25 წლის წინ, კარიტასი აღმოსავლეთ ევროპაში ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდა. „ევროპის კარიტასში“ სიტუაცია, აღმოსავლეთში განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებების შედეგად, მნიშვნელოვნად შეიცვალა. კარიტასის მსოფლიო რუკას დიდი თეთრი წერტილი დაემატა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ მსოფლიოში მშვიდობა უფრო მეტად დაისადგურებდა და ეს, კარიტასის აღმოსავლეთ ევროპაში შექმნის შედეგად მოხდებოდა.
„ევროპის კარიტასის“ წლიურ შეხვედრაზე, დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს აღმოსავლეთ ქვეყნების მოკავშირეები გამხდარიყვნენ. კარგად მახსოვს 1993 წელი იყო, ეს შეხვედრა ვენაში ტარდებოდა. როდესაც ტაჯიკეთისა და საქართველოსთვის მოკავშირეების ძებნა დავიწყეთ ისე გამოვიდა, რომ ყველანაირი დისკუსიის გარეშე საქართველო გერმანიასთან დააკავშირეს. ასე გავხდი პასუხისმგებელი იმ ქვეყანაზე, რომელსაც მხოლოდ ტელევიზიით გადმოცემული მძიმე კონფლიქტური ვითარებით ვიცნობდი.
სულ მალე, ვატიკანის ნუნციოსგან, მისი აღმატებულება, ჟან პოლ გობელისგან “გერმანიის კარიტასში“ წერილი მოვიდა, რომელიც საქართველოში კონფლიქტისგან დაზარალებული ხალხის დახმარებას ითხოვდა. იმ დროისთვის ჯერ კიდევ არ არსებობდა “საქართველოს კარიტასი”. მაგრამ წერილის მოსვლის შემდეგ პირველად საქართველოში გამგზავრება მომიწია. ჩასვლის დროს, საქართველოს დედაქალაქი, თბილისი, საომარ ზონად იყო გამოცხადებული. შენობები რუსთაველის გამზირზე დანგრეული ან დაზიანებული იყო. აეროპორტიდან ნუნციოს მძღოლთან ერთად ვიარე, რომელმაც ყოფილ საელჩომდე მიმიყვანა.
აეროპორტიდან წამოსვლისას უამრავი საგზაო ბლოკის გავლა მოგვიხდა. ჩემთვის გაუგებარი იყო, რომელი პარტიის წამომადგენლები ამოწმებდნენ ჩვენს საბუთებს. როგორც კი საელჩოსთან მივედით, მძღოლმა მანქანიდან სწრაფად ჩამომსვა და სახლამდე არსებული ბაღის გავლა მარტოს მომიწია. გზაში შევნიშნე შავებში ჩაცმული მამაკაცი, რომელიც გენერატორის ჩართვას უშედეგოდ ცდილობდა… მოგვიანებით, ამ შეხვედრის გახსენებისას ჩვენ მუდამ ვიცინოდით.
ასე შევხვდი, პირველად ჩემს ცხოვრებაში, ნამდვილ ნუნციოს. წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ეს შეხვედრა ჩემი, საქართველოსა და „საქართველოს კარიტასის“ არაჩვეულებრივი გუნდის 25-წლიან მეგობრობაში გადაიზრდებოდა. იმ დროს ძალიან ბევრი რამ იყო გასაკეთებელი. გადაუდებელი დახმარება სწრაფად გადაიზარდა საქართველოს კარიტასის დაარსების მცდელობაში, წესდებისა და სტრატეგიის შემუშავებაში, ასევე სოციალურად დაუცველი ხალხისთვის უფასო სასადილოების დაარსებასა და დედა ტერეზას დების დახმარებაში. შემდგომ კი „შინმოვლის“ პროექტიც შეიქმნა. ამ დროის განმავლობაში, დაუღალავი პადრე ვიტოლდი იყო ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც „საქართველოს კარიტასის“ შექმნისკენ გვიბიძგებდა. ფრანც იოსებ ვოლმერისა და „საერთაშორისო კარიტასის“ (Caritas Internationalis) დახმარებით, მან შეძლო კარიტასის საქართველოში დარეგისტრირება, ახალი ვატიკანის საელჩოს აშენება და თანამშრომლების აყვანა, რომელთა ნაწილი დღესაც მუშაობს კარიტასში (ნაზი, ლიანა, კობა, ქეთი, ნინო და სხვა უამრავი ადამიანი).
სწორედ ამ პერიოდში დაარსდა საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ და იგი დღესაც მყარად ინარჩუნებს საკუთარ ადგილს. მე ძალიან ბედნიერი ვარ იმ 25 წლის მეგობრობის, რომელიც ბიუროკრატიული ქმედებებისა და „გერმანიის კარიტასისთვის“ სრულიად უცხო ქვეყნის მიმაგრებით დაიწყო.
მაგრამ მოდით, ნუ დავივიწყებთ, რომ ხალხი, პარტნიორობა და შემდეგ მეგობრობა – ეს არის საძირკველი, იმ ყველაფრისა, რაც დღემდე შეიქმნა. სწორედ ამ საძირკველის შესანიშნავი ხარისხის გამო, მე მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის მომავალ 25 წელს.
თქვენი მეგობარი,
გერნოთ კრაუსი.