ემპათია, სიყვარული, თანადგომა, მოხალისეები, თანამშრომლები, ბენეფიციარები, თვალები, თვალები რომლებიც სიწრფელეს ქადაგებენ და სხვა სამყაროში გაგდებენ, ეს ყველაფერი კი ერთ სივრცეში და ერთ დიდ ოჯახში, კარიტასშია.
მე ვამაყობ, რომ ვარ ამ ოჯახის სრულფასოვანი ნაწილი. მინდა პირველი დღე გავიხსენო. დღე, რომელმაც ჩემი პიროვნების ახალი მხარე დამანახა, მოხალისეების ღიმილი და უდიდესი მიმღებლობა იყო ის მამოძრავებელი ძალა, რამაც მე კარიტასის სიყვარულის ნაწილად მაქცია. დამებადა პირველი კითხვა: რატომ არიან ასეთი კარგები ჩემთან სრულიად უცნობთან?
მათი სიყვარული იმდენად უტოპიური იყო, რომ გადამავიწყდა ეს კითხვა. რაღაც დროის გასვლის შემდეგ მივხვდი, რომ ნამდვილი მოხალისე დიდი სიყვარულის ტოლფასია და მოხალისე სიყვარულის გარეშე მსგავსია უღუზო გემისა. აი ასე, უბრალო ღიმილით და ციმციმა თვალებით ჩაისახა ჩემში მოხალისეობის სიყვარული. არ ვიცი, ადამიანმა რა უნდა გააკეთოს იმ საუკუნო ბედნიერებისთვის, რომელიც წამებში იბადება. ეს დაუვიწყარი წამები კარიტასში დავიჭირე და სამუდამოდ გამყვება.
პირველ დღეს შეშინებული ვიყავი, რადგან არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მე მოხალისის სიყვარული მაძლიერებდა. დღის დასრულების შემდეგ ბავშვები თავიანთი უმანკო სულით და თვალებით ყველა ერთად მეხუტება და მეუბნება, რომ მათ მე ძალიან ვუყვარვარ. გამოვდივარ გარეთ და ვდგავარ ღიმილით, რომელიც მთელ სამყაროს ეყოფა და ვრეკავ დედასთან ბედნიერების გასაზიარებლად. მას შემდეგ ყოველდღე ვურეკავ დედას იმის სათქმელად, რომ მე ბავშვებს ვუყვარვარ, რომ მათ უნდათ რომ მე მგავდნენ, რომ ყოველდღე სამშაბათი იყოს და რომ ისინი ჩემი მეგობრები არიან. ბავშვები უამრავ ტკბილ სიტყვას მეუბნებიან, რაც ცხოვრებას მიფერადებს. მე მიყვარს კარიტასი.
25 წელია, რაც საქართველოს კარიტასი მოხალისეებს, ბავშვებს, მოხუცებს, მარტოხელა დედებს, რწმენადაკარგულებს და უპოვრებს ამ განსაკუთრებულ გრძნობას, სიყვარულს, ჩუქნის. ვულოცავ კარიტასს იუბილეს.
-მარი მანველიშვილი, მოხალისე