გამარჯობა,
მე ვარ ნატალი, უკრაინიდან. 2017 წლის ოქტომბერში გავხდი კარიტასის მოხალისე და ჩემი ისტორია ასე დაიწყო …
ნათლად მახსოვს ის მომენტი, როდესაც თვითმფრინავში ავედი და საქართველოსკენ გამოვემართე. თავში ათასი ფიქრი და აზრი მიტრიალებდა. თითქოს, ეჭვი მოსვენებას არ მაძლევდა და გაურკვევლობის განცდა შიშს მგვრიდა.
პირადად ჩემთვის მოხალისეობა საოცარი რამაა, მაგრამ საქართველომ და ქართველმა ხალხმა, ჩემი საქმიანობა უფრო საოცარი გახადა.
საქართველო დიდებული ქვეყანაა, ამაში თბილისის ქუჩაში მოსეირნე ტურისტებიც აუცილებლად დამეთანხმებიან… რომ მთხოვოთ ქართველების მხოლოდ ერთი სიტყვით დახასიათება, ეს სიტყვა აუცილებლად იქნება – „თბილი“, რადგან ქართველი ხალხი ჩემთვის ყოველთვის „თბილთან“ ასოცირდება. სტუმართმოყვარეობას ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობ. თუ ქართველი რამეში დაგეხმარება, ის ამ საქმეს აუცილებლად მთელი გულითა და სულით მოეკიდება. ასე რომ, არ გაგიკვირდეთ თუ შემთხვევით ქუჩაში გაცნობილი თქვენთვის სრულიად უცხო ადამიანი საკუთარი ოჯახის გასაცნობათ ვახშამზე დაგპატიჟებთ.
„სხვისთვის რაიმეს გაზიარება მათზე ზრუნვას ნიშნავს“ – ეს ის ფრაზაა, რომელიც მოხალისეობაზე ფიქრისას პირველი მომდის გონებაში. ვფიქრობ, რომ ჩვენ, ადამიანებს, რაიმეს სხვისთვის გაზიარება სხვადასხვა გზით შეგვიძლია: მეგობრის დახმარებით, რჩევის მიცემით, ან თუნდაც, უბრალოდ მათ გვერდით ყოფნით. ასე, რომ მოხალისეობა არის ერთ-ერთი მთავარი გზა, რომლითაც ადამიანს შეუძლია საზოგადოებას დახმარების ხელი გაუწოდოს.
მე ძალიან მალე გავხდი კარიტასის დიდი ოჯახის წევრი. საქართველომ მისთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარებით მიმიღო. აქ გავიცანი ბევრი ქართველი ახალგაზრდა სხვადასხვა ისტორიით, პრობლემითა და ცხოვრებისეული გამოწვევით, მაგრამ რასაც ჩემი თვალით ვხედავ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის ის, რომ ეს ახალგაზრდები დიდი ენთუზიაზმით არიან გაერთიანებულნი იმ ერთი იდეის გარშემო, რასაც სხვების დახმარება და სხვებზე ზრუნვა ჰქვია.
მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს კარიტასს ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია მქონდეს შესაძლებლობა დავეხმარო საზოგადოების დაუცველ და მოწყვლად წევრებს. ვიმედოვნებ, რომ აქ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას აუცილებლად სასიკეთოდ გამოვიყენებ.
მომავალ მოხალისეებს კი მთელი გულით გისურვებთ ჩემსავით მიიღოთ საერთაშორისო გამოცდილება – ეს ნამდვილად სახალისოა, მაგრამ რაც ყველაზე მნისშვნელოვანია თქვენ ისწავლით სხვა კულტურის წარმომადგენლებთან კომუნიკაციას.
საქართველოს კარიტასში მე მქონდა შანსი მემუშავა ქართველ, სომეხ, გერმანელ, პოლონელ, იტალიელ და ბაჰრეინელ ხალხთან. როგორც საქართველოს კარიტასის ერთ-ერთი წევრი, მოუთმენლად ველი რეგიონალურ კონფერენციას, რომელიც 2018 წლის მაისში მზიან თბილისში გაიმართება, სხვადასხვა ქვეყნიდან მოხალისეების ჩამოსვლას და მათ დახვედრას.
ნატალი ბლაინდერი, საქართველოს კარიტასის მოხალისე.