როდესაც მოხალისეებთან მუშაობ, შენი სამსახური ვერასოდრეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ სამსახური. ის შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ყოველ დღე მე ვხვდები სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების ხალხს, რომლებიც მოდიან კარიტასში საკუთარი უნარების გასაზიარებლად. ზოგიერთი თვლის, რომ ეს უბრალოდ დროის ფუჭი ხარჯვაა. მე მოხალისეებთან ზუსტად 7 წელია ვმუშაობ და ამ ხნის განმავლობაში ვაკვირდები, რომ ის ვინც, აქ მოდის და სხვებს საკუთარ უნარებსა და გამოცდილებას უზიარებს, ეხმარება მათ, იმაზე ბევრად მეტს იღებს, ვიდრე გასცემს.
მოხალისე არ არის მაინცდამაინც ის, ვისაც ბევრი რამ გააჩნია. მოხალისე არის ადამიანი, რომელიც სხვას ეხმარება იმით რაც მას გააჩნია: ეს შეიძლება იყოს დრო ან უბრალოდ მისი ძალა და ენერგია. ამ წლების განმავლობაში შემხვედრიან ისეთი მოხალისეებიც, რომლებიც იმ ადამიანებზე სოციალურად გაჭირვებულები იყვნენ, ვისაც თავად ეხმარებოდნენ. არცერთი მათგანი არ გაღარიბებულა მოხალისეობის გამო. პირიქით, ისინი იღებენ დახმარებას, მხარდაჭერასა და უნარებს, რომლებიც მათ ცხოვრებას მხოლოდ უკეთეს ხდის.
მოხალისეები მოდიან და მიდიან. ბევრი მათგანისთვის ძნელია საკუთარი შრომის შედეგის დანახვა, მაგრამ მე მათ ვხედავ. მე ვხედავ თუ როგორ იცვლებიან ბავშვები, რომლებიც ჩვენთან მოდიან სხვადასხვა ხასიათის, ოჯახისა და გარემოს მიერ მიყენებული ტრავმებით, მოხალისეებთან ურთიერთობის შემდეგ. ისინი გრძნობენ სითბოს, ყურადღებას და პოულობენ მიზეზს, რომ უკეთესებისკენ შეიცვალონ. მოხალისე მოდის და ბავშვს უზიარებს საკუთარ ნაწილს, შემდეგ მოდის მეორე და აკეთებს იმავეს. ისინი თვლიან, რომ მათი წვლილი არის ძალიან პატარა, მაგრამ ბავშვისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
მე თვითონაც ვიყავი მოხალისე. ბავშვთა საზაფხულო ბანაკებში ანიმატორად მიმუშავია, დამირიგებია ტანსაცმელი გაჭირვებულებისთვის და სხვა პროექტებშიც მიმიღია მონაწილეობა. ეს არ არის მარტივი. ძალიან ძნელია არ გაბრაზდე ადამიანზე, რომელიც მოდის შენთან და ყოველთვის მეტს გთხოვს, ან ხანდახან გიყვირის კიდეც. მაგრამ ხალხს სჭირდება ნუგეში, სიყვარულის ჩვენება და იმედი იმისა, რომ ვიღაც მათ გვერდში დგას, რათა მათი ცხოვრება უკეთესობისაკენ შეიცვალოს.
ამ წლის კარიტას ევროპის რეგიონალური კონფერენცია კარგი შანსია იმისათვის, რომ შევჩერდეთ და დავფიქრდეთ ყველაფერზე, რასაც მივაღწიეთ : ყველაფერი რაც გავეცით და ყველაფერი რაც მივიღეთ. კარგი შანსია ერთმანეთის დასახმარებლად, რჩევების მისაცემად და ჩვენივე შეცდომების დასანახად. მხოლოდ ერთ სიტყვას, ერთ ფრაზს, რაღაც ახალს რასაც ვიღებთ, გვესმის ან ვიგებთ, შეუძლია შეცვალოს სხვისი ცხოვრება უკეთესობისკენ.
-ინგა ჩხეიძე, საქართველოს კარიტასის მოხალისეთა ოფიცერი.