მსოფლიოში გავრცელებული ეპიდემიისა და საქართველოში არსებული საგანგებო მდგომარეობის ფონზე, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრ სიახლესთან მოგვიწია შეგუება. ახალ რუტინაზე გადასვლა არამარტო ბავშვებს, არამედ ზრდასრულ ადამიანებსაც უჭირთ. ჩვენ გთავაზობთ 6 ძირითად რჩევას, რომელიც დაეხმარებათ მშობლებს დისტანციური სწავლების პროცესის ეფექტურ მართვასა და ბავშვისთვის საინტერესო და პროდუქტიული დღის განრიგის შედგენაში.
რჩევა #1
პირველ რიგში, ჰკითხეთ თქვენს შვილს და ერთად შეარჩიეთ ადგილი, რომელიც ყველაზე კომფორტული იქნება მეცადინეობის პროცესში.
გაითვალისწინეთ, რომ სივრცე უნდა იყოს ნათელი და მშვიდი, რათა ბავშვს ხელი არ შეეშალოს სწავლის პროცესში.
რჩევა #2
მოაწესრიგეთ სამეცადინო კუთხე და დარწმუნდით, რომ თქვენს შვილს ყველა საჭირო რესურსი აქვს სწავლისათვის (წიგნები, რვეულები, პერსონალური კომპიუტერი და სხვა).
გახსოვდეთ, რომ სწავლის პროცესში როგორც სკოლაში, ისევე სახლშიც ორგანიზებულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
რჩევა #3
შეინარჩუნეთ კომუნიკაცია მასწავლებელთან და იხელმძღვანელეთ მის მიერ მოწოდებული ინსტრუქციებით.
დისტანციური სწავლების რეჟიმში, სკოლები მშობლებს აწვდიან შესაბამის ინსტრუქციებს, რომლის დახმარებითაც მოსწავლის დღის წესრიგის შედგება უფრო ადვილდება. ბუნებრივია, რომ ბევრი შეკითხვა გაგიჩნდებათ, ამიტომ არ მოგერიდოთ მასწავლებლებთან ნებისმიერი საკითხის განხილვა.
რჩევა #4
თავად შექმენით ბავშვის დღის რუტინა.
გახსოვდეთ, რომ დისტანციური სწავლება დროებითია, ამიტომ შეადგინეთ ისეთი დღის განრიგი, რომელიც ბავშვს დაეხმარება დრო ეფექტურად და პროდუქტიულად გამოიყენოს.
რჩევა #5
დიდი გამოწვევის წინაშე არიან მშობლები, რომლებსაც სახლში სხვადასხვა ასაკის ბავშვი ჰყავთ, რადგან ამ დროს მათ უწევთ სხვადასხვა სასწავლო საფეხურისა და სასწავლო გეგმის მოსწავლეების დღის რუტინის ორგანიზება. ჩვენი რჩევაა მაქსიმალურად დაიხმაროთ უფროსი შვილი და მას გადაუნაწილოთ თქვენი პასუხისმგებლობა უმცროსი დის/ძმის აღზრდის პროცესში.
რჩევა #6
საშინაო დავალებისა და წარმატებით ჩაბარებული დავალებების შემდეგ არ დაგავიწყდეთ მოსწავლის შექება და წახალისება. გახსოვდეთ, რომ ბავშვის მოტივაციის ამაღლებაში მშობელს, განსაკუთრებით ახლა დიდი როლი აქვს.
ბლოგი მომზადებულია საქართველოს კარიტასის ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში