25 ოქტომბერს, საქართველოს კარიტასმა შეხვედრა გამართა, რომელშიც მონაწილება მიიღეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოს მასშტაბით მოხალისეებთან აქტიურად მუშაობენ.
აღნიშნული ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მოხალისეობის განვითარების გზებისა და მექანიზმების შექმნა, რომელებიც მომავალში ხელს შეუწყობს მოხალისეობის განვითარებას როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
შეხვედრამ საინტერესოდ და შედეგიანად ჩაიარა. 8 განსხვავებული ორგანიზაციის წევრებმა, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და ისაუბრეს მოხალისეობის განვითარების ხელის შემწყობ და ხელის შემშლელ ფაქტორებზე. განსაკუთრებით სანტერესო აღმოჩნდა რეგიონებში მომუშავე ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება. ასევე დიდი დრო დაეთმო საქართველოში, 2015 წელს მიღებული კანონის განხილვას „მოხალისეობის შესახებ“.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: საზოგადოება “ბილიკი”, საქართველოს წითელი ჯვარი, World Vision, ხულოს LAG-ი, მტირალას და მაჭახელის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი “ინტელექტი”, BSEA შავი ზღვის ეკოაკადემია, RICDOG – ი.
გამომდინარე იქედან, რომ მოხალისეობის განვითარებას საქველმოქმედო და სოციალურ სფეროში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, მსგავსი შეხვედრების ჩატარება მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მოხალისეთა სტრუქტურისა და მოხალისეობის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელიც განხორციელდა გერმანიის კარიტასის მხარდაჭერითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.