საქველმოქმედო ფონდი “საქართველოს კარიტასი“ თავის პირველ ნაბიჯებს საქართველოში დგამს 1992 წლიდან. ამ დროს არის აფხაზეთ-საქართველოს ომი, ქალაქ თბილისში არის უშუქობა, არა გათბობა, არა ცხელი წყალი, ხალხი სასოწარკვეთილია ამ უმძიმესი მდგომარეობით. ქალაქში რიგებია ნავთზე, პურის საყიდლად ღამის 3:00 საათიდან დგებოდნენ რიგებში და ა.შ. ზუსტად ამ მდგომარეობამ დაგვაწყებინა ფიქრი თუ რითი უშველოთ უმწეო მარტოხელებს, მრავალშვილიანებს, ინვალიდებს და სხვა გაჭირვებულ თანამემამულეებს. შედგა მოხალისეთა ჯგუფი და დავიწყეთ პირველ რიგში გაჭირვებული მარტოხელების მისამართების მოძიება და მათი მონახულება. მახსოვს, რომ თითოეული ვიზიტის მერე, აცრემლებული გამოვდიოდი, მათზე ფიქრით. ამ დროს ჩემს ოჯახში აფხაზეთიდან 12 დევნილი ახლობლები იმყოფებოდა და მძიმედ ავადმყოფი ჩემი მეუღლე. როდესაც ბიჭი ბრუნდებოდა უნივერსიტეტიდან სამზარეულოსკენ არც იყურებოდა, რადგან იცოდა, რომ ამდენი ხალხის შენახვა ძალიან ძნელი იყო.
მე ვიყავი თბილსში პეტრე-პავლეს კათოლიკური ეკლესიის მრევლი და ერთ-ერთ კვირა დღის წირვის შემდეგ მომიახლოვდა ჩვენი მრევლი თამარ ტატიშვილი და მითხრა, რომ საქართველოში საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასი“ იხსნება და ორგანიზაციაში გაწევრიანება შემომთავაზა. ასეც მოხდა!!! მე და ბ-ნი გურამ ძოძუაშვილმა, „საქართველოს კარიტასი“-ს დირექტორმა, დავიწყეთ ამ ორგანიზაციაში პირველი ნაბიჯებისა და პროექტებზე ფიქრი.
1993 წელს კი საქართველოში იხსნება უკვე „ვატიკანის საელჩო“, რომლის პირველი ელჩი მოგვევლინა არქიეპისკოპოსი მონს. ჟან პოლ გობელი (ფრანგი) და მისი ასისტენტი პადრე ვიტოლდ შულჩინსკი (პოლონელი). ამ ორმა სასულიერო პირმა, უაღრესად აქტიურებმა და მონდომებულებმა, უკვე 1994 წლის 3 ნოემბრიდან ოფიციალურად დაარეგისტრირეს ჩვენი ორგანიზაცია. რის შემდეგ, აქტიურად დავიწყეთ „საქართველოს კარიტასის“ თავდაპირველი ჰუმანიტარული პროექტების გახორციელება (საკვებისა, ტანსაცმლის დარიგების პუნქტები, ჰუმანიტარული სასადილოები, კასპში და კოჯორში ბავშვთა სახლებში ცხელი კერძების მიწოდება), შემდგომ კი საზაფხულო ბავშვთა ბანაკების მოწყობა ბაკურიანში ყველაზე გაჭირვებული ოჯახებიდან ბავშვთათვის, განურჩევლად მათი სარწმუნეობისა. 1995 წლიდან, დედა ტერეზას დების მონაწილეობით, შემდგომ პროფესიონალი ექიმ-ექთნების დახმარებით გაიხსნა სამედიცინო პუნქტები, ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში და სამცხე-ჯავახეთის სოფლებში, ასევე დაიწყო პროექტი „შინ მოვლის სამსახური“, როგორც თბილისში, ასევე დასავლეთ საქართველოში (ქ. ქუთაისში და ოზურგეთში), სადაც ლოგინს მიჯაჭვულ მარტოხელა მოხუცებს უწევდნენ პროფესიონალურ დახმარებას. მას მერე იხსნება ბავშვთა დღის ცენტრები, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში. თანდათანობით, ორგანიზაცია მძლავრდება, 1997-1999 წლებში ქ. თბილისში ავაშენეთ უსახლკაროთა თავშესაფარი, რომლისთვის მიწის ნაკვეთი მაშინდელმა ქალაქის მერიამ უფასოდ გამოგვიყო. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ 1999 წელს ამ სახლის პირველი ბინადარი მისი გახსნისას იყო რომის პაპი – იოან პავლე II (მისი ისტორიული ვიზიტის დროს საქართველოში), რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა აღნიშნული თავშესაფრის დაფინანსებაში.
