კარგად მახსოვს 1994 წელი იყო, როდესაც ქუთაისიდან დროებით საცხოვრებლად თბილისში წავედი. ჩემი სახლის გვერდით ვატიკანის საელჩო შენდებოდა. სწორედ აქ გავიცანი მამა ჯუზეპე და მამა გაბრიელი. მათთან ყოველდღიურად სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდი და თანდათან ძალიან დავახლოვდით. ერთ დღესაც, როდესაც უკვე ქუთაისში დავბრუნდი, ქუჩაში მამა ჯუზეპე და მამა გაბრიელი დავინახე, როცა მათ ქუთაისში ყოფნის მიზეზი ვკითხე მიპასუხეს, რომ თბილისიდან ქუთაისში გადმოვიდნენ და ნიუპორტის ქუჩაზე სახლი იყიდეს – დღეს იქ კარიტასის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობის ოფისია. მათთან შეხვედრის შემდეგ ჩემს ორ მეგობართან- მანანა იობიძესა და ეთერ ჯაფარიძესთან ერთად გადავწყვიტე მათ სხვადასხვა საქმეში დავხმარებოდი: დავდიოდით გაჭირვებულ ხალხთან და ზოგს პროდუქტით, ზოგს კი მედიკამენტებით ვეხმარებოდით. თავდაპირველად, ამ ყველაფრის ნაწილს საკუთარი სახლიდან ვიღებდით და ხალხს ვურიგებდით. შემდეგ კი მედიკამენტებსა და სხვა საჭირო ნივთებს უცხოეთიდან გვიგზავნიდნენ . ფაქტობრივად, ჩვენ მოხალისეები ვიყავით, თუმცა ჯერ სახელი არ გვერქვა. როცა თბილისში უკვე ოფიციალურად ჩამოყალიბდა საქართველოს კარიტასი, ჩვენ დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლები გავხდით. პირველივე დღიდან სრულიად უხელფასოდ ვმუშაობდით და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როდესაც ანაზღაურება უნდა აგვეღო, მე მასზე უარი ვთქვი, რადგან ფული არ იყო ის მიზეზი, რის გამოც მე კარიტასში მოვედი.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კარიტასი ძალიან დამეხმარა- აქ სიარულის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა ამ ამბის გადატანა. დღეს ეს ჩემი სახლია, კარიტასში ყველა თბილი და მზრუნველია, თითქოს ყველა ერთმანეთს ვავსებთ. ვფიქრობდი, უცხოელები შრომობენ რომ აქ, ჩემს ქვეყანაში ხალხს დაეხმარონ და მე როგორ არ უნდა დავეხმარო ჩემს ხალხს? ეს საქმე სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც სხვას ვეხმარები, მე თვითონ ვარ ბედნიერი. შეუძლებელია, ამ დიდი ოჯახის 25 წლიანი ისტორია ერთ ამბავში ჩაატიო. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ წარმოუდგენელ შრომას მოითხოვს, თუმცა ჩვენ სწორედ ამ შრომისთვის ვცოცხლობთ.