Პანდემიის პირობებში, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელი სტრუქტურები დისტანციური სწავლების სხვადასხვა მეთოდებსა და საშუალებებს განიხილავენ. ქვეყნის მასშტაბით ინკლუზიური განათლების ფარგლებში სკოლები, საჯარო დაწესებულებები, სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლებაზე ზრუნვას და მშობელთა მხარდაჭერის პროცესის შენარჩუნებას ცდილობენ.
მოცემულ სიტუაციაში განსაკუთრებით იკვეთება საგნის მასწავლებელთა და სპეციალური განათლების მასწავლებელთა როლი, რაც გულისხმობს მოსწავლეთა და ოჯახთა ინდივიდუალური საჭიროებების აღმოჩენას.
ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში გუნდი ცდილობს დისტანციურ რეჟიმში დაადგინოს სპეციალური მასწავლებლების, საგნის მასწავლებლებისა და ოჯახების წინაშე არსებული გამოწვევები. სპეციალური მასწავლებლისა და ფსიქოლოგების როლი განსაკუთრებით მნიშველოვანი ხდება, რადგან საგანმანათლებლო რგოლში მათ გამორჩეული ფუნქცია აკისრიათ მოსწავლეთა განათლებისა და სოციალიზაციის ხელშეწყობის კუთხით.
მშობელთა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მათი გამოწვევები ინდივიდუალურ მიდგომებს საჭიროებს, თუმცა არსებობს რამდენიმე ძირითადი გამოწვევა, რომელზეც შესაძლოა ზოგადი რეკომენდაციების გაცემა:
- მიუხედავად იმისა, რომ მშობლობა პანდემიამდე და პანდემიის დროსაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობებსა და ფუნქციებს უკავშირდება, პირველ რიგში მშობლებს დაეხმარებათ იმის გაცნობიერება, რომ ზრდასრულებს სიტუაციისა და რუტინის მკვეთრ ცვლილებასთან გამკლავების მეტი რესურსები აქვთ, ვიდრე პატარებს.
- ბავშვები და მოზარდები სტრესთან გამკლავებას ჩვენგან განსხვავებული ფორმებით ცდილობენ, მათთვის ძნელია ჩვენთვის გასაგებ წესებსა და მოთხოვნებს დაემორჩილონ და საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე არიან ორიენტირებულნი.
- ბავშვების მოთხოვნილება პირველ რიგში უსაფრთხო, ემოციურად მზრუნველი გარემოს არსებობის შეგრძნებასა და სოციალიზაციას უკავშირდება.
- როდესაც მშობელი სტრესულ სიტუაციაში იმყოფება, ბავშვი ამას ამჩნევს და ჩვენზე დაკვირვებით სწავლობს სტრესთან გამკლავებას. მნიშვნელოვანია, ბავშვს მისთვის გასაგები ფორმით ავუხსნათ შეცვლილი წესებისა და ნორმების შინაარსი და ვეცადოთ მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ მათთვის ამ წესების შესრულება, როგორიცაა ჰიგიენური ნორმების დაცვა, ხელების დაბანა და ა.შ. თუ თვითმოვლის აქტივობებს დაძაბულობის ელფერს ჩამოვაშორებთ და მხიარულად შევასრულებთ, ბავშვებისთვის ის ნაკლებად უსიამოვნო და შესასრულებლად მარტივი გახდება.
- მნიშვნელოვანია ნორმებისა და წესების ახსნის გარდა ბავშვები ემოციურად უსაფრთხო გარემოში იმყოფებოდნენ. ბავშვებმა უნდა იცნოდნენ, რომ კრიზისულ სიტუაციაზე ემოციური რეაქცია ბუნებრივია, მათ უნდა იცოდნენ, რომ მშობელი ღელავს - ამის დამალვა საჭირო არაა. განუვითარეთ ბავშვებს ემოციური ინტელექტი შემდეგი ფორმით - დაუსახელეთ საკუთარი ემოციები და აღწერეთ. აგრეთვე აღწერეთ მისი გამომეტყველება, ისევე როგორც საკუთარი, უთხარით რა გაბრაზებთ, რა გსიამოვნებთ, ილაპარაკეთ ყოველდღიურობაში. მსგავსი ქცევა მშობლის მხრიდან ბავშვს ეხმარება საკუთარი ემოციების მართვასა და სხვისი ემოციების გაგებაში.
- გავითვალისწინოთ, რომ ბავშვებს მოაკლდათ სოციალიზაციის ძირითადი წყარო - სკოლა. უფროსებისთვის, რომლებსაც გაცნობიერებული გვაქვს სიტუაციის დროებითობა, ბევრად მარტივია სიტუაციასთან გამკლავება. ბავშვებისთვის გარკვეულ ასაკამდე სოციალური დისტანცია შესაძლოა განსაკუთრებით სტრესული აღმოჩნდეს, უფროსები მიჩვეულნი ვართ და ვეგუებით სოციალიზაციის ნაკლებობას, ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში კი სოციალიზაციის მოთხოვნილება განვითარების წამყვანია. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ თუ აქამდე სასწავლო პროცესი დაკავშირებული იყო სიამოვნებასთან, სოციალიზაციის ნაკლებობა მოტივაციის შემცირებას გამოიწვევს.
