დავით ლოლაძე უკვე ერთი წელი და სამი თვეა, რაც საქართველოს კარიტასში მძღოლი/ლოჯისტიკის თანამდებობაზე მუშაობს. ის ჩართულია მიუსაფარ ბავშვთა მობილური ჯგუფის საქმიანობაში და გუნდთან ერთად, მოწყვლად ოჯახებსა და ქუჩაში მყოფ ბავშვებს ეხმარება. როგორც დავითი ამბობს, მის საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება, მათში დადებითი განწყობისა და იმედის ჩასახვაა.
პანდემიის პირობებში, დავითის სამუშაო რადიკალურად შეიცვალა. „თავიდან დავიწყე მორიგეობა ბავშვთა თავშესაფარში, როგორც აღმზრდელმა. შემდეგ მობილურ ჯგუფთან ერთად ვმორიგეობდი ბავშვთა საკარანტინო სივრცეში. პარალელურად ვზრუნავ თანამშრომლების გადაადგილებაზე, ასევე მობილურ ჯგუფთან ერთად ვასრულებ ყოველდღიურ ჩვენ საქმიანობას, ქუჩაში მონიტორინგს, ოჯახში ვიზიტებს, დღის ცენტრის ბენეფიციარებს პერიოდულად ვურიგებთ პროდუქტებსა და ჰიგიენურ ნივთებს“.
საგანგებო ვითარებაში მუშაობის დროს, მან ერთი ამბავიც გაიხსენა: „კარანტინის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ველზე მუშაობისას სოფელ გიგანტში ერთი ოჯახი ვიპოვეთ - უკიდურესად რთულ პირობებში ცხოვრობენ დედა და მცირეწლოვანი ბავშვი. დღის ცენტრის მომსახურება მაშინვე შევთავაზეთ, უბრალოდ ტრანსპორტირების სირთულის გამო ვერ ხერხდება მათი ჩართვა მომსახურებაში. თუმცა მათი დახმარება არ შეგვიწყვეტია და პანდემიის პირობებში, პირიქით, მეტ ყურადღებასაც ვუთმობდით. პერიოდულად ვეხმარებით მათ საკვები პროდუქტებით, ტანსაცმლით, მედიკამენტებით, ასევე გაცნობისთანავე დავეხმარეთ “საქართველოს კარიტასის“ გადაუდებელი ფონდით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბავშვი ჩვენი ცენტრის ბენეფიციარი არ არის, დღემდე არ შეგვიწყვეტია მასზე ზრუნვა“.
დავითი პანდემიის პერიოდში მოწყვლადი ბავშვებისა და ოჯახებისთვის თავდაუზოგავად შრომობდა. იგი კვლავ აქტიურად განაგრძობს საქართველოს კარიტასის საქმიანობის მხარდაჭერას და ნებისმიერ დროს მზადაა ადამიანების დასახმარებლად.