სიცოცხლეები
პატარა რომ ვიყავი, მინდოდა სუპერ გმირი გავმხდარიყავი, მინდოდა ხალხის დახმარება. როდესაც ხალხს ეხმარები, განთქმული ხდები, ყველა აღფრთოვანებულია შენით!
იცით, ჩვენს ჰუმანიტარულ სასადილოში მზარეულები, ასისტენტები და დამლაგებლები მუშაობენ, მათ სუპერ გმირს არავინ ეძახის და ტელევიზიაშიც არ აშუქებენ. მაგრამ, ყოველ დღე, ისინი ასობით გაჭირვებული ადამიანისთვის საჭმელს ამზადებენ. მათ იციან ყველას სახელი, იციან, თუ რა პრობლემა აქვს თითოეულს და რამდენი ხანი არ უნახავთ შვილები. ყოველ დღე საჭმლით თეფშს აწვდიან, რომლის გარეშე ვიღაც უკვე დიდი ხანია დაიღუპებოდა. ისინი სიცოცხლეებს არჩენენ. ისინი არიან სუპერ გმირები.
კარიტასში მუშაობისას უამრავია ადამიანი შემხვდა:ის, ვინც ეხმარებოდა და ის, ვინც დახმარებას სთხოვდა; ის, ვინც მარტო დარჩა და ის, ვინც დიდ ოჯახს ინარჩუნებდა; მე შემხვდა ხანდაზმული მამაკაცი, ვინც დღეებს ავტობუსში ატარებდა სიცივის გამო; შემხვდა ბავშვი, რომელსაც ოთახში მარტო დარჩენა ეშინოდა, რადგანაც მას ოთახში კეტავდნენ; შემხვდა გოგო, რომელიც ყუთში იყო გაზრდილი; შემხვდა ოჯახი, რომელიც გარაჟში ცხოვრობდა და ტუბერკულოზისგან იღუპებოდა; შემხვდა მარტოხელა ბებო, რომელსაც ძაღლი უკვდებოდა იმის გამო, რომ არავის უნდოდა ვეტერინართან მისი მიყვანა; შემხვდა ქალბატონი, რომელმაც თავი დაივიწყა და მწოლიარე ორ შვილს და დედას უვლიდა…
მე კარიტასში ღმერთის ნებით მოვხვდი, ეს პროფესია არ ამირჩევია და ხანდახან რთულია სამსახურში მისვლა, როდესაც გრძნობ რამდენად ცუდად არიან ის ადამიანები, რომლებიც დახმარებისთვის მოდიან შენთან; რთულია, როდესაც იცი, რომ შენი დახმარება მხოლოდ პატარა წვეთია და შენი შრომის შედეგს მეორე დღესვე ვერ დაინახავ. მაგრამ შენ მაინც მოდიხარ, სახლში ვერ ჩერდები, არ შეგიძლია არ დაიმახსოვრო მათი სახელები, არ შეგიძლია არ გაიზიარო მათი განცდები. რადგან ერთი ღიმილიც, ერთი მადლიერება, ერთი გაუმჯობესებული ცხოვრება – სტიმულია გააგრძელო ბრძოლა ამ სამყაროს უსამართლობასთან. შენ არა მხოლოდ გასცემ, არამედ ბევრად მეტს იღებ! მაჰატმა განდიმ თქვა: „შენი თავის მოპოვების საუკეთესო გზა არის შენი თავის დაკარგვა სხვის მსახურებაში“. მე ჩემ თავს კარიტასში არ ვეძებდი, მაგრამ კარიტასში ჩემი თავი ვიპოვე.
საქართველოს კარიტასი უკვე 25 წელია ადამიანების სიცოცხლეს ეხება, ვულოცავ ჩემს კარიტასს იუბილეს.
-ინგა ჩხეიძე, საქართველოს კარიტასის სოციალური ზრუნვის პროგრამის მენეჯერი