოს შესაკრებად“. დიახ, ჩვენ ძალიან გვენატრება, რომ ვინმემ მოგვიხმოს შესაკრებად. ჩვენ გვენატრება ეკლესიაში ყოფნა. ჩვენ გვენატრება საღვთო ლიტურგიის მოსმენა, საკმეველის სურნელი და ერთობლივი ლოცვის ღვთაებრივი ძალა. და რა თქმა უნდა, ჩვენ გვენატრება ზიარების გზით უფალთან სიახლოვის განცდა.
მიუხედავად ყველაფრისა ამ პერიოდში ჩვენ ვისწავლეთ ბევრი რამ. ჩვენ დავიწყეთ იმის დაფასება, რაც ისედაც ყოველთვის გვქონდა ცხოვრებაში - მარტივი საქმეები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებდით, მაგრამ ახლა რთულად განსახორციელებელი აღმოჩნდა. ჩვენ შევიტყეთ, რომ ბევრი რამ, რასაც ერთ დროს მნიშვნელოვანად მივიჩნევდით, სინამდვილეში სულაც არ არის ასე მნიშვნელოვანი. ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ ისინი, ვისაც ერთ დროს ცხოვრების ჩვეულ ტემპში დიდ ყურადღებას არ ვაქცევდით, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. ახლა ყველაზე კონსტრუქციული შიში მათი დაკარგვის შიშია და ეს გვაიძულებს ვაჩვენოთ და ვუთხრათ, თუ როგორ გვიყვარს ისინი და ვაფასებთ მათ. ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ, ყველაფერი არა ჩვენ, არამედ ღმერთის ხელშია.
კარიტასის ქარიზმა არის რწმენა, რომ ყველა ადამიანი ღირებულია და რომ ჩვენ მათ უპირობოდ უნდა ვემსახუროთ. ახლა დადგა ის მომენტი, როდესაც გაურკვეველ სიტუაციაში ვართ და შიშმა დაისადგურა ჩვენს გულებში, რადგან ვემსახურებით ღარიბთა შორის ყველაზე ღარიბ ადამიანებს, მაგრამ გვწამს უფლის წყალობისა და სიყვარულის და ვებღაუჭებით იმ იმედს, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება.
საქართველოს კარიტასის დირექტორის - ანაჰით მხოიანის წერილი
შენიშვნა: სტატია ნათარგმია ინგლისური ვერსიისან, რომელიც გამოქვეყნდა: https://cnewa.org/magazine/a-world-without-an-embrace/?fbclid=IwAR0QNQkU9-KY0DoBMXSj5wUhorjW9E4EbTBbwMycoPCZpJNPBeJR4CvVjw4