კარიტასი ჩვეულებრივი ორგანიზაციაა, მასში მომუშავე არაჩვეულებრივი ადამიანებით. ამ ადამიანების რიცხვში, არა მხოლოდ ლიდერები ან მენეჯერები მოიაზრებიან, არამედ ისინი, ვინც ყოველდღიურად ემსახურებიან გასაჭირში მყოფ მოსახლეობას. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან ცხოვრების ფასი, აქვთ სიყვარულის ნიჭი და აცნობიერებენ მის ძალას. საბოლოოდ, სწორედ ეს ხალხი შეადგენს კარიტასის სულს, ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ნაწილი კი ამ სულისა – ახალგაზრდებია.
საქართველოს კარიტასი მოხარულია, რომ რეგიონალური კონფერენციის ფარგლებში 7-დან 9 მაისის ჩათვლით, უმასპინძლებს ახალგაზრდული კარიტასის წარმომადგენლებს. კონფერენციაზე სანამ ლიდერები გადაწყვეტენ კარიტას ევროპის მომავალს და განსაზღვრავენ პრიორიტეტებს, ახალგაზრდა მოხალისეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ერთად მოიყრიან თავს, რათა ერთმანეთს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ. მომავალ წელს, საქართველოს კარიტასს 25 წელი შეუსრულდება და ამ წლების განმავლობაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისი კარიტას ევროპის მასშტაბურ შეხვედრას მასპინძლობს. ორგანიზაციის ბევრ პარტნიორს, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას რეგიონალურ კონფერენციაში, დიდი წვლილი მიუძღვის კარიტასის განვითარებაში და ქართველი ხალხის დახმარებაში. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ თითოეულ მათგანს და ყველა წევრ ორგანიზაციას.
ეს სამდღიანი ინტენსიური შეხვედრები და აქტივობები არის სოლიდარობის გამოხატულება მათთვის, ვისაც ვემსახურებით. ჩვენ დაუზოგავად ვშრომობთ, რომ მივაღწიოთ სამართლიანობას, ადამიანურ ღირსებას, საყოველთაო კეთილდღეობას… მაგრამ იმასაც ვაცნობიერებთ, რომ არცერთ ჩვენგანს შესწევს ძალა მიაღწიოს 100%-იან შედეგს. 100 %-იანი შედეგის მიღწევა მხოლოდ სოლიდარობითაა შესაძლებელი: არა მხოლოდ თანაგრძნობით, არამედ საქმიანობითაც. სოლიდარობა კარიტასის ერთ-ერთი ძირითადი ფასეულობაა. მე ძირითადს ვუწოდებ, რადგან მას შესწევს ძალა, რომ გაგვაერთიანოს, ჩვენი საქმიანობა უფრო ეფექტური გახადოს, ჩვენი ხმა უფრო გასაგონი და ჩვენი სიყვარული უფრო მიღებული.
ანაჰით მხოიანი
საქართველოს კარიტასის დირექტორი