- სკოლის სტრუქტურის ფარგლებში მოსწავლეები განათლებას მოტივაციისა და კომუნიკაციის ხარჯზე იღებენ, მათთვის განსაკუთრებით მამოტივირებელია მიღწევების შექება როგორც მასწავლებლის, ასევე თანატოლთა მხრიდან. ნუ შეშინდებით თუ სახლში სწავლების პერიოდში მოტივაციის ნაკლებობას შეამჩნევთ და ბავშვს სწავლის მიმართ ინტერესი დაეკარგება, ეცადეთ შეუნარჩუნოთ სატელეფონო და დისტანციური კომუნიკაცია მასწავლებლებთან და თანატოლებთან, გაიხსენეთ საკლასო სიტუაციები, მეგობრები სკოლაში, გარემო, მასწავლებლები, შესაძლოა გამოიყენოთ წარმოსახვითი და როლური თამაშები - მოაწყოთ სახლის სივრცის გარკვეული ნაწილი, როგორც კლასი და ა.შ. ეს მოსწავლეებს დაეხმარებათ განწყობის შენარჩუნებაში სასწავლო პროცესის მიმართ.
- თუ სკოლაში სპეციალური მასწავლებლები და საგნის მასწავლებლები იყვნენ სწავლების ექსპერტები თქვენი შვილისთვის, ახლა თქვენ მოგიწევთ მშობლის გარდა ეს როლიც შეითავსოთ, რადგან სწავლა კომპლექსური პროცესია, თქვენ უნდა დააკვირდეთ რა ტიპის დავალებები მოსწონს ბავშვს, რა ტიპის დავალებებს არიდებს თავს და შესაბამისად დააბალანსოთ სასწავლო რეჟიმი. შესაძლოა სწავლებისთვის გამოყოთ კონკრეტული დრო, როდესაც ბავშვი ენერგიითა და ყურადღებითაა სავსე. შენთანხმდით გარკვრულ დროზე, რამდენი ხანი და როდის მეცადინეობთ, რამდენი დავალება უნდა შეასრულოთ ერთად და ა.შ. მეცადინეობის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე შეახსნეთ ბავშვს, რომ მალე დაიწყებთ სწავლას. განსაკუთრებით ეფექტურია ვიზუალური განრიგის შექმნა, შეგიძლიათ ბავშვთან ერთად ფურცელზე დახატოთ აქტივობები, რომლებიც დღის განმვალობაში უნდა შესრულდეს და გამოაკრათ შესამჩნევ ადგილას, ვიზუალური მასალა ბავშვებისთვის დამხმარეა და ხელს უწყობს დღის რუტინის შენარჩუნებას და მშობლებს თავიდან არიდებს ზედმეტ შფოთვას.
- მიმართეთ სპეციალურ მასწვლებელს ან საგნის მასწავლებელს თუ კონკრეტულ სირთულეს წააწყდებით, სპეციალისტებმა იციან რა ტიპის მიდგომა რა დროს უნდა გამოვიყენოთ, მოიძიეთ და ითხოვეთ წყაროები კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში, როგორიცა მაგალითად მოსწავლის შეცვლილი ემოციური მდგომარეობა პანდემიის პირობებში, მათი ქცევითი მახასიათებლების გართულება და ა.შ.
- მშობლების გარკვეული ნაწილი აწყდება სირთულეს ძილის რეჟიმისა და ეკრანთან ბავშვების მიერ გატარებულ დროსთან დაკავშირებით. ამ კუთხით აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ შეუძლებელია სახლის პირობებში მოზარდ პიროვნებას ჩავუნაცვლოთ ყველა ის აქტივობა, რომელსაც ბავშვი იღებდა სკოლასა და სხვა სივრცეებში, თუმცა მაქსიმალურად ახალი და მრავალფეროვანი აქტივობების შესრულება, რომელსაც გასართობი სახე აქვს, ბავშვებს ფსიქიკური ენერგიის პოზიტიური მიმართულებით რეალიზაციაში ეხმარება. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვები სხვადასხვა ფორმით სწავლობენ და ერთ-ერთია თამაში თქვენთან ერთად.
შევაჯამოთ:
- შეინარჩუნეთ პოზიტიური ურთიერთობა და დამოკიდებულებები;
- შეაქეთ ბავშვი ნებისმიერ მომენტში, როცა ამას იმსახურებს - ყურადღება მიაქციეთ განწყობასა და სწავლის მიმართ დამოკიდებულებას;
- დაყავით დღე სხვადასხვა აქტივობებად - სასწავლოდ და გასართობად;
- გამოიყენეთ ვიზუალური დამხმარეები - თავად დახატეთ, შექმენით დღის განრიგი;
- წაახალისეთ დამოუკიდებლობის უნარები - იქნება ეს თვითმოვლა თუ დავალებების დამოუკიდებლად შესრულება;
- მიეცით არჩევანის საშუალება როგორც სწავლისას, ისე თამაშისას;
- თქვენი პოზიციები მყარი უნდა იყოს და დაიცავით შემუშავებული წესები, თუმცა პერიოდულად გამოიჩინეთ მოქნილობა და წადით დათმობებზე. Გახსოვდეთ, რომ ჭირვეულობა ბავშვის მხრიდან ემოციური დაძაბულობის ნიშანია;
- რაც მთავარია თანაგრნობითა და მოთმინებით მიუდექით თქვენს საყვარელ ოჯახის პატარა წევრებს და ისინი აუცილებლად მსგავსად გიპასუხებენ.