თანდათანობით „კარიტასი“ ამყარებს კარგ ურთიერთობას სახელმწიფო სტრუქტურებთან, რომლებიც პერიოდულად თვითონ მოგვმართავდნენ ამა თუ იმ დახმარების გაწევის თხოვნით. ასე მაგალითად, 1999-2000 წელს გვალვით დაზარალებული სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოსახლეობისთვის განხორციელდა გრანდიოზული ჰუმანიტარული პროექტი. 2002 წელს ქ. თბილისში მომხდარ მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სკოლები და საბავშვო ბაღების აღდგენის პროექტი განხორციელდა, ანუ გადავედით უკვე განვითარების პროექტებზე. რეგიონებში წყალდიდობით, დიდთოვლობით და სეტყვით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისა და მათი სახლების სახურავების აღდგენითი სამუშაოების ჩატარდა. შემდგომ, ქ. ბათუმში კი მონს. ჯუზეპე პაზოტოს, მამა გაბრიელე ბრაგანტინისა და მონაზონი ლორედანა მონეტის მონდომებით, გაიხსნა პროექტი „უსახლკაროთა ღამის თავშესაფარი“, შემდგომ ხელვაჩაურში პროექტი „იმედის სახლი“, ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანებისთვის. ქ. თბილისში კი დაფუძნდა მარტოხელა მოხუცთა დღის ცენტრი „ჰარმონია“.
2003 წლიდან დაიწყო ერთ-ერთ მნიშვნელოვანი განვითარების, კერძოდ წყალმომარაგების გრანდიოზული პროექტის განხორციელება სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 22 სოფელში.
2008 წლის სამაჩაბლოს ომის შედეგად განადგურებული სხვადასხვა სოფლებში საბავშვო ბაღების აღდგენითი სამუშაოების განხორციელება მოჰყვა, ასევე ქ. გორში ისეთ უბანში, რომელიც იყო დასახლებული დევნილებით (წმინდაწყალი), ავაშენეთ და მთლიანად აღიჭურვა ახალი საბავშვო ბაღი. ასევე იმ დროისთვის ძალიან დიდი ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება გაეწია დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას.
არ შემიძლია არ ავღნიშნო პადრე ვიტოლდის ღვაწლი ჩვენი ორგანიზაციის ზრდაში და განვითარებაში და ასევე ვატიკანის ელჩების საქართველოში (მონს. ჟან პოლ გობელის,მონს. ძიურბრიგენის და მონს. გუჯეროტის). ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო ზემოჩამოთვლილი ყველა განხორცილებული პროექტების დამფინანსებელი დონორი ორგანიზაციები.
ჩემთვის კარიტასი არის ოჯახი. პირადად მე, სახლშიც და სამსახურში ვარ კარიტასში!!! კარიტასი არის თანადგომა, საქმიანი სიყვარული, ზრუნვა გაჭირვებულებზე ან უსახლკაროებზე, ბავშვი იქნება თუ ხანდაზმული, განურჩევლად მათი სარწმუნოებისა თუ წარმომავლობისა.
ნაზი კვარჩია – ორგანიზაციის დაარსებიდან 15 წლის მანძილზე – „საქართველოს კარიტასი“-ს დირექტორის მოადგილე, ხოლო 2012 წლიდან – ამავე ორგანიზაციის ადმინისტრაციული კოორდინატორი.