ქეთევან მუქთიაშვილი საქართველოს კარიტასში უკვე 6 წელია მცირე საოჯახო ტიპის სახლში აღმზრდელად მუშაობს. მან არაერთი მზრუნველობამოკლებული ბავშვი დააყენა სწორ გზაზე. იგი ამბობს, რომ მის საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიცოცხლის სიყვარულია.
ქეთევანს ახალი კორონა ვირუსის პერიოდის დროს თავისი ოჯახის ნაწილობრივი დატოვება მოუწია და აღსაზრდელებთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება. ის უკვე სამი თვეა რაც 48-საათიანი ცვლით მორიგეობს მცირე საოჯახო ტიპის სახლში და ზრუნავს 10 მოზარდზე. „შეიცვალა ჩემი სამუშაო გრაფიკი. მარტივად ნათქვამი წინადადებაა, თუმცა ამ სიტყვების უკან იყო შიში, დიახ შიში! თუ რამდენად გაუძლებდა ჩემი ფიზიკური თუ ადამიანური რესურსი ამ დატვირთვას. სასწრაფოდ შევქმენი ჩემი ოჯახისა და ძიძის ოჯახის „კლასტერი“, რათა კარიტასში ყოფნის დროს არ მედარდა ჩემი ოჯახის წევრებზე. ყველაფერი, რაც ჩემ გარშემო იყო აეწყო ჩემს სამუშაო გრაფიკზე.
პანდემიის პრევენციის მიზნით, უსწრაფესად გადავეწყვეთ განსხვავებულ რეჟიმზე და შევეცადეთ მოვრგებოდით შექმნილ სიტუაციას. ეს არ არის იოლი, როდესაც გარშემო 10 მოზარდი გყავს, რომლებსაც „მთების გადადგმის“ სურვილი და ძალა აქვთ. ამ დროს ცდილობ მოიფიქრო რაღაც ახალი, საინტერესო, განსხვავებული, კრეატიული, რათა ეს „მძიმე ყოველდღიურობა“ შეუმსუბუქო ბავშვებს. ამ პერიოდის განმავლობაში, ბევრი კარგიც აღმოვაჩინე - ის, რომ ჩემს კარიტასელ მოზარდებს „წრეში ბურთი“ და „ორ დროშობანა“ ისევე მოსწონთ და ამხიარულებთ, როგორც მე- ჩემი „თინეიჯერობის“ დროს, თურმე მეც შემიძლია ვიყო თანამედროვე „უნოს“ მოთამაშე და არც თუ ცუდი „Tik-Tok“-ერი, თურმე შეგვიძლია უფრო სიღრმისეულად ფიქრი და საუბარი ცხოვრებაზე, სიცოცხლეზე, სიყვარულზე და თუ მოინდომებ „ფორს-მაჟორშიც“ კი გამონახავ რაღაც საინტერესოსა და მხიარულს.
ქეთევანს თავისუფალი დრო იშვიათად აქვს, თუმცა მისი გამოჩენის შემთხვევაში, სოციალური მედიის მეშვეობითაც ბევრ ადამიანს უწევს მატერიალურ, სულიერ თუ ინფორმაციულ დახმარებას.