26-27 დეკემბერს, სკოლა-ლიცეუმ „სხივში“ საქველმოქმედო ღონისძიება „აკეთე სიკეთე“ გაიმართა. ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეებმა და პედოგოგებმა საკუთარი ხელით დამზადებული პროდუქცია წარმოადგინეს. საშობა გამოფენა-გაყიდვის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს კარიტასის ბენეფიციართათვის თანხის შეგროვება და იმ შეჭირვებული მოხუცების დახმარება, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ.
„გვიხარია, რომ აქცია ასეთი წარმატებული აღმოჩნდა და მოხუცების დასახმარებლად თანხა შეგროვდა. ჩვენი სკოლა ტრადიციულად აკეთებს მსგავს ღონისძიებებს და დღევანდელი აქციით გვინდა ცოტა მეტად გავუხალისოთ შობა-ახალი წელი მოხუცებს. ბავშვებიც და მასწავლებლებიც ხალისით ჩაერთვნენ აქციაში. მოხუცებსაც პირადად ვეწვევით და სიამოვნებით ჩავერთვებით მოხალისეობრივ აქტივობებში.“ – განაცხადა სკოლის დირექტორმა ეკა ჩიქობავამ.
„გვიხარია სკოლის მოსწავლეების ასეთი ჩართულობა და მივესალმებით მსგავსი ტიპის აქციებს. ჩვენი ორგანიზაციისთვის ასეთი შემოწირულობა და მოხუცების დახმარება მნიშვნელოვანია. ამით კიდევ რამოდენიმე მოხუცს მოვუგვარებთ პრობლემებს.“ – განაცხადა საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერმა, ბატონმა გაიოზ ყუბანეიშვილმა.
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა ორგანიზაცია კარიტასის სოციალურად დაუცველ მოხუცებს მოხმარდება. სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ასევე გეგმავენ პირადად ეწვიონ ორგანიზაციის ბენეფიციარ მოხუცებს და აქტიურად ჩაერთონ მოხალისეობრივ საქმიანობაშიც.