საქართველოს კარიტასი ჩემს ცხოვრებაში 1994 წელს გამოჩნდა, როდესაც ერთ-ერთი ჩემი მეგობრისგან გავიგე, რომ არსებობდა ორგანიზაცია, რომელიც გაჭირვებულ ხალხს საკვებითა და სხვა საჭირო ნივთებით ეხმარებოდა. ჩემი მეგობარი მოხალისე იყო და მისი წყალობით საქართველოს კარიტასს დახმარებისათვის მივმართე. თავდაპირველად იმედიც არ მქონდა, ვერ დავიჯერე რომ ქვეყანაში ასეთი მძიმე ვითარების დროს ვინმე სხვას დაეხმარებოდა, თუმცა სულ მალე ორგანიზაციისგან პირველი დახმარება მივიღე და ასე გავხდი კარიტასის ბენეფიციარი 25 წლის წინ.
საქართველოს კარიტასი მე და ჩემს ოჯახს გვეხმარებოდა ყველაფრით, რისი გაკეთებაც შეეძლო. ერთი წლის შემდეგ, ჩემი მეგობარი საცხოვრებლად საზღვარგარეთ წავიდა, თავის სამუშაო ადგილი კი მე დამითმო და 1995 წელს ჩემი სტატუსი ბენეფიციარობიდან მოხალისედ შეიცვალა.
იმ დროს მოხალისეები ძალიან ცოტანი ვიყავით , ხალხს ისევე არ ესმოდა ამ საქმის მნიშვნელობა როგორც მე კარიტასში მოსვლისამდე. ჩვენ, მოხალისეები ყოველდღიურად დავდიოდით სხვადასხვა ოჯახში და მათი ცხოვრების შესახებ ინფორმაციებს ვაგროვებდით, მათ გასაჭირსა და პრობლემებს ვისმენდით, შემდეგ კი რითიც შეგვეძლო ვეხმარებოდით. თანდათან მივხვდი, რომ ასეთი კეთილი საქმის კეთება სხვანაირად მაძლიერებდა.
შემდეგ ისე მოხდა, რომ 1996 წელს საქართველოს კარიტასის ჰუმანიტარულ სასადილოში ადგილი განთავისუფლდა და სტატუსი კიდევ ერთხელ შევიცვალე: მოხალისეობიდან სასადილოს კოორდინატორი გავხდი. ამის შემდეგ, ყოველ დილით აქ მოვდივარ და იმ ადამიანებზე ვზრუნავ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
უკვე 23 წელია რაც აქ ვარ, ეს ძალიან დიდი დროა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბენეფიციარი ვიყავი საქართველოს კარიტასი ძალიან მეხმარებოდა რთული პერიოდის გადატანაში. იმ დროს ვიგრძენი, რომ შემეძლო ამ ორგანიზაციის იმედი მქონოდა. როდესაც უკვე მუშაობა დავიწყე განსაკუთრებით მიხაროდა ხალხის დახმარება, რადგან მე ვიცი რა არის გაჭირვებაში ცხოვრება და მე ვიცი რამდენს ნიშნავს სულ უბრალო დახმარებაც კი. კარიტასმა რთულ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ – მომავლის რწმენა დამიბრუნა და, რომ არა საქართველოს კარიტასი, მე იმ მძიმე დღეებს ვერ გადავიტანდი.
-ლარისა მოლაშვილი, კარიტასის სასადილოს კოორდინატორი