საქველმოქმედო ორგანიზაცია საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურთან თანამშრომლობით, მრგვალი მაგიდა გამართა თემაზე “შინმოვლის განვითარება საქართველოში”.
ღონისძიება მიზნად ისახავდა შინმოვლის პროექტების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილების გაზიარებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციებისთვის. შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობის დაბერების 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ და რა ამოცანების წინაშეა შინმოვლის მომსახურების ინტეგრირების პროცესი ქვეყნის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემასთან.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლებმა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის აპარატის წევრებმა. მრგვალი მაგიდის შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე გორის, ქუთაისის, ახალციხის და სხვა ადგილობრივი თვითმმართველობების, შინმოვლის მომსახურების მიმწოდებელი და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების თანამშრომლები.
„ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებს გვინდა მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გამოწვევების წინაშეა დღეს შინმოვლის საკითხები. შეხვედრის მიზანია, რომ სხვადასხვა რეგიონებში დაინერგოს მსგავსი მომსახურება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ქვეყნისთვის“ – განაცხადა საქართველოს კარიტასის ჯანდაცვის პროგრამების მენეჯერმა, გაიოზ ყუბანეიშვილმა.
„ორი-სამი წელია, რაც შემუშავდა შინმოვლის სტანდარტი, რომელიც სამინისტროს ჩართულობით გადაიხედება და მიიღებს ნორმატიული ბაზის სახეს. მუნიციპალიტეტების ვალდებულება უნდა გახდეს შინმოვლის სერვისების განვითარების ხელშეწყობა, ვინაიდან შინმოვლა თავისი არსით არის სათემო სერვისი.
სამინისტრომ შექმნა ერთიანი სამუშაო ჯგუფი საერთაშორისო, სათემო ორგანიზაციების და მუნიციპალიტეტების ჩართულობით. ამ ჯგუფში გაიმართება მსჯელობა სტანდარტების შესახებ და წლის ბოლოს დასრულებულ სახეს მიიღებს თუ როგორ უნდა განვითარდეს ის“ -აღნიშნა ქეთევან გოგინაშვილმა, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა.