8 თებერვალს, საქართველოს კარიტასმა ახალი პროექტის „მოსმენის ცენტრები და სიღარიბის შესწავლა“ ოფიციალური გახსნის ცერემონია გამართა.
„ხშირ შემთხვევაში, ადამიანის პრობლემა გადაუჭრელი, შეუმჩნეველი ან ფარული რჩება იმის გამო, რომ არ იცის, სად შეიძლება ითხოვოს დახმარება ან არ აქვს ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ. ზოგჯერ, ადამიანები სხვადასხვა მიზეზების გამო, არ საუბრობენ საკუთარი სირთულეების შესახებ, ეშინიათ ხმამაღლა ლაპარაკის ან პრობლემას გადაუჭრელად მიიჩნევენ. ეს პროექტი სწორედ ასეთ ადამიანებს ეხმარება.“ – ინგა ჩხეიძე, სოციალური ზრუნვის პროგრამის მენეჯერი
პროექტს „მოსმენის ცენტრი და სიღარიბის შესწავლას“ მიზნად ისახავს გასაჭირში მყოფი ადამიანების პრობლემებზე რეაგირებას: მათ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, ადამიანების საჭიროების დაფარვის შესაძლებლობასა და გადამისამართებას შესაბამის სოციალურ მომსახურებაში. ასევე, ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ქვეყანაში სიღარიბის შესწავლა და ანგარიშების, სტატისტიკური მონაცემების წარდგენა საზოგადოებისთვის, რაც სერვისების გაუმჯობესებასა და ახალი პროექტების შექმნაში დაგვეხმარება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის, სხვადასხვა ორგანიზაციების, სკოლებისა და საქართველოს კარიტასის წარმომადგენლები.