კარდინალ ტალიეს 2018 წლის ადვენტის გზავნილი
თუ შევხედავთ ქრისტეს დაბადებასა და სიკვდილს დღევანდელი გადასახედიდან, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის დამარცხდა; დაიბადა ბეღელში და ოცდაცამეტ წელიწადში საკუთარმა ხალხმა ჯვარს აცვა, როგორც უბრალო ავაზაკი.
მიუხედავად მისი თავმდაბალი დაბადებისა და სიკვდილისა, მისი ცხოვრების მოვლენების მეშვეობით, მან რევოლუცია მოახდინა იმის მხრის, თუ როგორ ვუყურებთ ღარიბ და მარგინალურ ადამიანებს, რას ვფიქრობთ ძალაუფლების შესახებ და ვინ მიგვაჩნია როგორც „გამარჯვებული“ და „დამარცხებული“.
ქრისტეს მოგზაურობები – დაბადებიდან, ამქვეყნიური ცხოვრების დროს, როგორც მქადაგებელი, ჯვარცმდე და ზეციურ მამასთან მისვლამდე – გვაჩვენებს თუ როგორ ვდგავართ ჩვენი პირადი და საზოგადოების მოგზაურობის პირისპირ.
მოდით ამ ადვენტის დროს დავფიქრდეთ, თუ რამდენჯერ გვინახავს ახალ ამბებში ფეხმძიმე მიგრანტი ქალები, რომლებიც კვეთენ უდაბნოს ან ჩამოდიან უსაფრთხო ნავებიდან და მათ არ აქვთ სახლი, სადაც მისვლა შეუძლიათ. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი მათ ან მარიამისა და იოსების ადგილზე ბეთლემში მოგზაურობისას? ქალაქი არ იყო მზად მათ მისაღებად. ის არ სთავაზობდა ორსულ ქალბატონს მისთვის საჭირო პირობებს. წმიდა ოჯახი ამ პატარა ადგილისათვის ზედმეტი იყო.
შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი მწყემსების ადგილას, რომლებიც მივიდნენ რათა თაყვანი სცენ ახალშობილ იესოს? მათ ყველა უყურებდა როგორც საზოგადოების გარიყულ და გაუნათლებელ ნაწილს და მიუხედავად ამისა, ანგელოზი ზუსტად მათ გამოეცხადა და უთხრა „ნუ გეშინიათ.“ ადამიანური რეაქცია ამნაირ ვითარებაზე შეიძლება შიშით დამალვა იყოს, მაგრამ მწყემსები წავიდნენ ბავშვის მოსაძებნად და შემდეგ გაავრცელეს ეს სასიხარულო ამბავი.
იესოს, მარიამისა და იოსების, მწყემსებისა და მოგვთა მსგავსად ჩვენც მოწოდებულნი ვართ შევუდგეთ გზას, რომელიც ძალას, ადამიანობას, სიბრძნესა და გამბედაობას მოითხოვს. ამ მოგზაურობისას, ჩვენ ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც შეიძლება ნაადრევად განვსაჯოთ, როგორც “გამარჯვებულები” ან “დამარცხებულები” მათი ცხოვრების ისტორიის არცოდნის გამო ან იმის გაუთვალისწინებლად, თუ რა როლი უკავიათ მათ ჩვენს ცხოვრებაში.
ადამიანი, რომელიც როგორ ჩანს არ აპირებს შობის მოგზაურობაში მონაწილეობის მიღებას არის მეფე ჰეროდე. ის რჩება თავის სასახლეში და გასცემს ბრძანებას თავის მსახურებს, რომ ბეთლემში ყველა ბიჭი მოკლან. ის ცდილობს ძალაუფლების გამოყენებით დაიცვას თავისი სამეფო ადგილი შიშისა და უნდობლობის გავრცელებით. წმიდა ოჯახი ისევ „დამარცხებულია“ და შესაფარის საძიებლად გარბის ეგვიპტეში.
როდესაც იესო გვეუბნება: “ღვთის სასუფეველი თქვენშია”, ის გვთხოვს სხვანაირად შევხედოთ სამყაროს, სადაც არ არსებობს ადამიანი, რომლებიც ითვლება “დამარცხებულად”. ჩვენი მეფეები იბადებიან პატარა და მოკრძალებულ ადგილებში და არა სასახლეში. ჩვენს საზოგადოებაში ყველაზე ღარიბი და მარგინალიზებული ადამიანები იმედს გვაძლევენ.
ჩვენ, კარიტასი პაპი ფრენცისკესთან ერთად, მივმართავთ მთელ მსოფლიოს რათა მიგრანტებთან და ლტოლვილებთან ერთად “გაიზიარონ მოგზაურობა”. პირველი ნაბიჯი საკმაოდ მარტივია – შევხედოთ სხვა პიროვნებას, როგორც ღვთის სრულყოფილ ქმნილებას და ზურგი არ ვაქციოთ შიშით, ცრურწმენითა და სიძულვილით.
ამ ადვენტის დროს, ჩვენი კამპანია „გაიზიარე მოგზაურობა“ მოგიხმობთ გააფართოვოთ თქვენი გულის ჰორიზონტი თქვენს გარემოში მიგრანტებთან და ლტოლვილებთან მოკლე მომლოცველობის ორგანიზებით, რათა მეტი გავიგოთ ერთმანეთის შესახებ და გავაძლიეროთ იმედის კავშირი. თქვენი მოგზაურობა მიგრანტებთან და ლტოლვილებთან იქნება მილიონ კილომეტრიანი გლობალური მოგზაურობის ნაწილი. ეს იმის მანიშნებელია თუ ჩვენ როგორ განვიცდით ჩვენს ცხოვრების მოგზაურობას, როგორ ვზრუნავთ იმ ადამიანებზე, ვინც გზაში გვხვდება და როგორ ცვლიან ისინი ჩვენს შინაგან სამყაროს.
საშობაოდ ჩვენი გულებისა და გონების მზადებისას, გვახსოვდეს ის იმედი, რომელიც როგორც ამ მსოფლიოს მიგრანტები და ლტოლვილები, ყოველთვის წინ მიისწრაფის. ჩვენი თვალების გახილვითა და სხვებისკენ მისწრაფების მეშვეობით, ჩვენ დავინახავთ უზარმაზარი სიყვარულის ტალღას ჩვენს გულებში და ჩვენი საბოლოო დანიშნულება იქნება მშვიდობა. ეს მოხდება მაშინ, როდესაც არც ერთი ადამიანი ან ქვეყანა აღარ იტყვის „ თქვენთვის აქ ადგილი არ არის“.
გისურვებთ ადვენტის ნეტარ მოგზაურობას!
თქვენი ქრისტეში,
კარდინალ ლუის ანტონიო ჯ. ტალიე