ნინო ქათამაძე სამი წელია, რაც დასავლეთ საქართველოს პროგრამის ექთანია. პანდემიის დროს მას მუშაობა არ შეუწყვიტავს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ხანდაზმულებზე ზრუნვას დიდი შემართებით აგრძელებდა - „ყოველდღიურად სამედიცინო მომსახურებას ვაწვდიდი მარტოხელა და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პაციენტებს. მათ, კი ვის მონახულებასაც ვერ ვახერხებდი ტელეფონით ვუკავშირდებოდი და შესაბამის რეკომენდაციებს რეგულარულად გავცემდი. იმის გამო, რომ ყველასთან მისვლა ფიზიკურად არ შემეძლო, გული ძალიან მწყდებოდა“.
ქვეყანაში ტრანსპორტის გაუქმების გამო, ბევრი ადამიანი შინმოვლის მომსახურების გარეშე დარჩა. სამედიცინო გუნდის წევრებისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა. ნინო იხსენებს, ერთ-ერთ შემთხვევას, როდესაც პაციენტთან მისასვლელად რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით მოუწია: „რადგან ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა, პაციენტებთან მისასვლელად სხვა გზა არ მქონდა, ერთ-ერთი ჩვენი ბენეფიციარი კი განსაკუთრებით საჭიროებდა დახმარებას. ის ქალაქის პერიფერიულ უბანში ცხოვრობდა. მიუხედავად ქვეყანაში არსებული შეზღუდვისა მე მაინც შევძელი მასთან მისვლა, და მომსახურების გაწევა, რითაც ვარ ბედნიერი, რადგან მოვახერხე და დავეხმარე ადამიანს, რომელიც განსაკუთრებით საჭიროებდა ზრუნვას.“
ნინოს თქმით, მის საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა ადამიანებზე ზრუნვა და მათთვის სიცოცხლის ხალისის დაბრუნებაა. ის დიდი შემართებით აგრძელებს მუშაობას და ბათუმში მოწყვლად ადამიანებს ბინაზე აწვდის საჭირო სამედიცინო მომსახურებას.