ოქტომბრის დასაწყისში, საქართველოს კარიტასის დიდუბის ცენტრში საბავშვო სათამაშო მოედნის ოფიციალური გახსნა აღინიშნა.
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში.
ოფიციალურ გახნით ცერემონიას ესწრებოდნენ: პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ბატონი მარიუშ მაშკიევიჩი, წმ. საყდრის დესპანი საქართველოსა და სომხეთში – მისი აღმატებულება ხოსე აველინო ბეტენკური, საქართველოს კარიტასის პრეზიდენტი – ქორეპისკოპოსი ბენი ბეთ იადეგარი, საქართველოს კარიტასის დირექტორი – ქ-ნ ანაჰით მხოიანი, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს კარიტასის თანამშრომლები.
ოფიციალური ცერემონიის დაწყებას წინ უძღოდა ბუშტებით შეკრული ბაფთის საზეიმო გაჭრა. საპატიო სტუმრებმა საქართველოს კარიტასის თანამშრომლებსა და ბავშვებს სიტყვით მიმართეს და ხაზი გაუსვეს პარტნიორული თანამშრომლობისა და ორგანიზაციის საქველმოქმედო საქმიანობის ხელის შეწყობის აუცილებლობას.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გეხმარებით და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო მოხარულია, რომ მონაწილეობას იღებს საქართველოში მიმდინარე პროექტების განვითარებაში“. – განაცხადა, თავის მისასალმებელ სიტყვაში ბატონმა მარიუშ მაშკიევიჩმა, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში.
„მნიშვნელოვანია ბავშვებს შევუქმნათ ისეთი სივრცე, სადაც ისინი შეიკრიბებიან, ითამაშებენ და განათლებასაც მიიღებენ. ბავშვები ღმერთის საჩუქარია, ჩვენ ვულოცავთ ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ პროექტის განხორციელებაში“. – თავის გამოსვლაში აღნიშნა მისი აღმატებულება ხოსე აველინო ბეტენკურმა, წმ. საყდრის დესპანმა საქართველოსა და სომხეთში.
„კარგია, როდესაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დავეხმაროთ ერთმანეთს, როგორც უფალი გვასწავლის. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ეხმარება საქართველოს და მის მოსახლეობას“. – საკუთარ მიმართვაში აღნიშნა ქორეპისკოპოსმა ბენი ბეთ იადეგარმა, საქართველოს კარიტასის პრეზიდენტმა.
გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ყველამ სტადიონზე გადაინაცვლა, სადაც დღის ცენტრის ბავშვებმა შეასრულეს ქართული ნაციონალური ცეკვა „რაჭული“ და მონაწილეობა მიიღეს შეჯიბრში „მხიარული სტარტები“, რომელმაც ძალიან ენერგიულად და მხიარულად ჩაიარა. გამარჯვებულები ერთანეთს ჩახუტებით ულოცავდნენ წარმატებას.
საქართველოს კარიტასი უდიდეს მადლიერებას გამოხატავს პოლონეთის დახმარების სააგენტოს, ყველა ორგანიზაციისა და პირის მიმართ, ვინც ამ ინიციატივის განხორციელებაში შეიტანა წვლილი.