მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რაც გამოწვეულია კორონავირუსის გავრცელებასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში დაენერგა სწავლების დისტანციური მოდელი. აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა საქართველოს კარიტასის „ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის“ პროექტის საქმიანობაში გარკვეული ცვლილებების განხორცილება.
პროექტის გუნდმა შეიმუშავა დისტანციური სწავლების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიაზრებს 8 სამიზნე სკოლაში მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების მხარდაჭერას. უკვე ჩატარდა ონლაინ შეხვედრა სპეციალურ მასწავლებლებთან, იმის დასადგენად, თუ როგორ აგრძელებენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების სწავლებას და რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგანან ისინი. „ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის“ პროექტის სპეციალისტები მასწავლებლებს ეხმარებიან მშობლებთან კომუნიკაციის დამყარებაში და აძლევენ რჩევებს, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ მათი ჩართვა მოსწავლის სასწავლო აქტივობებში. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოსწავლეების გამოკითხვაც და მშობლებისთვის ახალ დღის რუტინასთან და ბავშვის ქცევის მართვასთან დაკავშირებით რეკომენდაციების მიწოდება.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის სპეციფიკიდან გამომდინარე იგეგმება ინდივიდუალური სასწავლო პაკეტების დარიგება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის, რომელთა ოჯახებიც განსაკუთრებით საჭიროებენ მხარდაჭერას. პაკეტი მოიცავს საკანცელარიო ნივთებს, რომლებიც აუცილებელია მიმდინარე სასწავლო აქტივობებისათვის.
„ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის“ პროექტის გუნდი საქართველოს კარიტასის სხვა პროექტებთან თანამშრომლობს და აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ მოხდეს სერვისების ადაპტირება არსებულ ვითარებაზე, რადგან დღის წესრიგში არსებული გამოწვევები აქტუალურია, არამარტო „ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის“ პროექტისთვის, არამედ კარიტასის სხვა სერვისებისთვისაც.