საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული შინმოვლის პროექტის ბენეფიციარია ქალბატონი გუგული ბაქრაძე, რომელსაც კვალიფიციური ექთნების, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის გუნდი წლებია დახმარებას უწვას. იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტის მოვლა თავის სპეციფიკას საჭიროებს, შინმოვლის ფსიქოლოგები პაციენტის ოჯახის წევრებთანაც აქტიურად მუშაობენ. ხშირად ასეთ ახლო თანამშრომლობას საოცარი შედეგი მოაქვს. ასეთია ქალბატონი ნატა ბაქრაძის ამბავიც. შინმოვლის ფსიქოლოგებთან ურთიერთობის შემდეგ, 60 წლის ასაკში ხატვა დაიწყო და დღეს გამოფენის მოწყობასაც გეგმავს.
63 წლის ნატა ბაქრაძე ყველაზე ხშირად ყვავილებს ხატავს. ამბობს, რომ ბუნებაში ყველაზე თავისუფლად და ბედნიერად გრძნობს თავს, ამიტომ უნდა ფერები და სურნელი ტილოზე გადმოიტანოს. „აქ იყო თავიდან დახატული პიონები, ისეთი დაწყობილი დალაგებული პიონები. გავგიჟდი, არა მეთქი ეს ჩემს ხასიათში არ ზის. ავურიე დავურიე, კიდევ უფრო კეკლუცი ყვავილები გამოვიდა და ვიფიქრე ამას გადავაგდებ ეხლა მეთქი და ასე გავხაზე, გავხაზე და ეს გამოვიდა. ეს არის ჩემი ხასიათი,“ გვიყვება ქალბატონი ნატა მის ერთ-ერთ ნამუშევარზე.
ქალბატონი ნატა პროფესიით ეკონომისტი და მუსიკათმცოდნეა. 30 წელი კი კოსმეტოლოგ-დერმატოლოგად იმუშავა. ის საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ბენეფიციარის ქალბატონი გუგული ბაქრაძის შვილია. ხატვა 60 წლის ასაკში დაიწყო. ფუნჯების და პალიტრის აღება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა.
„ვხედავდი, რომ წლების შრომის შემდეგ ჩემთვის ღირებული არაფერი შევქმენი. მქონდა განცდა რომ ვერაფერი შევქმენი და ამაში საკუთარ თავს ვადანაშაულებდი. არასოდეს არ არის გვიან, ის რაც გინდა, ამას უნდა დააკვირდე შენს თავში. სამწუხაროდ ცხოვრების ფერხული ისეთი რამეა, რომ რაღაცეები გრჩება. ეხლა მშვიდად ვარ, ძალიან მშვიდად. ჩემს ნახატებთან და აზრებთან ერთად, რომ კიდევ სხვა ბევრი რამ შემიძლია.“
შინმოვლის პროექტის ფარგლებში ქალბატონი ნატას სახლში ფსიქოლოგიც დადიოდა. „როცა ფსიქოლოგი უნდა მოვიდეს, იმ დღეს ველოდები, რომ ჩემს ცხოვრებაში, რაღაცა კიდევ გამოახალგაზრდავდება, რაღაც კარგი. კარგია რომ კარიტასს ასეთი მეთოდი აქვს. მირანდას [შინმოვლის პროექტის ფსიქოლოგი] ისე აინტერესებს ხოლმე ჩემი ნახატები. თვითონ მაჩვენებს რაღაც გზას, რომელსაც მერე თავად ვპოულობ. პირდაპირ არ გეუბნება, შენს აზრებს რომ მოუსმენს, მერე ისეთ რაღაცას გეტყვის, რომ ის ორი სიტყვაც საკმარისია. მე დიდხანს ვფიქრობ ამაზე,“ გვიყვება ქალბატონი ნატა.
პირველი შემფასებელი მაინც დედა იყო. ყოველი ახლად დახატული ყვავილი თავიდან პატარა ბავშვივით დედასთან მიქონდა და მისგან ელოდა შექებას, აზრის მოსმენას. „ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ როცა დავხატავდი გავრბოდი დედასთან და მას ვაჩვენებდი, დედა როგორც პატარა ბავშვს ისე მაქებდა. ძალიან მინდა დედა დავხატო.“
ქალბატონი ნატას ნახატები ოჯახის და მეგობრების წრეს გაცდა. ერთ დღეს, შემთხვევით გაიგო, რომ მხატვარი უფასოდ ასწავლიდა ხატვას. მისვლა გადაწყვიტა. წაიღო ნახატები და შეხვდა მხატვარ წყვილს, რომლებიც მისი პირველი პროფესიონალი შემფასებლები გახდნენ.
„მივედი ერთ-ერთ ცნობილ მხატვართან მესწავლა ხატვა, უფასოდ ასწავლიდნენ. როცა ნახატები ნახა, მეუღლეს უთხრა. ნახე რეები გაუკეთებიაო. მე დავიბენი, უცებ არ ველოდი. მე ვერაფერს გასწავლით. თქვენ უკვე ხართ მხატვარი. ეხლა მოემზადეთ გამოფენისთვისო,“ ეს სიტყვები ხშირად ახსენდება და გამოფენაზეც ფიქრობს. უბრალოდ რთულია მხარდაჭერის გარეშე გამოფენის მოწყობა. ნახატები კი უკვე იმდენია, რომ სახლშიც არ ეტევა, განსაკუთრებული შენახვა ჭირდება, რომ არ დაზიანდეს. მატერიალური სირთულეების ფონზე ეს ყველაფერი კიდევ უფრო ძნელი ხდება. თუმცა, ქალბატონი ნატასთის ფინანსურ სირთულეს ხატვაში ხელი არ შეუშლია. როგორც თავად ამბობს, როცა რაღაც გინდა ყველაფერს გააკეთებ. ასე მაგალითად, ტილოების გვერდით შესაძლოა ულამაზესი პეიზაჟი შვრიის ფაფის ყუთის გარეკანზე იყოს დახატული. „ჰერკულესის ფაფის და შოკოლადის ყუთზეც დამიხატავს“ გვიყვება და გვაჩვენებს ყველაზე ფერად ყვავილებს, პეიზაჟებს, პორტრეტებს.
ყველა ნახატში ჩანს ხასიათი. აქ არის ერთდროულად ქაოსიც და საოცარი სიმშვიდე. ჩრდილები, სინათლე, ფერები და რაც მთავარია იმედი, რომ არასდროს არის გვიან ოცნებების ახდენა.