როგორც მჩვევია, კარიტასში სრულიად დაუგეგმავად მოვხვდი, აქამდე არასდროს ვყოფილვარ მოხალისე. ჩემი მეგობარი კარგად ერკვეოდა კომპიუტერებში და კარიტასში მოხალისედ ზუსტად ასეთი ადამიანი სჭირდებოდათ. მეც გადავწყვიტე, რომ მასთან ერთად მივსულიყავი და გამოცდილება შემეძინა.
თავიდან ძალიან დავიბენი და შევშინდი, მაგრამ როდესაც კარიტასში პირველად მივედი მოხალისეების შეხვედრაზე მივხვდი, რომ სულაც არ მინდოდა ამ ორგანიზაციიდან წავსულიყავი. თავიდან არაფერი ვიცოდი კარიტასზე, მაგრამ რაც უფრო ბევრს ვიგებდი და რაც უფრო მეტ პროექტში ვიღებდი მონაწილეობას მით უფრო მომწონდა.
კარიტასი არის ორგანიზაცია, რომელიც მეხმარება იმის გაკეთებაში, რაც მიყვარს. გავიცანი სხვა მოხალისეები, კოორდინატორები, კარიტასის დირექტორი და სასულიერო პირები. ყველა მათგანი არის სასწაული და მე თითოეულს ვაფასებ და მიყვარს. მართალია სულ რამდენიმე თვეა რაც მოხალისე ვარ, მაგრამ კარიტასი და კარიტასში მომუშავე ადამიანები ჩემთვის ყველაფერია.
როცა ვეცნობი, თუ რა გაუკეთებია ამ ორგანიზაციას 25 წლის მანძილზე, ვამაყობ, რომ ამის ნაწილი გავხდი, ვამაყობ, რომ ასეთი ადამიანები გავიცანი. ჩემთვის კარიტასი არამარტო ორგანიზაცია, არამედ ოჯახია, დიდი და ძლიერი ოჯახი, რომელსაც ჩვენი თითოეული აქ მომუშავე და მოხალისე აძლიერებს. მინდა, რომ ეს ოჯახი კიდევ უფრო დიდი გახდეს ვიდრე ახლაა.
მე და საქართველოს კარიტასი ვართ ორი ნაწილი, რომელიც ერთმანეთს ავსებს როგორც სიმბიოზის დროს და არამარტო მე- ყველა ადამიანი, ვინც, ასე ვთქვათ, კარიტასელია, ისიც ამ სიმბიოზის ნაწილია. მე მიყვარს კარიტასი და არასდროს შევწყვეტ მის სიყვარულს. ახლა ვხვდები, რომ ჩემი მაგალითიდან გამომდინარე, შემთხვევითობა ყოველთვის ცუდი არ არის და ზუსტად ამ შემთხვევითობის წყალობით გავხდი ამ დიდი და სიყვარულით, თანასწორობითა და ემპათიით სავსე ოჯახის წევრი. როდესაც ვამბობ, რომ კარიტასში მოხალისე ვარ, სიყვარულით და სიამაყით ვივსები.
-ნაზი გელაშვილი, მოხალისე