„პრობლემას თუ ვერ გადალახავ, ჩაიძირები – ეს არის რეალობა. ადამიანმა საკუთარი რეალობა ზუსტად ისე უნდა დაინახოს და შეაფასოს, როგორც არის.“ – ეს სიტყვები ეკუთვნის ქალს, რომელმაც მძიმე ვითარებას თავად ჩახედა თვალებში და წინ აღუდგა ოჯახში ძალადობას.
„2008 წელს დავოჯახდი. ჩემი მეუღლე აღმოჩნდა მოძალადე, მე და ჩემი შვილი კი – ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი.“ რვაწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ა.ი – მ გადაწყვიტა წერტილი დაესვა ყველაფრისთვის. თუმცა ის დარჩა მარტო, პატარა ბავშვით ხელში, ყველანაირი შემოსავლისა და იმედის გარეშე. ბევრი სირთულის შემდეგ, როგორც თვითონ მოგვითხრობს, მის ცხოვრებაში იმედი საქართველოს კარიტასში მოსვლისას გაჩნდა.
„კარიტასში მოხვედრის შემდეგ ფეხზე წამოვდექი, დღეს უკვე მყარად ვდგავარ, მგონი წელშიც ვიმართები და მალე იმხელა ფრთებს მოვისხამ, რომ კიდევაც შორს გავფრინდები.” – ამბობს მომღიმარი სახით.
„კარიტასი არის ერთი დიდი ოჯახი, ბენეფიციარები კი ამ ოჯახის წევრები. არაჩვეულებრივად მახსოვს ის დღე, როდესაც მე და ჩემმა შვილმა პირველად შევაღეთ თავშესაფრის კარი. იმ მომენტიდან ბენეფიციარები და თანამშრომლები ჩემთვის ახლობელი ადამიანები გახდნენ. ადამიანები, რომლებსაც არასდროს დავკარგავ“.
„ძალიან მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ეს ორგანიზაცია, რომ არა ალბათ მოვკვდებოდი, მაგრამ მე გამიმართლა და სწორედ აქ მოვხვდი. დღეს ცოცხალი ვარ და ცხოვრებას ახალი ფურცლიდან ვიწყებ…“
ა.ი არის საქართველოს კარიტასის “წმ. ბარბარეს დედათა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრის” ოჯახის წევრი, რომლისგანაც ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. დიდი ტკივილისა და ცხოვრებისეული სირთულეების მიუხედავად, მის სახეზე აუცილებლად შენიშნავთ ლამაზ ღიმილს, ღიმილს რომლის გულწრფელობაშიც არავის შეგეპარებათ ეჭვი და რომელიც მომავლის იმედითაა სავსე…
ავტორი – მარიამ ლაცაბიძე