2018 წლის 24-28 სექტემბერს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო კურსი ჩატარდა ზრუნვის სფეროში დასაქმებული სამედიცინო დაწესებულებების პერსონალისთვის. სასწავლო პროგრამის მსვლელობის დროს მონაწილეები გაეცნობიან ზრუნვის სფეროს სხვადასხვა თემებს და კურსის დასრულების შემდეგ ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის შინმოვლის კვალიფიკაციის სპეციალისტის დამადასტურებელ სერტიფიკატებს მიიღებენ. სასწავლო კურსი ზრუნვის სფეროში ჩართული პირებისთვის, როგორც მომსახურების მიწოდების ხარისხის ამაღლებას, ასევე ექთან-ტრენერების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად.
კვალიფიკაციის ასამაღლებელი აღნიშნული პროგრამა ოთხი წელი გაგრძელდება და განხორციელდება ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის, წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტისა და საქველმოქმედო ორგანიზაცია საქართველოს კარიტასის სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში. ოთხი წლის მანძილზე ტრენინგებს გერმანელი პროფესორები ჩაატარებენ, მონაწილეები კი ცოდნას გაიღრმავებენ ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: ჭრილობების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, კინესთეტიკა და დემენცია.
პროექტს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით გერმანიის აკადემიური გაცვილის სამსახური – DAAD აფინანსებს.
„ჩვენ პირველ სასემინარო კვირას ვატარებთ. პროგრამა ითვალისწინებს ზრუნვის სფეროში კადრების მომზადებას, რაც ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სისტემაში საექთნო საქმის განვითარებას. ასეთი პროგრამა საქართველოში პირველად ტარდება, ის 8 სასემინარო კვირასა და 4 სიმპოზიუმს მოიცავს. მასში 32 მონაწილეა ჩართული” – განაცხადა ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის პრო-რექტორმა, პროფესორმა კორნელია კრიხელდორფმა.
“ამ კურსის მიზანია იმ კადრების კვალიფიკაციის ამაღლება, რომლებიც ძირითადად შინმოვლის სფეროში მუშაობენ, მაგრამ სასწავლო პროგრამა ასევე ტრენერების მომზადებასაც ითვალისწინებს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ის, რომ მონაწილეებს გადავცეთ ზრუნვის სერვისების მიწოდების მაღალი სტანდარტი, როგორიც გერმანიაშია უკვე დანერგილი.” – აღნიშნა ტრენერმა, მედიცინის დოქტორმა, ჰაუკე შუმანმა.
საქართველოს კარიტასის ყველა თანამშრომელი, რომელიც ჩართულია პროექტში „შინმოვლის განვითარება საქართველოში“ მონაწილეობას იღებს ტრენინგში, რაც მათ საშუალებას მისცემთ, მოსახლეობას თანამედროვე მეთოდების გამოყენებით გაუწიონ მომსახურება. საქართველოს კარიტასის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრი კი სამედიცინო დაწესებულებებსა და პროფესიულ კოლეჯებს გადამზადების კურსს შესთავაზებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
პირველი სასწავლო კურსის კვირეულის თემა იყო „ქრონიკული ჭრილობების მართვა“.